ჩინეთი პეკინში ახალი საფონდო ბირჟის გახსნას გეგმავს

ჩინეთი პეკინში ახალი საფონდო ბირჟის გახსნას გეგმავს

ჩინეთმა მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურების მიზნით მესამე საფონდო ბირჟის გახსნა დააანონსა. მომსახურებითა და სერვისებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაზე მყოფმა  პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ აქციების ახალი ბაზარი ქვეყნის დედაქალაქში, პეკინში იქნება წარმოდგენილი.

ჩინეთს ამჟამად ორი აქტიური საფონდო ბირჟა აქვს: ერთი შანხაის ფინანსურ ჰაბში მდებარეობს, ხოლო მეორე – სამხრეთის ქალაქ შენჟენში. აღნიშნული გადაწყვეტილების აუცილებლობა ჩინური კომპანიებისათვის შეერთებულ შტატებში შექმნილმა პრობლემებმა წარმოშვა.

პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნული გეგმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაავრცელა, თუმცა, მისი გამოსვლისთანავე ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობა გეგმის პერსპექტივებით აღფრთოვანებულია. მარეგულირებელმა ორგანომ ასევე განაცხადა, რომ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს ახალი საფონდო ბირჟა განვითარების დიდ პოტენციალს აძლევს.

მარეგულირებლის განცხადებით, საფონდო ბირჟაზე რეგისტრაციის სისტემა შანხაის STAR ბაზრის იდენტური იქნება. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ამერიკული Nasdaq-ის მაღალტექნოლოგიური პლატფორმის კონკურენტ სისტემად ითვლება.

ბოლო თვეების განმავლობაში ჩინეთის ხელისუფლებამ მთელი რიგი ღონისძიებები განახორციელა, რომელთაც უდიდესი გავლენა იქონიეს ქვეყნის კერძო სექტორის დიდ ნაწილზე –  ტექნოლოგიური გიგანტებითა და რეპეტიტორების ფირმებით დაწყებული, მუსიკალური ტრანსლაციის პლატფორმებითა და ტელეკომპანიებით დამთავრებული.

მიმდინარე თვის დასაწყისში ხუთწლიანი გეგმის წარდგენით, ჩინეთის მთავარობამ ადგილობრივი კომპანიები გააფრთხილა, რომ აღნიშნული შემავიწროებელი პოლიტიკა გაგრძელდება. ახალი გეგმა კი მიზნად ისახავს ეკონომიკის უმეტესი სფეროების კიდევ უფრო მკაცრ რეგულირებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *