უმდიდრესი ადამიანები, რომლებსაც Giving Pledge-ისთვის ხელი არ მოუწერიათ

უმდიდრესი ადამიანები, რომლებსაც Giving Pledge-ისთვის ხელი არ მოუწერიათ

ცოტა ხნის წინ, Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა თავისი ქონების უმეტესი ნაწილის ქველმოქმედებისთვის გაღება გადაწყვიტა. თუმცა მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომლის ქონებაც მოცემული დროისთვის $117.3 მილიარდს შეადგენს, Giving Pledge-ის ინიციატივაზე ხელმოწერისგან კვლავ თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ინიციატივა, რომელსაც ბილ გეიტსმა და უორენ ბაფეტმა 2010 წელს ჩაუყარეს საფუძველი, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელ მილიარდერებს აერთიანებს. Giving Pledge-ის მონაწილე მილიარდერები, მათი სიცოცხლის განმავლობაში, ქონების ქველმოქმედებისთვის გაღების პირობას დებენ. როგორც თავად დამფუძნებლები უწოდებენ, „მორალურ ვალდებულებას“, 236 მილიარდერი შეუერთდა, მათ შორის არიან თავად ბაფეტი და გეიტსი, ასევე ილონ მასკი და ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაქკენზი სკოტი.

თუმცა ბეზოსი, რომელმაც ქონების უმეტესი ნაწილის ქველმოქმედებისთვის გაღების პირობა რამდენიმეწლიანი კრიტიკის შემდგომ გადაწყვიტა, ერთადერთი მილიარდერი არაა, რომელიც Giving Pledge-ის ინიციატივას ჯერ არ შეერთებია.

წარმოგიდგენთ შვიდ უმდიდრეს ადამიანს, რომელთაც Giving Pledge-ის ინიციატივისთვის ხელი არ მოუწერიათ:

ბერნარ არნო  – $181 მილიარდი

ბერნარ არნო ფრანგული LVMH-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. არნოს Giving Pledge-ის ინიციატივისთვის ხელი არ მოუწერია და არც განცხადება გაუკეთებია გადაწყვეტილების შესახებ. უცნობია ისიც, თუ რამდენი აქვს გაღებული ქველმოქმედებისთვის მილიარდერს. თუმცა LVMH-მა, ონლაინ გამოქვეყნებულ განცხადებაში, კომპანიის საქველმოქმედო მისიას ხაზი გაუსვა და არნოს ოჯახის მიერ 2019 წელს ხანძრით დაზიანებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის გაღებულ $226 მილიონზეც ისაუბრა.

გაუტამ ადანი – $134.3 მილიარდი

გაუტამ ადანი ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული კონგლომერატის, Gautam Adani-ის თავმჯდომარეა. გასული წლის განმავლობაში მილიარდერმა საქველმოქმედო საქმიანობა გაზარდა. მაგალითად, ივნისში, თავისი კომპანიის ფილანთროპიულ ჯგუფ Adani Foundation-ს, $7.7 მილიარდი შესწირა. ჯგუფი ინდოეთში სოციალური საკითხების, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამების მხარდამჭერია.

ჯეფ ბეზოსი – $117.3 მილიარდი

Forbes-ის შეფასებით, ბეზოსის მიერ გაღებული ქველმოქმედება $2.4 მილიარდ დოლარზე მეტია. Amazon-ის დამფუძნებელმა კლიმატის საკითხებისთვის არაკომერციული ორგანიზაციაც ჩამოაყალიბა, სახელწოდებით Bezos Earth Fund-ი, რომლის საშუალებითაც დამატებით $10 მილიარდის გაღებას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ბეზოსს Giving Pledge-ის ინიციატივისთვის ხელი არ მოუწერია, ბიზნესმენმა საკუთარი სიცოცხლის განმავლობაში ქონების უმეტესი ნაწილის ქველმოქმედებისთვის გაღებაზე ცოტა ხნის წინ საჯაროდ ისაუბრა. CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მილიარდერმა დადებითად უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა სიმდიდრის უმეტესი ნაწილი ქველმოქმედებისთვის გაღებას.

მუკეშ ამბანი – $96.5 მილიარდი

კვლევითმა ჯგუფმა Hurun India-მ, Reliance Industries-ის თავმჯდომარე ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე გულუხვ ქველმოქმედად დაასახელა. 2022 წლის დასაწყისში ბიზნესმენმა ქველმოქმედებისთვის $50 მილიონზე მეტი გაიღო. 2010 წელს ამბანიმ თავისი კომპანიის ფილანთროპიული ჯგუფი Reliance Foundation-იც დააარსა, რომელიც ინდოეთში ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო პროგრამებსა და აგრონომიული საკითხების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

ლარი პეიჯი – $83.3 მილიარდი

Google-ის თანადამფუძნებელმა ჯერ კიდევ 2014 წელს განაცხადა, რომ ქონების სრულად დატოვებას მისი ორი შვილისთვის არ აპირებს, თუმცა მის მიზნებში დიდად ქველმოქმედებაც არ ხვდება. ამის მაგივრად, როგორც TED-თან ინტერვიუში თქვა, ურჩევნია, თავისი ქონების უმეტესი ნაწილი იმ მეწარმეებს გადასცეს, რომელთაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ. იმ დროს პეიჯმა მაგალითად ილონ მასკი მოიყვანა და მის მიზანს, მარსზე წასვლას, ღირსეული უწოდა.

სერგეი ბრინი – $80 მილიარდი

ლარი პეიჯის მსგავსად, Giving Pledge-ზე ხელი არ მოუწერია Google-ის კიდევ ერთი თანადამფუძნებლის, სერგეი ბრინსაც. მილიარდერს საჯაროდ არც ინიციატივის და არც მისი საქველმოქმედო მიზნების შესახებ არ უსაუბრია. ბრინმა წარსულში STEM-ის საგანმანათლებლო არაკომერციული ორგანიზაცია Girls Who Code-ისთვის $63 მილიონი გაიღო, 2019 წელს კი $1 მილიონი „ემიგრანტთა დახმარების ებრაულ საზოგადოებას“ გადასცა. სწორედ ეს ორგანიზაცია დაეხმარა ბრინს და მის ოჯახს, მილიარდერის ბავშვობისას, საბჭოთა კავშირიდან აშშ-ში გამოქცევაში.

სტივ ბალმერი – $79 მილიარდი

სტივ ბალმერი Microsoft-ის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი იყო, რომელიც გეიტსის მმართველობისას პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებდა. ბალმერი Microsoft-ის აქციების 4%-ს ფლობს და, მისივე წარსულიდან გამომდინარე, გეიტსის მიერ წამოწყებულ ინიციატივაში მილიარდერის არყოფნა ცოტა მოულოდნელია. თუმცა, როგორც ბალმერმა თქვა, მისი და გეიტსის გზები 2014 წელს გაიყო. იმავე წელს ბალმერმა NBA-ის Los Angeles Clippers-ი შეიძინა და მისი თავმჯდომარეობა შეითავსა. ის და მისი მეუღლე არაკომერციულ ორგანიზაცია Ballmer Group-ს ფლობენ და გასული წლის განმავლობაში, საქველმოქმედო გრანტების სახით, $420 მილიონიც გაიღეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *