ფოტო: Carl Court/Getty Images
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ჯონ ჰეილის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო „უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სიის“ (PURL) ინიციატივის ფარგლებში უკრაინისათვის ამერიკული იარაღის გადასაცემად $205 მილიონს გამოყოფს.
შეგახსენებთ, აღნიშნული ინიციატივა გასულ წელს, აშშ-ის სამხედრო დახმარების შეჩერების ფონზე უკრაინისათვის ამერიკული შეიარაღების უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად დაფუძნდა. სქემა უკრაინის პარტნიორებს ამერიკული თავდაცვის სისტემებისა და სხვა სახის სამხედრო შეიარაღების უკრაინისათვის შესყიდვის დაფინანსების შესაძლებლობას აძლევს.
„ჩვენ ერთად უნდა მივაწოდოთ უკრაინას კრიტიკული მნიშვნელობის საჰაერო თავდაცვის შეიარაღება, რომელიც მას პუტინის აგრესიისაგან თავის დასაცავად სჭირდება“, – განაცხადა ჯონ ჰეილიმ.
ნატოში აშშ-ის ელჩის, მეთიუ უიტეკერის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში პარტნიორებმა ამ დრომდე $4.5 მილიარდის ღირებულების შეიარაღების შესყიდვა დააფინანსეს.
აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისათვის იარაღის მიწოდება თითქმის სრულად შეაჩერა. ტრამპი უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ შეერთებული შტატები უკრაინას შეიარაღებას თითქმის უსასყიდლოდ ან ძალიან გრძელვადიანი სესხით აწვდიდა, მაშინ როდესაც ევროპელი პარტნიორები იმავეს არ აკეთებდნენ.
ამ მიზეზით, ტრამპმა წარმოადგინა ინიციატივა, რომ უკრაინისათვის დახმარების გაწევის მსურველებს შეიარაღება სწორედ აშშ-ისგან შეესყიდათ და უკრაინისათვის ისე გადაეცათ.
ომის დაწყებიდან თითქმის ოთხი წლის თავზე, უკრაინის მთავარი პარტნიორები სამხედრო და უსაფრთხოების მიმართულებით სწორედ აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია არიან.














