ბუნების ძალა

ბუნების ძალა

თავისი 60-წლიანი კარიერის შედეგად ფილ ანშუტცი დღეს ფლობს ნავთობის საბადოებს, რკინიგზას, ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელებს, ვოლფრამის საბადოებს, კინოთეატრებსა და ბლინების წარმოებასაც კი.

მილიარდერი მენავთობე ფილ ანშუტცი ბოლო წარმოდგენისთვის ემზადება, რაც წიაღისეული საწვავიდან – ყურადღება! – განახლებად ენერგიაზე გადასვლას გულისხმობს. მაგრამ ის სხვანაირ “მწვანეს” უმიზნებს. იქნება თუ არა ანშუტცის $8-მილიარდიანი ქარის ფერმა მისი წარმატების კულმინაცია?

ის ფლობს L.A. Kings NHL გუნდს, NBA-ის Lakers-ის დაახლოებით მესამედს, და Staples Center-ს, სადაც ეს ორივე თამაშობს. ის განაგებს მუსიკის ფესტივალ Coachella-ს, ლონდონის O2 არენასა და კოლორადო-სპრინგსში არსებულ ისტორიულ 784-ოთახიან სასტუმრო Broadmoor-ს. მან დააფინანსა Chronicles of Narnia-ს ფილმები და მხარს უჭერდა მაიკლ ჯექსონის მემორიალურ ტურს პოპსტარის გარდაცვალების შემდეგ. ანშუტცს არა მხოლოდ უყვარს უნიკალური ბიზნესები – ის შეპყრობილია. “ჩემი ცოლი ამას ფსიქოზს უწოდებს”, – ამბობს ის სიცილით.

ნავთობი ანშუტცის სისუსტეა, რადგან მან სტარტი აქედან აიღო, წიაღისეული საწვავი კი მთავარი კომპონენტია მისი $11.5 მილიარდად შეფასებული ქონებისა, რომელიც მას Forbes 400-ის რეიტინგში 41-ე ადგილს ანიჭებს. Swisher Sweets-ის სიგარილოების ახალი შეკვრის გახსნისას ანშუტცი განმარტავს მისი ნავთობის კომპანიის მფლობელობაში არსებულ 500,000 აკრი ნაკვეთის თავისებურებებს, რომელიც ვაიომინგის პაუდერ-რივერის აუზში მდებარეობს. მის გუნდს ნაკვეთი საკმარისად აქვს ნაბურღი და ჰიდრავლიკურად დამუშავებული იმისთვის, რომ დარწმუნებულები იყვნენ – ისინი მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის შემცველ საბადოს ასხედან. ამან შესაძლოა, იმ $2.5 მილიარდ დოლარზე მეტი ფული მოიტანოს, რომელიც მან 2010-ში სხვა ნავთობის საბადოების გაყიდვისას გააკეთა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ფართობი იკვეთება სხვა, უფრო დიდი ნავთობის კომპანიების ქონებასთან, რომლებიც შესაძლოა, მისი შეძენით დაინტერესდნენ. ილუსტრირებისთვის ის, ნახევრად დაღეჭილი სიგარით ხელში, თითებს ერთმანეთზე აჭდობს.

79 წლის ანშუტცი ხულიგანი არასდროს ყოფილა. 175 სანტიმეტრი სიმაღლის გამხდარი, ყოველთვის მოწესრიგებული ვარცხნილობის მქონე მამაკაცია.მსახიობ ლორნ გრინის ხმით (უფრო Battlestar Galactica, ვიდრე Bonanza) ანშუტცი განმარტავს, რომ მისი შემდეგი – და, სავარაუდოდ, უკანასკნელი – დიდი ინვესტიცია სულაც არ იქნება ნავთობში. სანაცვლოდ, წიაღისეული საწვავის მეფე ფილ ანშუტცი ამერიკის უდიდეს ქარის ფერმას აშენებს.

ვაიომინგის შტატში, როულინსთან ახლოს მდებარე Overland Trail Ranch-ზე, ანშუტცის 320,000 აკრის მიწაზე Chokecherry and Sierra Madre Wind Energy Projec-ის ფარგლებში 1000 ტურბინის აღმართვა $5 მილიარდი ეღირება. დამატებით $3 მილიარდი დაჯდება 730 მილის სიგრძის პირდაპირი გადამცემი ხაზის გაყვანა (1.8 მილიონი სახლის სამყოფად), რომელიც ელექტროენერგიას კალიფორნიის ელექტროსისტემასთან დააკავშირებს. მას შემდეგ, რაც ანშუტცმა ნებართვების აღებას მთელი ათწლეული შეალია, მშენებლობა, როგორც იქნა, მიმდინარეობს. მშენებლებმა 95 მილის სამუშაო გზა გაიყვანეს და 115 ბაზა მოამზადეს ტურბინების ინსტალაციის პირველი ფაზისთვის, რომელიც 2020 წელს უნდა დაიწყოს და 2025-ში დასრულდეს. ანშუტცმა საწყისი $400 მილიონი საკუთარი ჯიბიდან გაიღო და დანარჩენის დასაფინანსებლად აქციონერების პოვნას ან სესხის აღებას გეგმავს. ოღონდ ნუ იფიქრებთ, რომ ის კონტროლის მექანიზმებს ხელიდან გაუშვებს. “მსურს, ეს პროექტი დასრულებული ვნახო”, – ამბობს ის.

აკეთებს თუ არა ის ყველაფერ ამას თავისი რეპუტაციის “მწვანედ შეღებვისთვის”? “არა, ჩვენ ამას ფულის გასაკეთებლად ვაკეთებთ”. იმის მიუხედავად, რომ ის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ჭარბ დონეს “პრობლემად” აღიქვამს, ის “არაა ისეთი ექსტრემალური დონის, როგორც ზოგერთს ჰგონია”. სამაგიეროდ, ექსტრემალურია კალიფორნიის ახალი კანონი, რომელიც 2045 წლისთვის 100%-ით განახლებად ენერგიაზე გადასვლას სავალდებულოდ აცხადებს. ანშუტცი ამ კანონით სარგებლის ნახვას აპირებს.

ანშუტცის სიტყვებით, ყველაზე რთული სამუშაო უკვე შესრულებულია. ნებართვების პროცესმა ტურბინების გეგმური რაოდენობის მეოთხედი ამოარჩია – ყველაზე ქარიან ადგილას, სადაც 325-ის ნაცვლად 157 ტურბინა იქნება. ერთადერთი მომენტი, როცა ანშუტცი მიწის გაყიდვას და პროექტიდან გასვლას ფიქრობდა მაშინ იყო, როდესაც პირველად ქვეყანაში ვაიომინგის შტატის ქვანახშირის მხარდამჭერმა საკანონმდებლო ფრთამ წარმატებას მიაღწია ყოველ კილოვატსაათზე 0.1 ცენტის ოდენობის ქარის გენერაციის გადასახადის შემოღებაში. როცა წელიწადში 12 მილიარდ კილოვატსაათი ენერგიის გამომუშავებას გეგმავ, პატარა თანხებიც დიდად გადაიქცევა ხოლმე.

გარკვეული თვალსაზრისით, ნებართვებთან დაკავშირებული შეფერხებები წყევლიდან დალოცვად ექცა. გასული ათწლეულის განმავლობაში ტურბინები გაუმჯობესდა ზომის, სიმძლავრისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით. Lazard-ის მიხედვით, ერთი კილოვატსაათის ქარის ენერგიის გამომუშავების საერთო ფასი, სუბსიდიების გარეშე, ათი წლის წინანდელი 13.5-დან 4.3 ცენტამდე შემცირდა. განახლებადი ენერგეტიკულ-საინვესტიციო საგადასახადო ფედერალური კრედიტის კოეფიციენტი (ათი წლის განმავლობაში $2.8 მილიარდის ღირებულება) და ანშუტცის ხარჯები კილოვატსაათზე 2-3 ცენტით უნდა შემცირდეს. კალიფორნია თავისი ენერგიის მესამედს განახლებადი წყაროებიდან იღებს, ხოლო 40%-ს – წიაღისეული საწვავიდან. ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ქარის ენერგიაში, რომელიც მიწოდების 11%-ს შეადგენს, შტატი კილოვატსაათში 3 ცენტს იხდის. ანშუტცის გრძელვადიანი გათვლებით, მას შემდეგ, რაც საგადასახადო კრედიტებს ვადა გაუვა და 2045 წლის სამიზნე თარიღი მოახლოვდება, ქარის ენერგიის ფასები გაიზრდება.

ანშუტცი დიდი ხანია, იცნობს ვაიომინგის ქარების სიშმაგეს. 1960-იან წლებში, კოლეჯის დასრულებისთანავე, მან მუშაობა მამამისის საბურღ კომპანია Circle A-ში დაიწყო, რომელიც უკიდეგანო, ქარებით გადაფხეკილ მიწებზე საკმაო რაოდენობის ჭაბურღილებს ფლობდა ვაიომინგის ჩრდილოეთში. მოკლე ხანში ანშუტცმა მამამისის კომპანია გამოისყიდა. 1967 წელს გუნდმა მიაკვლია ნავთობს, მაგრამ ვერ გააკონტროლა ჭაბურღილი, რომელიც უზამაზარ და გამძვინვარებულ ჯოჯოხეთის ცეცხლად გადაიქცა. ცნობილმა ჭაბურღილების მეხანძრემ, რედ ადაირმა ცეცხლის ჩასაქრობად $100,000 მოითხოვა, მაგრამ მოხერხებულმა ანშუტცმა კომპანია იმით გადაარჩინა, რომ აღნიშნული თანხა Universal Pictures-ს გადაახდევინა გადაღების უფლების სანაცვლოდ. (კადრები ჯონ ვეინის ფილმ Hellfighters-ში გამოიყენეს.)

თავისი პირველი დიდი ფული 1982 წელს იშოვა, როცა ვაიომინგისა და იუტის საზღვარზე არსებული ნავთობის საბადოს ნახევარი $500 მილიონად ($1.4 მილიარდი დღევანდელი ფულით) Mobil Oil-ს მიჰყიდა. ეს ფული მანდ ხელახლა ჩადო სამთო წარმოებასა და რკინიგზაში, ააშენა ხაზი Southern Pacific-ი, რომელიც 1996 წელს Union Pacific-ს $5.4 მილიარდად მიჰყიდა, რითაც თავისი აქციების ფასი ახალ კომპანიაში $900 მილიონამდე გაზარდა.

თუმცა ის ქარზე უკვე მაშინვე ფიქრობდა. ანშუტცი, რომელმაც თავისი რკინიგზით კალიფორნიაში იმოგზაურა, განცვიფრებული იყო Sierra Nevada-ს უღელტეხილებზე გაშენებული ქარის ფერმებით. “ყველაფერი ცნობისმოყვარეობით დაიწყო, – ამბობს ის. – მე ვიყავი მოსული ტრადიციული ენერგობიზნესიდან და ვფიქრობდი, რა არის ყველაფერი ეს? ქარის ტურბინები ანშუტცისთვის სხვა ნებისმიერი ბუნებრივი რესურსების ბიზნესი იყო – ერთგვარი ამოყირავებული ჭაბურღილი, რომელიც ენერგიას ჰაერიდან გამოწოვდა. და ეს ენერგია არასდროს გამოილეოდა. მან თავისი ნავთობკომპანიის მაშინდელ პრეზიდენტს, ბილ მილერს სთხოვა, გამოეკვლია, სად იყო ქვეყნის ყველაზე ქარიანი ადგილი, ეს კი ვაიომინგში Overland Trail Ranch-ის მახლობელი მიწები აღმოჩნდა. აქ, მთებს შორის არსებული ღიობიდან, რომელიც გზას იკაფავს Overland Trail-ის დასავლეთ მიმართულებით, საშუალოდ 20 მილი/საათში სიჩქარის სტაბილური ნაკადები შემოდიოდა.

ანშუტცმა და მილერმა ქარის ფერმის ნახაზები შეადგინეს, რომლებიც 1400 ტურბინას შეიცავდა. მათი ვარაუდით, ნებართვების მოპოვებას დაახლოებით ოთხი წელი დასჭირდებოდა და მშენებლობას 2015 წელს დაასრულებდნენ.

მაგრამ ნუ ვიჩქარებთ. მიწების მართვის ბიურომ გარემოზე ზემოქმედების ვრცელი კვლევა მოითხოვა. გაიმართა მოლაპარაკებები Audubon Society-სა და Wyoming Game & Fish Department-თან იმის თაობაზე, თუ რამდენი მიწა უნდა დაეთმოთ როჭოს პოპულაციისთვის. ორეგონ-კალიფორნიის ბილიკების ასოციაციას უნდოდა შეენარჩუნებინა ოთხთვალების გზები, რომლებიც ჯერ კიდევ კვეთს ლანდშაფტს, ხოლო აშშ-ის თევზებისა და ველური ბუნების დაცვის სამსახური ღელავდა იმაზე, თუ სავარაუდოდ რამდენ გადაშენების პირას მყოფ არწივს მოკლავდა ქარის ტურბინები.

ანშუტცი ფულს იხდიდა მცენარეული საფარის კვლევებში, ქირაობდა ორნითოლოგებს, დგამდა ფრინველების რადარებს, ადგენდა არწივების საფრენი მარშრუტების რუკას. ის დათანხმდა არწივებისთვის მიმზიდველი 105,000 აკრის თავზე ტურბინებისთვის მიუწვდომელ სივრცედ გამოცხადებას. ცვლილებები განხორციელდა იმისთვის, რომ ტურბინის ფრთების ციმციმს არ დაემახინჯებინა ტეტონის რეზერვუარის ვიზუალური მხარე. “ჩვენ აქამდე არ გვქონია შეხება მსგავსი მასშტაბის პროექტთან, – ამბობს ვაიომინგის ინდუსტრიული განლაგების განყოფილების ადმინისტრატორი ბრაიან ლოვეტი. – ისინი მზად იყვნენ უამრავი დაბრკოლების გადასალახად”. ჯერ კიდევ გადასაწყვეტია გარკვეული საკითხები – ისტორიული მემკვიდრეობის დამცველები იმედოვნებენ, რომ ანშუტცი გარკვეული დროის შემდეგ უფლებას მისცემს ტურისტებს, ისარგებლონ ოთხთვალების გზებით, რომლებიც დღემდე კვეთს მის მიწას”.

“სასიამოვნოა ისეთი რაღაცების კეთება, რაც სხვებს აქამდე შეუძლებლად მიაჩნდათ”, – ამბობს მილერი, იხსენებს რა იმ ნავთობსადენს, რომელიც მან და ანშუტცმა 1970-იანებში ბეიკერსფილდიდან, ლოს-ანჯელესის გავლით ლონგ-ბიჩის პორტამდე გაიყვანეს. “ხალხი ფიქრობდა, რომ ნამდვილი სულელები ვიყავით, მაგრამ ჩვენ ეს მაინც გავაკეთეთ”, სიცილით იხსენებს მილერი. აზარტული იყო 1990-იანებში $1 მილიარდის გარისკვა Qwest Communication-თან ერთად ათასობით მილის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გასაყვანად. “იცით, რამდენი გამომწერი გვყავდა? ნული, – ამბობს ანშუტცი და თითებით ასო “o”-ს გვიჩვენებს, – მაგრამ ვიცოდი, რომ მსოფლიო ‘ხმა-წუთშიდან’ ‘მონაცემები-მეგაბაიტებზე’ გადავიდოდა”. მსგავს გათვლას ხედავს იმ გადამცემი ხაზის შემთხვევაშიც, რომელიც ქარის ენერგიას ოთხი შტატის მანძილზე, მიწის მართვის ბიუროს 16 რაიონისა და 378 კერძო მესაკუთრის გავლით მიაწვდის.

საკონსულტაციო ფირმა Wood Mackenzie-ის მონაცემებით, ამერიკის ქარის სიმძლავრე დღევანდელი 100,000 მეგავატიდან 5 წელიწადში 60%-ით გაიზრდება. ეს ტურბინები სადღაც უნდა აშენებულიყო. თუ ამერიკას ენერგიის წყაროების ნახშირისგან გათავისუფლება სურს, ყველაზე ნაკლებად დასახლებული ყველაზე ქარიანი ადგილების გამოყენება გონივრულია. “ქარის რეჟიმი ვრცელდება ჩვენი რანჩოს ფარგლებს გარეთ, მთელი შემგროვებელი აუზის ფარგლებში, – ამბობს ანშუტცი. – თუ მას აქ ვერ ავაშენებთ, ვერ ავაშენებთ ვერსად”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *