ჩინეთი გათავისუფლებულია

ჩინეთი გათავისუფლებულია

ზრდისა და აღმავლობის გზაზე მდგარი ჩინეთი საზღვაო საზღვრებთან დაკავშირებული საკუთარი პრეტენზიების დაცვას აპირებს. ალბათ გულუბრყვილობა იქნებოდა დაგვეჯერებინა, რომ ძლიერი ჩინეთი დაეთანხმებოდა უბრალო განსაზღვრებას იმის შესახებ, თუ გარშემო მდებარე საზღვაო ტერიტორიების რომელი ნაწილები შედის მის იურისდიქციაში. ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ უსიამოვნოა ჩინეთის მეზობლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, მათ შორის – აშშ-სთვის.

ჩინეთი, ბრუნეი, მალაიზია, ფილიპინები და ვიეტნამი სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიულ და საზღვაო საკითხებთან დაკავშირებულ გრძელვადიან დავაში ჩაბმულები აღმოჩნდნენ. ფილიპინებმა, საზღვაო კანონის შესახებ გაეროს კონვენციის თანახმად (UNCLOS), საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქმის განხილვა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა გადაწყვიტა სასამართლო პროცესში მონაწილეობა არ მიეღო.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევა თუ შეუძლებელი გახდება, იდეალური გამოსავალი იქნებოდა დავის მოგვარება საერთაშორისო კანონმდებლობასა და სამართლებრივ პრინციპებზე დაყრდნობით, მათ შორის – გაეროს კონვენციაზე საზღვაო კანონის შესახებ, რომელიც სხვა ბევრი მსგავსი საქმის საფუძველზე ჩამოყალიბდა. შეიძლება თუ არა ამის გაკეთება ისეთი იურიდიული პლატფორმის მეშვეობით, როგორიცაა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ)? ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ისეთი ზესახელმწიფოები, როგორიცაა ჩინეთი და აშშ, როგორც წესი, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ან სხვა მსგავს ფორუმებს არ მიმართავენ. აღორძინებული ჩინეთი სულაც არ აპირებს საკუთარი საზღვაო საზღვრების დადგენა, კიდევ ერთხელ, გარეშე მხარეებს მიანდოს. ამიტომ არა მგონია, რომ ჩინელებმა განაცხადონ საკუთარი პრეტენზიების შესახებ, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ამ წყლებზე ჩინეთის ისტორიულ უფლებებს ეფუძნება და ამით საერთაშორისო იურისდიქციას საშუალება მისცენ, არსებული დავა იმ კანონების გამოყენებით გადაჭრას, რომლებიც მაშინ შეიქმნა, როდესაც ჩინეთი ჯერ კიდევ სუსტი სახელმწიფო იყო. გარდა ამისა, ჩინეთი ვარაუდობს, რომ აშშ მის ახლანდელ კარგ ურთიერთობებს ჩინეთთან რისკის ქვეშ არ დააყენებს და ფილიპინებსა და ჩინეთს შორის მიმდინარე დავაში არ ჩაერევა.

საიდან მოდის ეს უეცარი ინტერესი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე ზოგიერთ ტერიტორიასთან დაკავშირებით? რა, ამ კლდეებზე, გაზისა და ნავთობის პოვნა, თუ თევზჭერაა შესაძლებელი? არა, აქ საქმე ბევრად უფრო დიდ ინტერესებს ეხება, ვიდრე კლდეები და ბუნებრივი რესურსებია. ჩინეთი სამხრეთ ჩინეთის ზღვას განიხილავს, როგორც მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტერესების გასაღებს. აღმავლობის გზაზე მდგარი ქვეყანა პოლიტიკურ არენაზე საკუთარი პოზიციების განმტკიცებას ამ წყლებზე მისი კუთვნილი ისტორიული უფლებების დაცვით აპირებს. ამიტომ ამ დავის მოგვარება, რომელიც განსხვავებული პრინციპების საფუძველზე, არსებული მოთხოვნებიდან წარმოიშვა, როგორც ჩანს, შეუძლებელია.

საერთაშორისო ვაჭრობის ერთი მესამედი სამხრეთ ჩინეთის ზღვის გავლით ხორციელდება. ეს კომუნიკაციების ერთ-ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის საზღვაო ხაზია. ბევრ სხვა ქვეყანასაც მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ის მოიცავს ნაოსნობისა და საჰაერო სივრცეში გადაადგილების თავისუფლებას და, ამასთან ერთად, დავის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას. ამ დავის გადასაჭრელად და წარუმატებლობებისა და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა განსხვავებული ინტერესების მართვის ჩარჩო-სტრუქტურის ჩამოყალიბება.

მზერა წარსულისკენ

ჩინეთის წარსულზე დაფუძნებული ისტორიული უფლებების პრეტენზიების განხილვისას, საჭიროა გავითვალისწინოთ ჩინეთის საზღვაო ფლოტილიების მოღვაწეობა იმ შორეულ წარსულში, როდესაც ქრისტეფორე კოლუმბს ამერიკის კონტინენტი ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღმოჩენილი, ხოლო ვასკო და გამა ინდოეთში მოხვედრაზე არც კი ოცნებობდა. ექვს საუკუნეზე მეტი ხნის წინ, მინის დინასტიის იმპერატორმა, ჩჟუ დიმ, მრავალრიცხოვანი სავაჭრო გემებისგან შემდგარი ფლოტილია დანარჩენი მსოფლიოს გამოსაკვლევად და სავაჭრო ურთიერთობების დასამყარებლად გაგზავნა. ამ ექსპედიციის სათავეში მან დააყენა კაცი, სახელად ჩჟენ ჰე (1371–1433). ჩჟენ ჰე მუსულმანური რწმენით დაიბადა და გაიზარდა, რაც დამახასიათებელი იყო იმ ადგილისთვის, რომელიც ამჟამად იუნანის პროვინციის ქალაქ კუნმინს წარმოადგენს. 1381 წელს ბიჭი მინის დინასტიის წარმომადგენლებმა გაიტაცეს და ნანიინში მონად წაიყვანეს. იქ ის დაასაჭურისეს და ჩჟუ დის სასახლეში მსახურად გაგზავნეს. ჩჟუ დი იმ დროისთვის მემკვიდრე უფლისწული იყო, რომელიც მოგვიანებით იმპერატორი გახდა.

დაახლოებით 3 ათწლეულის განმავლობაში (1405–1433), ჩჟენ ჰე დასავლეთისკენ შვიდ ექსპედიციას წარუძღვა, რაც იმ დროისათვის უპრეცედენტო შემთხვევა იყო, თუ მხედველობაში მივიღებთ მათ სიდიდესა და დიაპაზონს. ამ ექსპედიციებმა შემოიარეს სამხრეთ ჩინეთის ზღვა, ინდოეთის ოკეანე, სპარსეთის ყურე და ისეთ შორეულ ხმელეთს მიაღწიეს, როგორიცაა აფრიკის სანაპირო. გემები, რომლებიც ამ ექსპედიციებში მონაწილეობდა, ზომით ბევრად აღემატებოდა – არქეოლოგიური მტკიცებულებების თანახმად, მათი სიგრძე 400 ფუტზე მეტს შეადგენდა (რაც, დაახლოებით 121 მ-ს უდრის) – კოლუმბის გემებს, რომლებითაც მან ატლანტის ოკეანე გადაცურა.

ამ ექსპედიციებმა მინის დინასტიის ძალისა და სიმდიდრის ფართო დემონსტრირება მოახდინა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩინელებმა, ამ ექსპედიციების მეშვეობით, მრავალ ქვეყანაში თავიანთი ღრმა კვალი დატოვეს, იმდენად, რომ მეჩეთებს, ჩჟენ ჰეს მიერ ადგილობრივ საზოგადოებაში შეტანილი წვლილის პატივსაცემად, მისი სახელი დაერქვა. თუ ისტორიული პრეტენზიების მიხედვით შესაძლებელია ზღვებსა და ოკეანეებზე ამა თუ იმ ქვეყნის იურისდიქციის დამყარება, ჩინელებს შეუძლიათ მტკიცებულებად ის ფაქტი მოიყვანონ, რომ 600 წლის წინ ისინი ზღვაოსნობას ეწეოდნენ წყლებში, რომელთა იურისდიქცია საკამათო არ იყო.