ტექნოლოგიების ეპოქაში არავის უკვირს სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე რობოტების „გაცნობა“, თუმცა ის სენსაცია, რაც ChatGPTმა მოახდინა, გასამეორებლად ალბათ რთული იქნება. ChatGPT არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შემუშავებულია OpenAI-ის მიერ. ChatGPT-ის მთავარი მიზანია, ჩაერთოს საუბარში და დაეხმაროს მომხმარებლებს სასარგებლო და ინფორმაციული პასუხების მიწოდებით. მას შეუძლია, უპასუხოს ნებისმიერ კითხვას, დაეხმაროს მომხმარებელს ამოცანების ამოხსნაში, დაწეროს კოდი, მიღებული ინფორმაციის ან/და მოთხოვნის საფუძველზე დაწეროს ნებისმიერი სახის ესე, სადისერტაციო ნაშრომი და ა.შ. ChatGPT, ისევე როგორც სხვა ტიპის ხელოვნური ინტელექტი, ეფუძნება მონაცემთა არსებულ ბაზებს (მათ შორის, წიგნებს, სტატიებს, საძიებო სისტემებს და სხვ.). ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობის ზღვარი დღემდე უცნობია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რის უფლებას მივცემთ ჩვენ, ადამიანები.
აღნიშვნის ღირსია აგრეთვე Google-ის ახალი ხელოვნური ინტელექტი Bard-ი, რომელიც შეიძლება ინტეგრირებული იყოს ვებსაიტებში, შეტყობინებების პლატფორმებში ან აპლიკაციებში, რათა უზრუნველყოს რეალისტური, ბუნებრივი ენობრივი პასუხები მომხმარებლის შეკითხვებზე. Bard-ი ეფუძნება Google-ის კიდევ ერთ ხელოვნურ ინტელექტს, PaLM 2-ს, რომელსაც, თავის მხრივ, აქვს უნარი, რთული ამოცანა დაშალოს უფრო მარტივ ქვეამოცანებად და მას უკეთ ესმის ადამიანის ენის ნიუანსები. მაგალითად, PaLM 2 გამოირჩევა ამოცანებისა და იდიომების გაგებით, რაც მოითხოვს სიტყვების ორაზროვანი და გადატანითი მნიშვნელობის გაგებას. Google-ის ხელოვნურ ინტელექტს ინფორმაცია გადმოაქვს ინტერნეტიდან ნახევრად პლაგიატის სახით.
ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის საილუსტრაციოდ განვიხილოთ სტატიის მაგალითი, რომელიც შექმნილია ხელოვნური ინტელექტის, კერძოდ, ChatGPT-ის მიერ, რომელსაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თანამიმდევრული და კონტექსტური პასუხების შექმნა შეუძლია. მაგალითად, ChatGPT-ს ვთხოვეთ სტატიის შედგენა ხელოვნური ინტელექტის საკანონმდებლო მოწესრიგების გამოწვევების შესახებ. გენერირებულმა პასუხმა აჩვენა ხელოვნური ინტელექტის უნარი − ძალიან მცირე დროში მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაციული სტატიები მოთხოვნილი საკითხის შესახებ. გთავაზობთ ჩემ მიერ ინგლისურიდან ნათარგმნ და რედაქტირებულ ნაწყვეტს ChatGPT-ის მიერ შემოთავაზებული სტატიის იდეიდან:
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ხელოვნური ინტელექტი (Artificial intelligence, AI) მნიშვნელოვან იურიდიულ გამოწვევას წარმოადგენს. ხელოვნური ინტელექტის სისტემების წინსვლა და ავტონომიის მოპოვება აჩენს კითხვებს სამართლებრივი პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებებთან დაკავშირებით. ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი, როდესაც ხელოვნური ინტელექტი იღებს მიკერძოებულ ან დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებებს? როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პირადი ცხოვრების ხელყოფისა და კიბერთავდასხმებისგან?
ხელოვნური ინტელექტის უნარი, დაამუშაოს და გააანალიზოს დიდი რაოდენობით პერსონალური ინფორმაცია, საფრთხეს უქმნის კონფიდენციალურობასა და მონაცემთა დაცვას. ამ გამოწვევების გადასაჭრელად საკანონმდებლო ბაზა უნდა ჩამოყალიბდეს იმ რეგულაციებითა და სტანდარტებით, რომლებიც უზრუნველყოფენ გამჭვირვალობას, სამართლიანობასა და ანგარიშვალდებულებას ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და მის დანერგვაში. ბალანსის დამყარება აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის გამოსაყენებლად, ადამიანის უფლებებისა და ღირებულებების დასაცავად. პოლიტოლოგებს, იურისტებს და ტექნოლოგებს შორის თანამშრომლობა გადამწყვეტია ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩოების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც უზრუნველყოფს ადეკვატურ გარანტიებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენება. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ, ეფექტიანად აღვკვეთოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ წარმოქმნილი ანტისამართლებრივი შემთხვევები და გამოვიყენოთ მისი უნარები სასარგებლო საქმიანობისთვის.
ზემოთ მოყვანილი მაგალითი, ცხადია, ვერ წარმოაჩენს ხელოვნური ინტელექტის სრულ შესაძლებლობებს, თუმცა საკმარისია იმ რისკის ამოსაცნობად, რის წინაშეც შესაძლოა, ძალიან მალე აღმოვჩნდეთ.
კრიმინალები ხშირად ბოროტად იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს სარგებლის მისაღებად ან სხვებისთვის ზიანის მისაყენებლად. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ავტომობილი, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთ უდიდეს ტექნოლოგიურ მიღწევას წარმოადგენდა. ის თავდაპირველად შეიქმნა კანონმორჩილი ადამიანების ტრანსპორტირებისათვის, მაგრამ მალევე გახდა დანაშაულის საგანი (მაგ. მანქანის ქურდობა, მანქანის გაქურდვა), საშუალება (მაგ. ბანკის ძარცვისას კართან მდგარი მანქანა) და იარაღი (მაგ. ავტოსაგზაო შემთხვევა, როდესაც დამნაშავე მიიმალება). იგივე შეგვიძლია ვთქვათ ხელოვნურ ინტელექტზე. თუკი ხელოვნურ ინტელექტს გამოვიყენებთ საზოგადოებისთვის ზიანის მომტან საქმიანობაში, იგი გახდება დანაშაულის იარაღი. მეტიც, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, თავად იყოს დანაშაულის სუბიექტი (მაგ. დეზინფორმაციის, სიძულვილის ენის შემცველი ინფორმაციების გავრცელება).
განვიხილოთ ახლახან მომხდარი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის საკუთარი ან/და კომპანიის მიზნებისთვის გამოყენებას. კომპანია Samsung-ის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენეს ChatGPT და მას შემთხვევით კონფიდენციალური ინფორმაცია გაუზიარეს. ერთ შემთხვევაში, თანამშრომელმა შეცდომების შესამოწმებლად მიმოწერაში ჩასვა კონფიდენციალური კოდი, კიდევ ერთმა თანამშრომელმა გააზიარა კოდი ChatGPT-თან და „მოითხოვა კოდის ოპტიმიზაცია. მესამემ გააზიარა შეხვედრის ვიდეოჩანაწერი, რათა გადაექცია სიტყვიერ ჩანაწერად. ამ ყოველივეს შემდეგ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა ChatGPT-ის ნებისმიერი მომხმარებლისათვის. ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი ეფუძნება მონაცემთა არსებულ ბაზებს, პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკიც საკმაოდ მაღალია.
იუვალ ნოა ჰარარი განიხილავს „ფილოსოფიური მანქანის” კონცეფციას თავის წიგნში „21 გაკვეთილი ოცდამეერთე საუკუნისთვის”. ფილოსოფიური მანქანა არის მეტაფორა, რომელსაც ჰარარი იყენებს ტექნოლოგიური მიღწევების ეთიკური და ფილოსოფიური შედეგების შესასწავლად, განსაკუთრებით – ხელოვნური ინტელექტის სფეროში. ფილოსოფიური მანქანის იდეა არის კრიტიკული აზროვნებისა და ეთიკური განხილვის პროვოცირება რთულ სიტუაციებში თვითმართვადი მანქანების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ჰარარი სვამს კითხვებს მორალურ დილემებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოიქმნება, როდესაც ხელოვნური ინტელექტის სისტემამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს გარკვეული ადამიანების სიცოცხლის მოსპობას სხვების გადასარჩენად. ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებში ჩადებული ეთიკური პარამეტრებისა და ღირებულებების დაყენებაზე? რა მორალური პრინციპებით უნდა წარიმართოს თვითმართვადი მანქანების გადაწყვეტილების მიღება? ეს არის იმ კითხვების არასრული ჩამონათვალი, რომელთაც ფილოსოფიური მანქანის მეტაფორა აჩენს.
