ინვესტორების დილემა: მიატოვონ მილიარდობით დოლარი ავღანეთში თუ ითანამშრომლონ თალიბანთან

ინვესტორების დილემა: მიატოვონ მილიარდობით დოლარი ავღანეთში თუ ითანამშრომლონ თალიბანთან

ავღანეთიდან საგარეო მთავრობების, მხარდამჭერი ინსტიტუტებისა და კომპანიების მიერ საკუთარი წარმომადგენლების გაყვანის პროცესის პარალელურად, სულ უფრო მეტად ისმის კითხვა: უნდა დაამყარონ კონტაქტი ქვეყნის მმართველ ძალასთან, თალიბანთან, თუ უნდა მიატოვონ ათეულობით წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციები?

გასულ კვირას თალიბანმა პირობა დადო, რომ მშვიდობიან ურთიერთობას დაამყარებდა სხვა ქვეყნებთან, ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან და დამოუკიდებელ მედიასთან. თუმცა, ყოფილი დიპლომატებისა და მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ დაჯგუფება კვლავინდებურად მკაცრია და მისი ნდობა არ შეიძლება.

თალიბანის სახელმწიფო სათავეში ყოფნისას, 1996 წლიდან 2001 წლამდე, ქალებს სკოლაში სიარული და სამოქალაქო უფლებების განხორციელება ეკრძალებოდათ. გარდა ამისა, თალიბანის წევრები მფარველობდნენ 11 სექტემბრის ტერაქტზე პასუხისმგებელ ტერორისტულ ორგანიზაცია, ალ კაიდასაც.

ცნობისთვის, ავღანეთის ბიუჯეტის 70-80% საგარეო დახმარებებზეა დამოკიდებული, რომელშიც მნიშვნელოვანი წილი USAID-ს შეაქვს. თუმცა, თითქმის ყველა მხარდამჭერი ორგანიზაცია ქვეყანას დაფინანსებას უწყვეტს.

უცხო მთავრობების მიერ ავღანეთის დატოვების პარალელურად, უკან რჩება მილიარდობით დოლარი, რომელიც სხვადასხვა პროექტებში ჩაიდო ავღანეთის რეკონსტრუქციის ნდობის ფონდის ფარგლებში. მაგალითად, შეერთებულ შტატებს ავღანეთის რეკონსტრუქციაში 2002 წლიდან 145 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული. მსოფლიო ბანკს კი სხვადასხვა დროს სესხების სახით ავღანეთისათვის 5.3 მილიარდი აშშ დოლარი აქვს გამოყოფილი. ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აქვს შეტანილი აზიის განვითარების ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს.

თუმცა, ავღანეთში არსებული რთული ვითარების ფონზე, ჯერ-ჯერობით, გაურკვეველი რჩება, როგორ განაგრძობენ საკუთარ საქმიანობას ქვეყანაში აღნიშნული ორგანიზაციები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *