ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის საქმეს სწავლობს. საკითხი მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც ჰუანგმა ქალთან, რომელსაც აშშ-ის სადაზვერვო უწყებები ჩინეთის ჯაშუშად მიიჩნევენ, რომანტიკული ურთიერთობა აღიარა.
ტრამპმა, რომელსაც ბოლო წლებში ჰუანგთან ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ ცოტა ხნის წინ შეიტყო: „ამ საქმეს შევისწავლით. ვიცი, რომ FBI სხვა საქმესთან კავშირში ამ საქმეს უკვე იძიებს“.
ჩინეთის მოქალაქე, ბიზნესმენი ელის ჰუანგი, იგივე ჰუანგ ლე, წლების განმავლობაში ჩინეთის საფინანსო სექტორში საქმიანობდა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი სახელი ხელოვნური ინტელექტის ჩიპების გლობალურ ბაზარსა და Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორ ჯენსენ ჰუანგთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოაქცია ყურადღების ცენტრში. აშშ-ის ხელისუფლების მიერ მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს მიერ გადაბირებული ელის ჰუანგი, სავარაუდოდ, ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა.
ჯენსენ ჰუანგსა და ელის ჰუანგს შორის რომანტიკულ ურთიერთობაზე ინფორმაციის გავრცელებამ $4.3-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიის ინვესტორების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. მხოლოდ ორშაბათს, Nvidia-ს აქციების ღირებულება 4.3%-ით დაეცა.
Financial Times-ის ინფორმაციით, ტრამპისთვის ჯენსენ ჰუანგისა და ელის ჰუანგის შესაძლო ურთიერთობის შესახებ ჯერ კიდევ მაისში იყო ცნობილი. ამ საკითხზე დასმულ შეკითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა მას მაისში, საიდუმლო მემორანდუმის საშუალებით აცნობეს, თუმცა მაშინ ამ საკითხს მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია.
ტრამპის განცხადებითვე, ორშაბათს ის თავადვე ესაუბრა ჰუანგს, რომელმაც კატეგორიულად უარყო, რომ ელის ჩინურ სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ რაიმე იცოდა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ჰუანგს მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანად მიიჩნევს და ამ ამბის გაგების შემდეგ გაოცებული დარჩა, თუმცა მისი ნამდვილად სჯერა.








