ბრიტანეთი ევროპას შორდება?

ბრიტანეთი ევროპას შორდება?

ახლა, როდესაც ბრიტანელმა ამომრჩეველმა დევიდ კემერონსა და მის კონსერვატორებს საპარლამენტო უმრავლესობა გაუნაღდა, რაც შედარებით მშვიდ ხუთწლედს მოასწავებს, ყურადღების ცენტრში ბრიტანეთის ევროკავშირთან ურთიერთობა მოექცა.

აშშ–ში ყოველთვის ერჩივნათ, ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი და, შეძლებისდაგვარად, ლიდერიც ყოფილიყო ევროგაერთიანების პოლიტიკისა და სამომავლო ხედვის განსაზღვრაში. ამერიკელების უმრავლესობა არ ინტერესდება ევროკავშირის სტრუქტურის დეტალებით, თუმცა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში მკაფიო ხედვა აქვთ, თუ როგორი ევროპა ურჩევნიათ: ფედერალური წარმონაქმნი ერთიანი საკანონმდებლო, ეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკით, სადაც ბრიტანეთს ცენტრალური ადგილი უკავია.

ეჭვი მაქვს, ამ ხედვის მიზეზი შემდეგია: აშშ–სთვის ბევრად იოლი იქნებოდა ფედერალიზებულ ევროპასთან ურთიერთობა, სადაც ბრიტანეთი წამყვანი მოთამაშეა და თამაშის წესებს კარნახობს, ვიდრე სახელმწიფოების დღევანდელ კონგლომერატთან, სადაც ყველა საკუთარი ინტერესების შესაბამისად ქაჩავს თოკს. ზოგიერთი ამერიკელი დიპლომატი ნამდვილად ასე ხედავს ევროკავშირთან პარტნიორობის პერსპექტივას: “განსაკუთრებული ურთიერთობის” (აშშ–სა და ბრიტანეთის ურთიერთობის ჩერჩილისდროინდელი ფორმატი) განახლებული ფორმა გაერთიანებასთან, სადაც გაერთიანებული სამეფო ანგლოსაქსური პრინციპების საფუძველზე წარმართავს საერთაშორისო და ეკონომიკურ პოლიტიკას და სხვა ქვეყნების “განმანათლებლის” როლს ასრულებს.

მაგრამ ეს მხოლოდ ფანტაზიაა: ევროპა ასეთი არაა და არასოდეს იქნება. აშშ–ის შექმნის ისტორიასთან ანალოგიებიც არასწორია. დამფუძნებელ მამებს, ენასთან ერთად, კანონ- მდებლობის, საზოგადოებრივი წყობისა და ტრადიციების ისტორია აკავშირებდა. მათ შეეძლოთ კონსტიტუციის საფუძვლები იმავე ცნებებითა და სულისკვეთებით განეხილათ, რომლებიც ბრიტანულ პარლამენტში საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა.

დამფუძნებელი მამების ნაწილს მიაჩნდა, რომ ძირეულად ახალს არაფერს აკეთებდა — ისინი უბრალოდ ზრუნავდნენ წარმომადგენლობითი ინსტიტუტების ერთობლიობის აღდგენაზე, რომელიც ბრიტანეთის მეფე გეორგ მესამემ და მისმა მინისტრებმა დაამახინჯეს. ისინი საათის ისარს უკან, მე–17 საუკუნის შუა წლების დიდებული დღეებისკენ ატრიალებდნენ, როდესაც მეფე პარლამენტის დადგენილებით დასაჯეს და ქვეყანას ხალხის წარმომადგენლები მართავდნენ.

ევროპელები, რომლებმაც ევროკავშირი დააარსეს, მას ბრიუსელიდან მართავენ და გაერთიანების ფედერალურ სტრუქტურას აყალიბებენ, ძალიან განსხვავებულ ინტელექტუალურ ტრადიციებს ეყრდნობიან. ეს ტრადიცია ვიწრო, ბიუროკრატიულ, ფორმალურ, ულტრალეგალისტურ (ხისტი კანონმდებლობის მოყვარულ) და ძირეულად არადემოკრატიულ აზროვნებაზეა აგებული.

