ჩინელ ასტრონომებს ტიბეტის მთიანეთში ობსერვატორიის აშენება სურთ

ჩინელ ასტრონომებს ტიბეტის მთიანეთში ობსერვატორიის აშენება სურთ

ჩინელ ასტრონომებს ტიბეტის მთიანეთში, შინგაის პროვინციის ქალაქ ლენგუს მახლობლად, საიშიტენგის მწვერვალზე ასტრონომიული ობსერვატორიის გახსნა სურთ, –  ამ საკითხზე, მათ რესპექტაბელურ სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში სტატია გამოაქვეყნეს. ცნობისთვის, რომ აზიის იმ რეგიონს, რომელშიც ტიბეტის მთიანეთი მდებარეობს, ხშირად „დედამიწის სახურავს“ უწოდებენ.

კონკრეტული ადგილი ასტრონომიული კვლევისათვის რომ გამოდგეს, მან ოთხი პარამეტრი უნდა დააკმაყოფილოს: 1) მოწმენდილი ცა – გვხვდება თუ არა ღრუბლები და დაბინძურებულია თუ არა ჰაერი; 2) სტაბილური ამინდი და ჰაერი – რა გავლენას მოახდენს ატმოსფერო ღამით ჩატარებულ ოპტიკურ და ინფრაწითელი შუქის გამოყენებით ჩატარებულ კვლევებზე; 3) მდებარეობა ინფრასტრუქტურასთან მიმართებით – რამდენად დაკავშირებულია ეს ადგილი ელექტროგადამცემ ხაზებთან და რამდენად იოლია იქ მოხვედრა; და 4) ღამის ცაზე ადამიანის აქტივობის კვალი არ უნდა ჩანდეს.

ქალაქმა ლენგუმ, რომელიც ზღვის დონიდან 2700 მეტრზე მდებარეობს, „სახელი არაჩვეულებრივად მოწმენდილი ცით გაითქვა. ამას გარდა, ლენგუს გარშემო მარსის მსგავსი ლანდშაფტი გვხვდება“, – ამბობს ლიკაი დენგი, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერი და ზემოთხსენებული სტატიის ერთ-ერთი ავტორი. მეცნიერი იმასაც ამბობს, რომ ადგილობრივ მთავრობას ასტრონომიითა და გეოგრაფიით დაინტერესებული ტურისტების მოზიდვა სურს, რისთვისაც ისინი საიშიტენგის მწვერვალზე ობსერვატორიის აშენების რენტაბელურობას უკვე იკვლევენ. აღსანიშნავია, რომ ამ ადგილას, ჩინეთის მთავრობას, სხვადასხვა ტიპის ტელესკოპების მთელი წყების აშენება სურს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში საუკეთესო ობსერვატორიები დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროში გვხვდება, ზღვის დონიდან მაღლა მდებარე ადგილებში, როგორებიცაა კუნძულ ჰავაიზე მდებარე მწვერვალი მაუნა კეა, კანარის კუნძულებზე მწვერვალი ლა პალმა, ან ატაკამას უდაბნოში მდებარე მწვერვალი სერო პარანალი. თუმცა, ობსერვატორიისათვის გამოსადეგი მოწმენდილი ცა აღმოსავლეთშიც უხვად გვხვდება – ჩინელი ასტრონომების სურვილი, სწორედ ამ იდეას ეფუძნება.