„ჩელსის“ შეძენის სურვილი Saudi Media Group-მა გამოთქვა

„ჩელსის“ შეძენის სურვილი Saudi Media Group-მა გამოთქვა

შუა აღმოსავლეთის რეგიონის უდიდესმა მედიაორგანიზაცია Saudi Media Group-მა „ჩელსის“ შეძენის სურვილი გამოთქვა. ის მზად არის რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის კლუბში 2.7 მილიარდი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შვიდ რუს ოლიგარქს, მათ შორის რომან აბრამოვიჩს ვლადიმირ პუტინის რეჟიმთან კავშირის გამო მკაცრი სანქციები დაუწესა და ქვეყანაში ყველა აქტივი გაუყინა. შედეგად, „ჩელსის“ მფლობელს კლუბის გაყიდვის უფლება ჩამოართვეს. „ჩელსის“ გაყიდვაზე პასუხისმგებლობა ბრიტანეთის მთავრობამ აიღო, რომელიც 18 მარტამდე მიღებულ შემოთავაზებებს განიხილავს და გადაწყვეტს, თუ ვის მიჰყიდის პრემიერ-ლიგაში მოასპარეზე კლუბს.

აღსანიშნავია, რომ Saudi Media Group-ის ხელმძღვანელი, მოჰამედ ალხერეიჯი „ჩელსის“ დიდი ქომაგია. ახლა ის დამფინანსებლების მოძიებას ცდილობს და ამ მხრივ მოჰამედ ბინ ხალიდ ალ საუდის, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლისა და ბიზნესმენის იმედი აქვს. ეს უკანასკნელი ტელესაკომუნიკაციო ინდუსტრიაში მომუშავე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია Saudi Telecom Company-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. უნდა ითქვას, რომ კომპანიის წილს საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი (PIF) ფლობს, რომელიც ინგლისური საფეხბურთო კლუბის „ნიუკასლ იუნაიტედის“ მესაკუთრეა.

ცნობისთვის, Saudi Media Group-ის შემოსავალი წელიწადში საშუალოდ 770 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამიტომ „ჩელსის“ შესაძენად ფინანსური მხარდამჭერების კომპანიის გარეთ მოძიებაა საჭირო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.