ევროკავშირი საფრანგეთისა და გერმანიის გარიგების ნაყოფია, რომელთაგანაც არც ერთს არ ჰქონდა დემოკრატიული ინსტიტუტების დიდი ტრადიცია. ორივე ეს ქვეყანა ძლიერ, ცენტრალიზებულ ხელისუფლებასა და ბიუროკრატიულ ერთფეროვნებასაა მიჩვეული. ბრიტანული თავისუფლების დიდი ქარტია მათთვის არაფერს ნიშნავს. აშშ–ის უფლებათა ბილი მათი ისტორიის ნაწილი არაა. ისინი ლუი მეთოთხმეტის, ნაპოლეონისა და ბისმარკის სულიერი მემკვიდრეები არიან. მათი ინსტინქტი მორჩილება, ერთიან ხაზთან თანხმობა და სახელმწიფოს მსახურებაა. ვროკავშირის წესების მიღმა ფილოსოფიური და იდეოლოგიური პრინციპების ფესვები რომაულ სამართალშია, რომელიც აშშ–ის კონგრესსა თუ ბრიტანულ თემთა პალატაში ნამსახურევი ადამიანისთვის საკმაოდ უცხო იქნებოდა.

კავშირების შესუსტება

დევიდ კემერონი ბრიტანეთის ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხის რეფერენდუმზე გატანას გეგმავს. დეტალები ჯერ განსაზღვრული არაა, მაგრამ რეფერენდუმი ევროკავშირის არსებულ წესებსა და გაერთიანების სამომავლო ფორმებს შეეხება. ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, მიაღწევს თუ არაკემერონი ბრიუსელთან მოლაპარაკების არსებული წესების შეცვლას. ჩემი ვარაუდით, ვერ მიაღწევს. ამ შემთხვევაში, რეფერენდუმის საკითხი იქნება, სურთ თუ არა ბრიტანელებს ევროკავშირის სრული წევრობის გაგრძელება. სავარაუდოდ, ისინი უარყოფით პასუხს გასცემენ, თანაც დიდი უმრავლესობით.

ერთ–ერთი ფაქტორი, რომელიც ამ შედეგს განაპირობებს, ამერიკული და ბრიტანული ეკონომიკების განვითარების მაჩვენებლებია (განსაკუთრებით, 2008 წლის კრიზისის შემდეგ). ორივეს საგრძნობლად უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე მთლიანობაში ევროკავშირს. ამის მიზეზი რეგულაციებისგან შედარებითი თავისუფლებაა, ევროზონის წევრებისთვის დაწესებული შეზღუდვების ფონზე.

სულ უფრო მეტი ბრიტანელი პოლიტიკოსის აზრით, ბოლო წლებმა დაადასტურა წარმოდგენა, რომ ბრიტანულ და ამერიკულ ეკონომიკებს მეტი აქვთ საერთო ერთმანეთთან, ვიდრე რომელიმე მათგანს – ევროკავშირთან. ეს ბევრი ვარიანტის მქონე ძველ გამოთქმას მახსენებს, რომ “ეკონომიკურად, ლა-მანშის სრუტე ატლანტის ოკეანეზე ფართოა”.

ამიტომ მჯერა, რომ ბრიტანეთის მიერ ევროპასთან ბევრად თავისუფალი ურთიერთობის არჩევა გარდაუვალია.. სანახავია, რა გავლენა ექნება ამას ევროპაზე. ჩემი ვარაუდია, რომ ბრიტანეთს სხვა ქვეყნებიც მიჰბაძავენ. ამ შემთხვევაში, ევროპა მიიღებს გაკვეთილს, რომ ზედმეტად ამბიციურ ფედერალიზაციას კარგი შედეგი არ მოაქვს.