არსებობს ლოგიკური ეჭვი იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ადამიანურ რესურსს მრავალი ტიპის პროფესიაში, რაც გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას და უმუშევრობის დონის აწევას. მოცემული საკითხი განხილულია იუვალ ნოა ჰარარის წიგნში „21 გაკვეთილი ოცდამეერთე საუკუნისთვის“, სადაც აღნიშნულია, რომ მომავალში ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი იქნება სწავლისა და ადაპტაციის უნარი. ცვლილებების სწრაფი ტემპის გათვალისწინებით, ჰარარი ამტკიცებს, რომ ახალი ცოდნისა და უნარების შეძენა მთელი ცხოვრების განმავლობაში გადამწყვეტი გახდება სამუშაო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის. ჰარარი ასევე ხაზს უსვამს საზოგადოების მიერ სამუშაოს ტრადიციული ცნებებისა და მისი ღირებულებების გადახედვის აუცილებლობას. რუტინული და განმეორებადი ამოცანების ავტომატიზაციასთან ერთად, ის ვარაუდობს, რომ ადამიანებმა უნდა იმუშაონ ისეთი თვისებების განვითარებაზე, როგორიცაა კრეატიულობა, თანაგრძნობა და ინტერპერსონალური უნარები, რომლებიც არ გააჩნია ხელოვნურ ინტელექტს. ხელოვნური ინტელექტი არათუ შეამცირებს სამუშაო ადგილებს, მეტიც, ის წარმოქმნის ახალი ტიპის პროფესიებს, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტის მართვასა და კონტროლზე. მაგალითად, პილოტების ავტოპილოტით ჩანაცვლებამ რამდენიმე სამუშაო ადგილი გააქრო, მაგრამ შექმნა მრავალი ახალი შესაძლებლობა ტექნიკური მომსახურების, დისტანციური მართვის, მონაცემთა ანალიზისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში. აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება ოცდაათი ადამიანი, რათა მართოს ყველა უპილოტო თვითმფრინავი, ხოლო ინფორმაციის შედეგად მიღებული მონაცემების გაანალიზებას, სულ მცირე, ოთხმოცი ადამიანი ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, ხელოვნური ინტელექტი მართალია გააქრობს გარკვეული ტიპის პროფესიებს, თუმცა ამასთანავე შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.
აღნიშნული რისკის გათვალისწინებით, უდავოა, რომ საჭიროა ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირება. ხელოვნური ინტელექტის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის იდეა თავდაპირველად აზიის ქვეყნებში გაჩნდა. ხელოვნური ინტელექტის სფეროში სახელმწიფოების მხრიდან ეროვნული სტრატეგიის მიღების იდეა უკავშირდება ამ სფეროს სწრაფ განვითარებას, რასაც თან ახლავს როგორც წარმოუდგენელი შესაძლებლობები, ისე გამოწვევები. ამგვარი დოკუმენტის მიღება პანაცეა არ არის. ამას ზოგიერთი ქვეყნის მიერ მიღებული დოკუმენტის არაპრაქტიკულობაც მოწმობს. სტრატეგიული დოკუმენტი პირველ რიგში ესაჭიროება ისეთ სახელწიფოებს, რომლებსაც მაღალგანვითარებული ტექნოლოგიები აქვთ და რომლებიც ამგვარი ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევებში, მათ რეალიზაციაში, ექსპერიმენტებში მილიარდობით აშშ დოლარს ხარჯავენ. ამ მხრივ უდავო ლიდერებად აშშ და ჩინეთი მიიჩნევა. მაგალითად, ჩინეთი ყოველწილიურად 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს ხარჯავს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებში.
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე ერთადერთი ტექნოლოგიაა, რომელსაც აქვს პოტენციური უნარი, თვითსწავლისა და თვითგანვითარების შედეგად მიაღწიოს და გადაასწროს ადამიანის შესაძლებლობებს. ხელოვნური ინტელექტის რეალური გამოწვევა ის გახლავთ, რომ მისი განვითარების მთავარი წყარო ადამიანთა პერსონალური მონაცემების რაც შეიძლება მეტი მოპოვება და გაანალიზებაა, რაც წინააღმდეგობაში მოდის მთელ რიგ ეთიკურ საკითხებთან. ამიტომ სტრატეგიები მიზნად უნდა ისახავდნენ ამგვარი გამოწვევების თავიდან არიდებას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელოვნური ინტელექტის სფეროში ლიდერ ქვეყნებს წარმოადგნენ აშშ და ჩინეთი. საინტერესოა ამ ქვეყნების ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგიები ეროვნული კანონმდებლობის დონეზე. მაგალითად, აშშ-ს არ გააჩნია კოორდინირებული ეროვნული სტრატეგია. 2018 წელს თეთრ სახლში შედგა კონფერენცია, სადაც სიტყვით გამოსვლისას, მაიკლ კრაციოსმა, პრეზიდენტის თანაშემწემ ტექნოლოგიების პოლიტიკაში, წარმოადგინა პრეზიდენტის მიდგომა ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის მიმართ. მან გამოაცხადა, რომ მთავრობას აქვს ოთხი მიზანი: 1. შეინარჩუნოს ამერიკის ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის სფეროში; 2. ამ მიმართულებით მხარი დაუჭიროს ამერიკელებს; 3. ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ კვლევასა და განვითარებას და 4. მოხსნას ბარიერები ინოვაციებზე. ამ მიზნების მისაღწევად მთავრობა ორიენტირებული იქნება ინოვაციის მარეგულირებელი ბარიერების მოხსნაზე, რათა ამერიკულ კომპანიებს ჰქონდეთ ინოვაციურობის მოქნილობა და ზრდის საშუალება.
პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა, ჩინეთი იყო. 2017 წლის ივლისში ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც ასახავდა ქვეყნის ამბიციურ მიზნებს და სტრატეგიას ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის. გეგმა მიზნად ისახავს ჩინეთის 2030 წლისთვის ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ლიდერობას ინოვაციების საკითხში. ჩინეთის ეროვნული ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია ხაზს უსვამს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობას ეკონომიკური ზრდის, საჯარო სერვისების გაუმჯობესებასა და ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში. მნიშვნელოვანია, აგრეთვე განვიხილოთ ევროკავშირის სტრატეგია. 2018 წლის აპრილში ევროკავშირის კომისიამ მიიღო რეზოლუცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს, გაზარდოს ევროკავშირის ტექნოლოგიური და სამრეწველო შესაძლებლობები და ხელოვნური ინტელექტის ათვისება საჯარო და კერძო სექტორში, მოამზადოს ევროპელები ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებებისთვის და უზრუნველყოს შესაბამისი ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა.
როგორც ვხედავთ, ეროვნული სტრატეგია წარმოადგენს ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივაში მისი მიმართულების დადგენას, რაც შემდგომ უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანას წარმოადგენს და ტექნოლოგიურად განვითარებული არ არის, მნიშვნელოვანია, გვქონდეს სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც საწყის ეტაპზე განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის პოზიციას მაღალტექნოლოგიური ქვეყნებიდან მიღებული ხელოვნური ინტელექტის პროგრამების პრიორიტეტულ სფეროებში გამოყენებასთან მიმართებით. საქართველოში არაერთი კვლევა ჩატარდა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. მათ შორის აღსანიშნავია 2020 წლის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევა „ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების საჭიროება საქართველოში“ და 2021 წლის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევა „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საქართველოში (კანონმდებლობა და პრაქტიკა)“. აღნიშნულ კვლევათა ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოსთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრიორიტეტული სფეროები პირველ ეტაპზე შესაძლოა იყოს ჯანდაცვის, აგრარული, განათლებისა და იუსტიციის მიმართულებები; ხოლო შემდგომი ეტაპი უნდა დაეთმოს საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას, რაც გულისხმობს საკანონმდებლო აქტებში ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტექნოლოგიური ტერმინების შემოტანას, მათ განმარტებას და პრიორიტეტულ მიმართულებებში მათი გამოყენების საკანონმდებლო რეგლამენტირებას.
საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე ტექნოლოგიური პროგრესისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩვენი ქვეყანაც ჩაერთოს. ხელოვნური ინტელექტის სისტემების მუდმივმა ზრდამ და დახვეწამ მოახდინა რევოლუცია სხვადასხვა ინდუსტრიაში, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მივაღწიოთ დასახულ ამოცანას უფრო დიდი ეფექტიანობით, სიზუსტით და სისწრაფით, ვიდრე ოდესმე. ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს არა მხოლოდ ყოფით ცხოვრებას, არამედ მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სამართლებრივ ურთიერთობებში არაერთი ერთმანეთისგან განსხვავებული მიზნის მისაღწევად. ხელოვნური ინტელექტის ამ პოტენციალის გამოყენება კი მნიშვნელოვანია ისეთი განვითარებადი ქვეყნისათვის, როგორიცაა საქართველო. შესაბამისად, საჭიროა ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის მიღება, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს ქვეყნის ინტერესსა და სხვადასხვა სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის მზაობას. ეს უკანასკნელი შესაძლებლობას მოგვცემს, გავხდეთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ციფრული სერვისების მქონე ლიდერი ქვეყანა.