₾50 მილიონის ინვესტიცია, კინეტიკური ფასადი და ერთ პროექტში გაერთიანებული საოფისე, სპორტული და დასასვენებელი სივრცეები. ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ბიზნესმენი დავით კოპაძე ახალ მრავალფუნქციურ პროექტს, FRIDA-ს აშენებს. კომპლექსის მთავარი იდეა მარტივია: დაზოგოს დრო და ერთ სივრცეში გააერთიანოს ცხოვრების ყველა მისწრაფება – საქმიანი ცხოვრება, სპორტი, გართობა და დასვენება.
ავტორი: ანა გელაშვილი
ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ცენტრალური პარკის (ყოფილი იპოდრომის) მოპირდაპირედ, მშენებარე შენობის ფასადი ნიავის ყოველ წამოქროლაზე ცოცხლდება: უჟანგავი ფოლადის ფირფიტები მსუბუქად ირხევა და შექმნილი სანახაობა გიბიძგებს, ცოტა ხნით შეჩერდე და დააკვირდე. მზიან ამინდში შენობა ერთ ფერს იღებს, ღრუბლიანში — სულ სხვას. მსოფლიოში ასეთი ფასადები კლიმატურ პირობებზე რეაგირებისთვის ან შენობისთვის ცვალებადი ვიზუალის მისანიჭებლად იქმნება, საქართველოში მსგავსი არქიტექტურა სიახლეა.
37 წლის ბიზნესმენი დავით კოპაძე ყოფილი ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე კომპლექსს აშენებს, რომლის გახსნაც 2027 წელს იგეგმება. FRIDA საოფისე სივრცეებს, ჩოგბურთისა და პადელის კორტებს, 50-მეტრიან აუზსა და კაფე–რესტორნებს გააერთიანებს. პროექტის საწყისი ბიუჯეტი 30 მილიონი ლარი იყო, კოპაძის მიმდინარე შეფასებით კი 45–50 მილიონს აღწევს. პროექტი საკუთარი კაპიტალითა და „თიბისი ბანკის“ სესხით ფინანსდება.
კოპაძის გათვლა ქალაქში გადაადგილების სირთულეს ეყრდნობა: სამუშაოს, ვარჯიშისა და დასვენების ერთ სივრცეში მოქცევით FRIDA ადამიანებს სხვადასხვა საქმიანობისთვის დროის უკეთ განაწილების შესაძლებლობას სთავაზობს. პროექტის კონცეფცია სწორედ ამ ფუნქციების გაერთიანებას ეფუძნება, რასაც მისი გზავნილიც — „სადაც მისწრაფებები ერთიანდება“ — გამოხატავს. ბიზნესმოდელის თვალსაზრისით, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები ერთმანეთისთვის დამატებითი მომხმარებლების მოზიდვისა და განმეორებითი ვიზიტების წახალისების შესაძლებლობას ქმნის. FRIDA-ს გუნდი დღეში 3,000-დან 5,000-მდე ვიზიტორს ელის.
„ქალაქში გადაადგილება სულ უფრო რთულდება და ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლას დიდი დრო მიაქვს. FRIDA-ს იდეა ამ დროის დაზოგვაა“, — ამბობს კოპაძე.
ურბანული ჩვევების ცვლილებასთან ადაპტაცია კოპაძისთვის ნაცნობი გამოწვევაა. მისი ბიზნესსაქმიანობა შარდენის ბარებით დაიწყო, მოგვიანებით კი, როცა ქალაქის რიტმი შეიცვალა, პორტფელს ბუტიკ–სასტუმროები და რიყის პარკის საჰაერო ბურთი შეემატა. სხვადასხვა კონცეფციის შექმნისა და მართვის ეს გამოცდილება ახლა FRIDA-ში ერთიანდება, თუმცა ახალი პროექტი სრულიად განსხვავებულ ამოცანას აჩენს: მიზანი მხოლოდ მიმზიდველი ლოკაციის შექმნა კი არა, ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივ ნაწილად ქცევაა.
კოპაძე ექიმისა და ინჟინრის ოჯახში, 1990-იან წლებში გაიზარდა. „ჩემზე ვერავინ იტყვის, რომ ფული ბნელ 90-იანებში ვიშოვე“, — ხუმრობს ის. დენისა და წყლის გათიშვას ჩვეულებრივ მოცემულობად აღიქვამდა. ოჯახში ემიგრაციაზეც ფიქრობდნენ. საქართველოში დარჩენის გადაწყვეტილებას დღეს ასე ხსნის: „აქაც შეიძლება ისეთი საქმის კეთება, რომელიც ადამიანების ცხოვრებას გააუმჯობესებს“.
პირველი ცდა 2009 წელს ჰქონდა. მაშინ შარდენი ქალაქის ერთ–ერთი მიმზიდველი ადგილი იყო. საკუთარი დანაზოგითა და ნასესხები ფულით კოპაძემ მეგობართან ერთად ბამბის რიგში, მისივე აღწერით, „ცარიელ ბეტონზე“ საზაფხულო ბარი გახსნა. სამზარეულო არ ჰქონდათ და საკვების შეკვეთებზე მეზობელ ობიექტებს შეუთანხმდნენ. სეზონის ბოლოს ვალები დაფარეს; თითოეულს დაახლოებით 10,000 ლარი დარჩა. მომდევნო ზაფხულს დაბრუნდნენ.

შემდეგ იყო კლუბი „სეიფი“ და მომდევნო წლებში შექმნილი 35-მდე ობიექტი, უმეტესად პარტნიორებთან ერთად. „საქმისმარტო კეთება არ მიყვარს“, — ამბობს კოპაძე. მისი თქმით, კონცეფციას არ იმეორებდა: ყოველ ახალ ობიექტს საკუთარი დიზაინი, მენიუ და იდეა უნდა ჰქონოდა.
2014 წლიდან კოპაძის საქმიანობას სასტუმროებიც დაემატა. ბოტანიკურის ქუჩაზე გახსნილ „ქისს“ ვაზის ჯიშის სახელი დაარქვა და შესასვლელში ღვინის პატარა საცავი მოაწყო. მოგვიანებით „ფოლკიც“ გახსნა, რომლის ფოიეში XVII–XVIII საუკუნეების ქართული სამოსის ესკიზებია გამოფენილი. განსხვავებული კონცეფციის ძიება „ქარვასლაშიც“ გაგრძელდა, სადაც ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლმა ახალი ფუნქციის შეძენის პარალელურად არქიტექტურული ავთენტურობა შეინარჩუნა. მოგვიანებით კოპაძის პორტფოლიო საცხოვრებელი უძრავი ქონებითაც გაფართოვდა — დეველოპერული პროექტით „ისტორია“, რომელიც ბუტიკური სასტუმროებისგან განსხვავებულ მასშტაბსა და მიდგომას მოითხოვდა. საქმიანობის სფეროებისა და პროექტების მასშტაბის ცვლილების მიუხედავად, ბიზნესმენის ხედვაში ერთი ხაზი იკვეთება: თითოეულ სივრცეს საკუთარი კონცეფცია და იდენტობა უნდა ჰქონდეს.
ამასობაში ქალაქში ახალი გასართობი ადგილები გაჩნდა და შარდენის მიმზიდველობა შესუსტდა. კოპაძეს რამდენიმე ობიექტის დახურვა მოუწია; სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობამ ამ ცვლილებასთან გამკლავებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. „ასეთ დროს საკუთარ თავს სწორი კითხვები უნდა დაუსვა და გულწრფელად უპასუხო“, — ამბობს ის. ამ გამოცდილებამ ცხადყო, რომ ბიზნესის წარმატებას მხოლოდ პოპულარული ლოკაცია არ განსაზღვრავს — მნიშვნელოვანია ცვლილებების დროულად დანახვა, მომხმარებლის ახალი საჭიროებების გააზრება და მათზე რეაგირების უნარი.
რიყის პარკის საჰაერო ბურთის იდეა თაფლობის თვეში, ორლანდოს Disney Springs-ში გაჩნდა. „ვიდეო გადავიღე და ვიფიქრე, ეს თბილისში უნდა ჩამოვიტანოთ, რიყის პარკში საოცრება იქნება–მეთქი“, — იხსენებს კოპაძე.
იდეის განხორციელებას ორი წელი დასჭირდა: საჭირო იყო მერიასთან, საკრებულოსთან და ფრანგულ მწარმოებელ Aerophile-თან შეთანხმება. ქარის სიჩქარეზე დაწესებული შეზღუდვების გამო ბოლო 50 წლის მეტეოროლოგიური მონაცემები შეისწავლეს. კოპაძის თქმით, თავდაპირველად ბათუმსაც განიხილავდნენ, თუმცა კლიმატური კრიტერიუმების გამო ეს ვარიანტი გამოირიცხა. ბურთი რიყის პარკში 2020 წელს აფრინდა და, მწარმოებლის მონაცემებით, კავკასიაში პირველი მსგავსი ატრაქციონი გახდა. მას ქართული კომპანია მართავს; პილოტები საფრანგეთში გადამზადდნენ, ტექნიკურ უსაფრთხოებას კი ფრანგი სპეციალისტები ყოველწლიურად ამოწმებენ.
FRIDA-ს შემთხვევაში კონცეფციის საზღვრების ნაწილი თავად ნაკვეთის ისტორიამ განსაზღვრა. ტერიტორია 2009 წელს საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად გასხვისდა, თუმცა ადგილობრივები სპორტული ფუნქციის დაკარგვას ეწინააღმდეგებოდნენ. 2020 წელს მერიამ მიწა გაცვლით დაიბრუნა და სპორტული დანიშნულების შენარჩუნების პირობით აუქციონზე გამოიტანა.
პირველი აუქციონი უშედეგოდ დასრულდა. 2021 წელს, განმეორებით აუქციონზე, ნაკვეთი შპს „კორტებმა“ შეიძინა, რომელსაც დავით კოპაძე ფლობს. პირობა, სულ მცირე, სამი კორტის მოწყობასა და 5 მილიონი ლარის ინვესტიციას ითვალისწინებდა. FRIDA-ს ამჟამინდელი ბიუჯეტი ამ მინიმალურ ვალდებულებას ცხრა–ათჯერ აღემატება.
სპორტული დანიშნულება პროექტში ყოველდღიური მოხმარების სხვა ფუნქციებს დაუკავშირდა. ჩანაფიქრით, ჩოგბურთის შემდეგ სტუმარს აუზზე ასვლა და მეგობრებთან შეხვედრა შეეძლება; ოფისის თანამშრომელს სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სავარჯიშოდ სხვაგან წასვლა აღარ დასჭირდება. სივრცეები ისეა დაგეგმილი, რომ სხვადასხვა საქმიანობით დაკავებულმა მომხმარებლებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. პროექტის არქიტექტორი გიორგი ხმალაძე კომპლექსს „ფუნქციების სენდვიჩს“ უწოდებს.
ამ ფუნქციების ერთ შენობაში თავმოყრა ძვირი აღმოჩნდა. კოპაძე ბიუჯეტის ზრდას რთულ საინჟინრო გადაწყვეტილებებს უკავშირებს. განსაკუთრებით ხარჯიანი ზედა სართულებზე აუზის მოწყობაა: 50-მეტრიან აუზს მოძრავი სახურავი და დიდი საზაფხულო ტერასები ექნება, სახურავის საყრდენებს შორის დაშორება კი 35 მეტრს აღწევს.
შენობის ზედა ნაწილს კინეტიკური ფასადი ფარავს, რომლის იდეაც ხმალაძეს ეკუთვნის. „სპორტულ–გამაჯანსაღებელ კომპლექსს ვგეგმავდით, მოძრაობა და დინამიკა კი სპორტთან ახლო თანხვდენაშია — ამბობს ის. — ამ სარტყლის მიღმა აუზის წყალია და ფასადი თავისი მოძრაობით წყლისმაგვარ მოლივლივე ზედაპირს ქმნის“. მეტალის ფირფიტები სამუშაო სივრცეებისთვის ფარდის ფუნქციასაც ასრულებს.
„მსგავსი კონსტრუქციის პირდაპირ შენობის ზედა სართულებზე მოწყობა ტექნიკურად ძალიან რთული და დიდ დანახარჯებთან დაკავშირებული პროცესია“, — ამბობს კოპაძე. ამ არჩევანს ასე ასაბუთებს: „როდესაც რაღაცას ქმნი, აუცილებლად მომავლის სტანდარტებით უნდა ააშენო“.
აუზის ზემოთ „ატანას” არქიტექტურული მიზეზიც ჰქონდა. „ტერასებისა და აუზის საავტომობილო გზებიდან დაშორებამ მეტი სიმყუდროვე და ხმაურისგან დაცულობა მოიტანა, — განმარტავს ხმალაძე. — აუზში ყოფნისას ურბანული გარემო პრაქტიკულად არ ჩანს: ხედი ტერასით იწყება და ცენტრალურ პარკს გადაჰყურებს“.
საინჟინრო სირთულემ და არქიტექტურულმა დეტალებმა პროექტის ბიუჯეტი თავდაპირველ გათვლასთან შედარებით 15–20 მილიონი ლარით გაზარდა. დეველოპერისთვის ეს გრძელვადიანი გათვლაა: სტანდარტული კომერციული შენობის ნაცვლად შეიქმნას გამორჩეული ინფრასტრუქტურა, რაც კომპლექსის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად უნდა იქცეს. ამ ინვესტიციის ეკონომიკური შედეგი კომპლექსის ამოქმედებისა და შემდგომი განვითარების პროცესში შეფასდება.
FRIDA-ში კოპაძე რესტორნების მართვას თავად არ გეგმავს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ფართების გაქირავება, მოიჯარეების შერჩევა, ინფრასტრუქტურის მოვლა და კომპლექსის პოპულარიზაცია იქნება. პარტნიორებს უკვე მოქმედი კონცეფციის გადატანასაც არ სთავაზობს: თითოეულმა FRIDA-სთვის ახალი ბრენდი, ინტერიერი და იდეა უნდა შექმნას.
„ქალაქის სხვა ლოკაციაზე არსებული ბრენდების მოწვევა მარტივი იქნებოდა, რადგან ამ ტერიტორიაზე მოთხოვნა დიდია, მაგრამ ჩვენ თავს ამოცანას ვურთულებთ და ვცდილობთ, ქალაქს სრულიად ახალი გამოცდილება შევთავაზოთ“, — ამბობს კოპაძე.
ახალი ბრენდების შექმნა FRIDA-ს ერთ–ერთი მთავარი განმასხვავებელი სტრატეგიაა. კოპაძის ჩანაფიქრით, თითოეულმა ობიექტმა საკუთარი იდენტობა უნდა შეინარჩუნოს და ამავდროულად ერთიანი სივრცის ორგანულ ნაწილად იქცეს. FRIDA-ს გუნდი მოიჯარეებს მარკეტინგულ მხარდაჭერას გაუწევს და აუდიტორიის მოზიდვაში დაეხმარება. პარალელურად, იგეგმება cross-პრომოციისა და პარტნიორობის ისეთი მოდელები, რომლებიც სტუმრებს დამატებით სარგებელს შესთავაზებს — მაგალითად, სპორტული სივრცეების მომხმარებლებისთვის რესტორნებში სპეციალური პირობების შექმნას. ამგვარად, ერთი ობიექტით დაინტერესებული ადამიანი კომპლექსის სრულ ეკოსისტემას აღმოაჩენს.

„ნებისმიერი ობიექტის წარმატება ჩვენი ინტერესია“, — ამბობს კოპაძე.
საიჯარო მოდელში ეს უშუალო ბიზნესინტერესია: კომპლექსის გრძელვადიანი მდგრადობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებენ მოიჯარეები საკუთარ სივრცეებში სიცოცხლისუნარიანი ბიზნესების განვითარებას. შესაბამისად, მხოლოდ ფართების გაქირავება საკმარისი არ არის. FRIDA-ს კონცეფცია სხვადასხვა ფუნქციის ურთიერთგაძლიერებას ეფუძნება — ერთ სივრცეში თავმოყრილმა საქმიანობებმა ერთმანეთს მომხმარებლების მოზიდვასა და განმეორებითი ვიზიტების წახალისებაში შეუწყოს ხელი.
კოპაძის თქმით, FRIDA საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლებზეა გათვლილი. კომპლექსის მდებარეობა საბურთალოს საცხოვრებელ და საქმიან გარემოს სიახლოვეს , ასევე მისი მრავალფეროვანი ფუნქციები, სხვადასხვა აუდიტორიის მოზიდვის შესაძლებლობას ქმნის. გუნდი ვიზიტორების ერთ–ერთ სამომავლო წყაროდ მოპირდაპირე მხარეს მდებარე ცენტრალურ პარკსაც განიხილავს, მისი გახსნის თარიღი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, თუმცა ამოქმედების შემდეგ ახალი სარეკრეაციო სივრცე მეტ ვიზიტორს მოიზიდავს.
2027 წელს დაგეგმილი გახსნის შემდეგ FRIDA-ს მთავარი ამოცანა ქალაქის ყოველდღიურ ჩვევებში დამკვიდრება და მომხმარებლისთვის ახალი გამოცდილების შეთავაზება იქნება. დღეში 3,000–5,000 ვიზიტორზე გათვლილი მოდელი საოფისე, სპორტული, გასტრონომიული და დასასვენებელი ფუნქციების ერთობლივ პოტენციალს ეყრდნობა. კომპლექსის გრძელვადიანი განვითარებისთვის კი გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ სტუმრების მოზიდვა, არამედ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მათ დაბრუნების სურვილი გაუჩნდებათ.
დავით კოპაძის სამეწარმეო გამოცდილება, შარდენის პირველი ბარიდან რიყის პარკის საჰაერო ბურთამდე, ნაცნობ გარემოში ახალი შესაძლებლობების ძიებას აერთიანებს. FRIDA-ს შემთხვევაში მისი ამბიცია არა უბრალოდ ქალაქის რუკაზე ახალი შენობის დამატება, არამედ სრულიად განსხვავებული ურბანული მიზიდულობის ცენტრის შექმნაა. ჩანაფიქრის თანახმად, ერთ სივრცეში გაერთიანებულმა სერვისებმა მომხმარებელს არჩევანის მეტი თავისუფლება და ცხოვრების ახალი შესაძლებლობები უნდა შესთავაზოს.
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

















