ჩინეთი კოსმოსში NASA-ს დომინირებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად კვლევებს აძლიერებს და ამჯერად, 2028 წლისთვის, მთვარეზე პირველი ბაზის აშენებას აანონსებს. Caixin-ის ინფორმაციით, მთვარის ბაზა, სავარაუდოდ, ბირთვული ენერგიით მომარაგდება.
ბაზის ძირითადი კონსტრუქცია ლენდერისგან, ჰოპერისგან, ორბიტული საფრენი აპარატისა და როვერისგან შედგება. ბაზა Chang’e 6, 7 და 8 მისიების განმავლობაში აშენდება. პროგრამის მთავარი კონსტრუქტორის ვარაუდით, ჩინელი ასტრონავტები მთვარეზე გამგზავრებას, სავარაუდოდ, მომავალი ათი წლის განმავლობაში შეძლებენ. მისივე განცხადებით, ბირთვული ენერგია მთვარის სადგურის გრძელვადიან და მაღალ ენერგომოთხოვნილებას დააკმაყოფილებს.
ჩინეთის ამბიციები კოსმოსში ბოლო წლებში განსაკუთრებით გაძლიერდა. ქვეყანამ დედამიწის ორბიტაზე საკუთარი კოსმოსური სადგური ააშენა და მთვარეზე როვერებიც გაგზავნა. ჩინეთის გეგმები პირდაპირ კონკურენციაშია ამერიკის შეერთებული შტატების მიზნებთან. NASA 1970-იან წლებში დასრულებული Apollo-ს პროგრამის შემდეგ პირველად, ათწლეულის ბოლომდე, მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნასაც გეგმავს.
კოსმოსურ კვლევებზე ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ. ცნობისთვის, 2019 წელს, ჩინეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარის შორეულ მხარეს როვერის დასმა და იქიდან მთვარის პირველი ნიმუშების მოპოვება შეძლო. სამხრეთ პოლუსი, სადაც ჩინეთის ბაზა პირველი იქნება, მეცნიერთა დაკვირვებით საუკეთესო ადგილია წყლის საპოვნელად და შესაბამისად, NASA-ს ინტერესის სფეროშიცაა. ჩინეთის მიზანი კი, საბოლოოდ, ბაზის საერთაშორისო კვლევით სადგურად გაფართოებაა.