ბრიტანული სტარტაპი, რომელსაც ქართველი საოპერაციო დირექტორი ჰყავს, პირველი საინვესტიციო რაუნდის შემდეგ ზრდას $750,000-ით განაგრძობს

ბრიტანული სტარტაპი, რომელსაც ქართველი საოპერაციო დირექტორი ჰყავს, პირველი საინვესტიციო რაუნდის შემდეგ ზრდას $750,000-ით განაგრძობს

ბრიტანულმა ჯანტექ სტარტაპმა PCL Health, რომლის წილის მფლობელი და საოპერაციო დირექტორი თორნიკე ასათიანია, პირველი საინვესტიციო რაუნდი წარმატებით დახურა და ზრდას $750,000-ის ოდენობის თანხით გააგრძელებს.

PCL Health ინოვაციური B2B SaaS კომპანიაა, რომელიც ჯანმრთელობის დისტანციურად მონიტორინგისა და მართვის პლატფორმას ქმნის. PCL-ის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ დისტანციურად აკონტროლონ საკუთარი მშობლების თუ სხვა ასაკოვანი ნათესავების ჯანმრთელობა და სისტემაში ჩართული ექიმის დახმარებით დროულად გაუმკლავდნენ შესაძლო საფრთხეებს. პლატფორმის ციფრული ეკოსისტემა მოიცავს მობილურ აპლიკაციებს პაციენტებისა და ნათესავებისთვის, ონლაინ პორტალს ექიმებისთვის, პლანშეტის პროდუქტს ასაკოვანი ადამიანებისთვის და სენსორულ ხელსაწყოებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება სასიცოცხლო მაჩვენებლების მუდმივი გაზომვა და კონტროლი.

ჯანმრთელობის დისტანციურად მართვისა და პრევენციული ტექნოლოგიების სფერო სწრაფად ვითარდება საერთაშორისო ბაზრებზე. განსაკუთრებით Covid-19 პანდემიის შემდეგ. ბრიტანეთში ათეულობით ინოვაციური სტარტაპი ცდილობს გააციფრულოს ისეთი მნიშვნელოვანი ჯანდაცვის ეტაპები, როგორიცაა ექიმთან ვიზიტი, სასიცოცხლო მაჩვენებლის გაზომვა და პაციენტის მდგომარეობაზე უწყვეტი დაკვირვება. პანდემიამ ამ სფეროს განვითარებას ხელი შეუწყო, რადგან აუცილებელი გახდა ფიზიკური კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანა და ციფრული ხელსაწყოებით პაციენტებთან ურთიერთობა.

თორნიკე კომპანიას 2019 წლის სექტემბერში შეუერთდა როდესაც მან London Business School-ის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო. მან კომპანიის დამფუძნებელი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელის მეშვეობით გაიცნო და მალევე სრულ-განაკვეთზე შეუერთდა ინოვაციური კომპანიის განვითარებას. მისი ძირითადი მიმართულებაა კომპანიის საოპერაციო მართვა, ისევე როგორც ინვესტორების მოძებნა, საინვესტიციო დოკუმენტების (ბიზნეს გეგმა, ფინანსური პროგნოზები და ა.შ) მომზადება და ინვესტორებისთვის კომპანიის ხედვის მიყიდვა. 2021 წლის 31 აგვისტოს კომპანიამ წარმატებით დახურა პირველი საინვესტიციო (Seed) რაუნდი და ახლა გუნდის გაზრდასა და კორპორატიული კლიენტების მოძიებას აქტიურად განაგრძობს.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ: www.pcl-health.com

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *