ბრიტანული კვლევის მიხედვით, კოვიდვაქცინების შერევა დასაშვებია

ბრიტანული კვლევის მიხედვით, კოვიდვაქცინების შერევა დასაშვებია

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდ-19-ის შერეული ვაქცინები კვლავაც ეფექტიანია და ორგანიზმს სათანადო იმუნური პასუხის გამომუშავებაშიც ეხმარება.

კვლევა 50 წელს გადაცილებულ 850 მოხალისეზე ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეები სამ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფი ორი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინით, მეორე ორივე „ასტრაზენეკათი“, ხოლო დანარჩენი შერეული „ასტრაზენეკა“-„ფაიზერით“ აცრეს. საბოლოოდ, ყველაზე ნაკლებად ეფექტიანი „ასტრაზენეკას“ ორდოზიანი ვარიანტი აღმოჩნდა,  ყველაზე ეფექტიანი კი „ფაიზერის“ ორდოზიანი ვაქცინა. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ოთხკვირიანი შუალედით გაკეთებული შერეული ვაქცინები ანტისხეულების მაღალი რაოდენობით წარმოქმნას უწყობს ხელს. თუმცა მკვლევრები იმასაც აღნიშნავენ, რომ ვაქცინების განსხვავებული კომბინაციებით შერევა ორგანიზმს ვირუსისგან სხვადასხვა ხარისხით იცავს.

აღნიშნული კვლევით მტკიცდება, რომ ქვეყნებს შეუძლიათ, ვაქცინაციის პროცესის დაგეგმვისას მეტად მოქნილნი გახდნენ. შერეული ვაქცინაციის პოლიტიკით შესაძლებელი გახდება თავად ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება და მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების ეფექტის შემსუბუქებაც. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო შერეული ვაქცინაციის პროცესი. მაგალითად, ესპანეთი და გერმანია ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფს, რომელსაც მანამდე „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ჰქონდა მიღებული, მეორე დოზად „ფაიზერს“ ან „მოდერნას“ სთავაზობს. მსგავსად, კანადამაც შეცვალა სამოქმედო გეგმა და რეკომენდაცია გასცა, „ასტრაზენეკათი“ დაწყებული ვაქცინაციის პროცესი ან „ფაიზერით“ ან „მოდერნათი“ დაესრულებინათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *