ივნისის შუა რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე დედამიწა არა მზის, არამედ ბურთის გარშემო დაიწყებს ტრიალს. ჩვენ ბურთის სისტემაში მოვექცევით და ამჯერად ეპიცენტრი ბრაზილიაში იქნება – იქ, სადაც ბურთისა და მზის სიყვარული მარადიული ამბავია და სადაც დიდი ხნის წინ მსოფლიო ჩემპიონატი უკვე გაიმართა. შინ თასის აწევისა და არნახული კარნავალის მოწყობის პირველი მცდელობა ვერ დამთავრდა კარგად – 1950 წლის 16 ივლისს, ახლადაშენებულ „მარაკანაზე“ ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა – ურუგვაიმ ბრაზილიას გადამწყვეტი თამაში მოუგო. ახლა მთელი ბრაზილია მეორე სერიას ელოდება და ისევ კარნავალისთვის ემზადება.
თუმცა კარნავალამდე გრძელი გზაა. ეს გზა ცოტა ხნის წინ უფრო გრძელი იყო და კინაღამ ჩიხად გადაიქცა, როცა ბრაზილიის დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით კი რიოში სოციალურმა პროტესტმა იფეთქა – ხალხი დასაქმებას ითხოვდა და ჩემპიონატის ბოიკოტით იმუქრებოდა. გარდა ამისა, ფიფა არ იყო კმაყოფილი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ტემპითა და ხარისხით (ასევე იყო 1950-ში, როცა ბრაზილია და ურუგვაი დაუმთავრებელ „მარაკანაზე“ შეხვდნენ), მაგრამ, ბოლო ინფორმაციით, უკვე ყველაფერი რიგზეა, თუ არ ჩავთვლით ფაველაში შებუდებულ კრიმინალსა და გასამმაგებულ ფასებს.
მსოფლიოს ამ ჩემპიონატის სამასპინძლოდ უკვე რეკორდული თანხა დაიხარჯა – ბრაზილიის ხელისუფლებამ ტურნირის სათანადო დონეზე მისაღებად $16 მილიარდი გამოყო. თუ უახლოეს წარსულს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სამხრეთ აფრიკაში გამართული ტურნირის საერთო ღირებულება 4 მილიარდია, გერმანია 2006-ზე კი 6 მილიარდი დაიხარჯა. ამ თანხაში სტადიონების რეკონსტრუქციის გარდა გზების, მეტროს, აეროპორტების, შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო სისტემისა და კვების ობიექტების მოდერნიზებისთვის დახარჯული ფულიც შედის.
ბრაზილია 2014-ს ჰყავს 20 სპონსორი, რომლებიც ფიფამ 3 კატეგორიად დაჰყო. ყველაზე მნიშვნელოვან ჯგუფში, ფიფას პარტნიორთა შორის არიან: ადიდასი, კოკა-კოლა, ჰიუნდაი/კია მოტორსი, ემირეითსი, სონი და ვიზა. მეორე პაკეტია „მსოფლიო თასის სპონსორები“: ბადვაიზერი, კასტროლ ფუტბოლი, კონტინენტალი, ჯონსონ ენდ ჯონსონი, მაკდონალდსი, ოი, მოი პარკი, ინგლი სოლარი. მესამე, „მსოფლიო თასის ნაციონალური სპონსორები“ არიან: აპექსბრაზილი, კენტაურო, გაროტო, იტაუ, ლიბერთი სეგუროსი, ვაიზ აპი.
იყო დრო, როცა ფიფა ფინანსურად არაფრით გამორჩეული ორგანიზაცია გახლდათ, მაგრამ მის პრეზიდენტად ბრაზილიელი წყალბურთელის, ჟოაო აველანჟის არჩევის შემდეგ, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და ფიფა ძალიან გავლენიან და უმდიდრეს გიგანტად იქცა. მსოფლიო ფეხბურთში უკვე იმხელა ფული და ძალაუფლებაა, რომ ფიფა და მისი პრეზიდენტები ხშირად ეხვევიან საერთაშორისო სკანდალებსა და უსიამოვნო ჭორებში. თუმცა ფაქტია, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პოლიტიკამ გეოგრაფიულადაც ძალიან ეფექტიანად იმუშავა, რაც პირდაპირ კავშირშია ფინანსურ მოგებასთან – დღეს ფეხბურთს მთელი მსოფლიო თამაშობს და უყურებს, დაწყებული სამხრეთ აფრიკით, დამთავრებული ისლანდიით. ადრე ასე არ იყო.
და შესაბამისად, ყოველმხრივ ძალიან წარმატებულია ფიფას მთავარი პროდუქტი – მსოფლიო ჩემპიონატი. გარდა იმისა, რომ ეს მოვლენა ფარავს გაწეულ ხარჯებს და მნიშვნელოვან მოგებასაც იძლევა, მასპინძელ ქვეყანას რჩება გამართული საფეხბურთო და არამარტო საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, რაც ისევ და ისევ ფეხბურთის განვითარებას უწყობს ხელს.
სხვადასხვა თანხას მიიღებს ბრაზილიაში ჩასული 32-ვე გუნდიც. საპრიზო ფონდი ასე გადანაწილდება: ჯგუფური ტურნირის მონაწილეები თითქმის 8 მილიონ დოლარს მიიღებენ; 1/8-ფინალისტები – 9 მილიონს; 1/4-ფინალისტები – 14 მილიონს. მეოთხე ადგილზე გასული გუნდის საბანკო ანგარიში 20 მილიონით შეივსება, ბრინჯაოსმედალოსნის კი 22-ით. ფინალში დამარცხებულისთვის 25 მილიონი დოლარია განკუთვნილი, ჩემპიონისთვის კი 35. კლუბებს, რომელთა ფეხბურთელები ჩემპიონატში ითამაშებენ, ფიფა საერთო ჯამში კომპენსაციის სახით თითქმის 70 მილიონ დოლარს გადაუხდის. ბრაზილია 2014-ის საერთო საპრიზო ფონდი პირველად აჭარბებს ნახევარ მილიარდს და 576 მილიონია. სამხრეთი აფრიკა 2010-ზე ფიფამ 420 მილიონი დახარჯა.
ისევე, როგორც გუნდებისთვის გასანაწილებელი საპრიზო ფონდი, არნახულად გაიზარდა თავად ნაკრებების „ღირებულება“. ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრები ესპანეთია, რომლის ფასიც, ანუ ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების ჯამი, თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარია – 483,8 მილიონი, მოქმედი ჩემპიონებიდან უძვირფასესი ფეხბურთელი კი მატაა – 47 მილიონი. შემდეგ მოდიან: 2 – არგენტინა, მესი (474; 138,3), 3 – ბრაზილია, ნეიმარი (467,5; 67,4), 4 -გერმანია, გიოტცე (447,9; 60,3), 5 – საფრანგეთი, რიბერი (402,1; 39,2).
ბრაზილიაში ჩვენ რამდენიმე სიახლის მომსწრენი გავხდებით. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად გამოიყენებენ გოლის დამდგენ ტექნოლოგიას. სამხრეთი აფრიკა 2010-ზე მსაჯების რამდენიმე უხეში შეცდომის გამო არჩათვლილი გოლის შემდეგ ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო რადიკალური ნაბიჯის გადადგმა და ასეც მოხდა, ტექნოლოგია ფიფას ეგიდით ჩატარებულ 3 ტურნირზე – 2012 და 2013 წლების ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და 2013 წლის ფიფას კონფედერაციათა თასი – წარმატებით გამოსცადეს, რის შემდეგაც ბრაზილიაში მისი გამოყენება გადაწყდა. 2013 წლის ოქტომბერში ფიფამ გერმანულ კომპანია GoalControl-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც ტურნირს სპეციალური აპარატურით მოემსახურება.
გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, მსაჯებს აორთქლებადი საღებავის გამოყენების უფლება მიეცათ. წყლის შემცვლელ სითხეს მსაჯები სტანდარტული სიტუაციებისას გამოიყენებენ, მაგალითად, ჯარიმის დროს ცოცხალი კედლის აღმართვის ადგილის მოსანიშნად. სითხე დაახლოებით წუთში ორთქლდება და კვალს არ ტოვებს. ფიფამ ეს ნოვაცია შარშან სამ ტურნირზე გამოსცადა: 17 და 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასევე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.
რაც შეეხება წმინდა საფეხბურთო მხარეს. სანამ ფავორიტებზე ვილაპარაკებთ, უნდა შევეხოთ თემას, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური ხდება მესამე ტურის წინ – ვინ რა შემთხვევაში გადის მერვედფინალში. ბრაზილიაში ჯგუფურ ტურნირში ადგილები ამ მაჩვენებლების საფუძველზე განაწილდება: 1 – დაგროვილი ქულები, 2 – ბურთების სხვაობა, 3 – მეტი გატანილი გოლი, 4 – ურთიერთშეხვედრაში მეტი ქულა, 5 – თანაბარქულიან გუნდებს შორის გამართულ შეხვედრაში ბურთების უკეთესი სხვაობა, 6 – თანაბარქულიან გუნდებს შორის გამართულ შეხვედრაში მეტი გატანილი გოლი, 7 – ფიფას საორგანიზაციო კომიტეტის წილისყრა.
ფავორიტი კი მსოფლიოს ამ ჩემპიონატს, როგორც ბოლო წლებში, კვლავ რვა ეყოლება ეს რვა გუნდი სამ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ: უდავო ფავორიტები, ფავორიტები და მესამე კატეგორიის ფავორიტები:
1 – აქ ალბათ სამი ნაკრები უნდა იყოს – ბრაზილია, გერმანია და ესპანეთი. სკოლარის გუნდი შინ თამაშობს და ბრწყინვალე ფორმაშია, რაც ისედაც მუდმივად ფავორიტებში მყოფ ბრაზილიას დამატებით ბონუსებს აძლევს. ის, თუ რას ნიშნავს ამ ბრაზილიასთან „მარაკანაზე“ თამაში, კარგად ნახა მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა კონფედერაციის თასის ფინალში (0:3). ბევრმა ეს დელ ბოსკეს გუნდის დასასრულად აღიქვა და ფაქტია, რომ ის დაღმართზე ეშვება, თუმცა თუ მწვრთნელმა თავისი აბსოლუტურად ყველაფრისმნახველი ფეხბურთელების, უპირველესად ხავი-ინიესტას სათანადოდ მომზადება შეძლო (ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად), გამორიცხული აღარაფერი იქნება. რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს, ეს თაობა განვითარების პიკში იმყოფება, რასაც იქაური საკლუბო ფეხბურთის რეაქტიული აღორძინება მოწმობს.
2 – არგენტინა, იტალია. სამხრეთამერიკელები საკუთარ კონტინენტზე თამაშობენ, ძალიან იოლ ხაზზე ხვდებიან ადვილი ჯგუფიდან და ჰყავთ ლეო მესი. ეს პლუსები (თუმცა მარტივი გზა ყოველთვის კარგი არაა და მესიც კრიზისშია). მინუსები – მეკარე, დაცვა და მწვრთნელი. ყველა შემთხვევაში, თუ ბრაზილიაში მესი ნამდვილი მესი და ოდნავ მეტიც არ იქნება, არგენტინა საეჭვოა, შორს წავიდეს. იტალია კი, როგორც ყოველთვის, გაურკვევლობაში გვამყოფებს. ის იმდენად სუსტი არაა, რომ ჯგუფში დარჩეს, ხოლო როცა იტალია ჯგუფიდან გადის, უმეტესად, ბოლომდე მიდის.
3 – საფრანგეთის ნაკრებს ტრიუმფისთვის ყოველთვის სჭირდება დიდი ფეხბურთელი. მას ჰყავს ფრანკ რიბერი, მაგრამ რიბერი არც პლატინია და არც ზიდანი. ეს გუნდი საჩემპიონო ნამდვილად არაა. ჰოლანდია წინა ტურნირზე, სამხრეთ აფრიკაში იყო ჩემპიონობის ღირსი, მაგრამ ფინალი ტრადიციულად წააგო, დღეს კი იქ თაობა იცვლება და ამ გაგანია როტაციაში შორს წასვლა, თან მაშინ, როცა ურთულესი მეტოქეები შეიძლება გადაგეყარონ დასაწყისშივე (მაგალითად, ბრაზილია მერვედფინალში), თითქმის წარმოუდგენელია. ისევე როგორც ის, რომ ინგლისმა ნახევარსაუკუნოვანი დიეტა დაარღვიოს და უცებ მსოფლიო ჩემპიონი გახდეს.