ბრიტანეთში ჟულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხს განიხილავენ

ბრიტანეთში ჟულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხს განიხილავენ

მიმდინარე კვირაში, ბრიტანეთის სასამართლო WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჟულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს. WikiLeaks-ზე ათასობით კლასიფიცირებული სამხედრო-სადაზვერვო დოკუმენტის გამოქვეყნების ბრალდებით დაკავებული ჟულიან ასანჟი აშშ-ში ექსტრადიციას ასაჩივრებს, სადაც მას შპიონაჟში სდებენ ბრალს.

ლონდონის უზენაეს სასამართლოში ორდღიანი მოსმენა გაიმართება, სადაც გადაწყვეტენ, აქვს თუ არა ჟულიან ასანჟს მისი აშშ-ში ექსტრადიციის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. ასანჟის მეუღლის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას პატიმრისთვის სამკვდრო-საციცოცხლო მნიშვნელობა ექნება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბელმარშის საპატიმროში, სადაც ის 2019 წლიდან იხდის სასჯელს, სულ უფრო უარესდება.

დღეს დაგეგმილი მოსმენა ჟულიან ასანჟის უკანასკნელი მცდელობაა, თავი აარიდოს მის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ წარდგენილ 17 ბრალდებას შპიონაჟისთვის და ერთ ბრალდებას კომპიუტერის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენებისათვის.

ჟულიან ასანჟის იურისტების განმარტებით, გასაჩივრების წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, WikiLeaks-ის დამფუძნებლის აშშ-ში ექსტრადიციას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) გაასაჩივრებენ საფუძვლით, რომ აშშ-მა საქმის ფაქტები დამახინჯებით წარმოადგინა და ექსტრადიციის მოთხოვნა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა.

ჟულიან ასანჟი და მისი მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ WikiLeaks-ში ათასობით კლასიფიცირებული დოკუმენტის გამოქვეყნება აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით უნდა იყოს დაცული, რადგან ის დოკუმენტების გამოქვეყნებისას ჟურნალისტის როლს ასრულებდა.

ჟულიან ასანჟმა WikiLeaks-ი 2006 წელს დააფუძნა და ვებგვერდზე სხვადასხვა გზით მოპოვებულ, გაჟონილ კლასიფიცირებულ ინფორმაციას ათავსებდა. ვებგვერდზე განთავსებულ მასალებს შორის იყო აშშ-ის არმიის 238-გვერდიანი სტანდარტული ოპერაციული პროცედურა (SOP) „გუანტანამოს ციხის“ შესახებ. 2010 წელს ასანჟმა, აშშ-ის არმიის ყოფილ წევრთან, ჩელსი მენინგთან ერთად, პენტაგონის კომპიუტერიდან ამერიკული სამხედრო აქტივობების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია მოიპოვა და გაასაჯაროვა. გავრცელებულ მასალებში აშშ-ის მიერ ავღანეთსა და ერაყში სამხედრო აქტივობების შესახებ კლასიფიცირებული ინფორმაცია გვხვდებოდა.

ჩელსი მენინგი 2013 წელს შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს, ასანჟი კი სისხლის სამართლის ბრალდებას წლების განმავლობაში გაურბოდა, ვიდრე 2019 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მას კლასიფიცირებული ინფორმაციის გავრცელებისათვის ბრალს წარუდგენდა. 2019 წლამდე ჟულიან ასანჟი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა. 2019 წელს ეკვადორის პრეზიდენტმა თავშესაფრის შესახებ მისი მოთხოვნა გააუქმა და იგი ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა.