ბრიტანულ კომპანიებს კვლავ უწევთ ბრექსიტის შედეგებთან გამკლავება

ბრიტანულ კომპანიებს კვლავ უწევთ ბრექსიტის შედეგებთან გამკლავება

Financial Times-ისთვის ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბრექსიტის შემდგომი სავაჭრო წესების შეცვლა ბრიტანული კომპანიების მესამედზე უარყოფითად აისახა. გარდა ამისა, იმ კომპანიების 17%-მა, რომლებიც წინა წლების განმავლობაში აქტიურად ვაჭრობდნენ ევროკავშირთან, 2021 წლის დასაწყისში სრულად შეწყვიტა ევროპის სხვა ქვეყნებში თავიანთი პროდუქტების ექსპორტი. ასევე აღსანიშნავია, რომ ვაჭრობასთან დაკავშირებული ცვლილებებით ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესები დაზარალდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ, 24 დეკემბრის სავაჭრო ხელშეკრულების მიხედვით, ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა შესაძლებელია კვოტებისა და ტარიფების გარეშე, ახალი რეგულაციები დამატებითი კონტროლის, ხარჯებისა და ბიუროკრატიის გამო კომერციაზე ნეგატიურად აისახა. კერძოდ კი მნიშვნელოვნად გაიზარდა გადაზიდვის ხარჯები. მაღალი ხარჯების თავიდან ასარიდებლად, კომპანიების მეოთხედს თანამშრომლებისა და საწყობების ნაწილის სხვა ქვეყნებში გადაადგილება მოუწია.

გამოკითხული 1354 კომპანიიდან დაახლოებით 25%-ისთვის შემცირდა იანვრის თვის ბრუნვა. აღსანიშნავია, რომ 6 თვის შემდეგ ეს მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა. კერძო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ Brexit-ის შემდგომ სავაჭრო გამოწვევებთან გამკლავება დღემდე უწევთ. მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ უკვე მოახერხეს საწყისი დაბრკოლებების მცირე ნაწილის გადალახვა. გარდა ამისა, მენეჯერების 17%-ს მიაჩნია, რომ ბრექსიტი დადებითად აისახა მათ ბიზნესში ინვესტირების მაჩვენებელზე.

ბრექსიტის შედეგად ასევე შეიზღუდა ქვეყნებს შორის თავისუფალი გადაადგილების უფლებაც, რამაც ბრიტანეთში შრომითი რესურსების დეფიციტი გაამწვავა. კომპანიების 17% აღნიშნავს, რომ მათ დაკარგეს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, ხოლო კომპანიების 10% დაბალკვალიფიციური პერსონალის დანაკლისს განიცდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *