2022 წელს ტაჯიკეთის საგარეო ვალმა 3.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რომლიდანაც 2 მილიარდი აშშ დოლარი ქვეყანას ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკიდან აქვს აღებული. მიუხედავად იმისა, რომ ვალის ოდენობა ტაჯიკეთის ეკონომიკის ზომასთან შედარებით ძალიან მაღალია (ქვეყნის მშპ მხოლოდ 8.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს), ქვეყნის მთავრობა დაჟინებით აცხადებს, რომ საგარეო ვალის გარეშე ეკონომიკის მოდერნიზებისთვის საჭირო პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. მაშინ როდესაც ჩინეთისგან მიღებული სესხები მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და ენერგოპროექტების დაფინანსების წყაროა, ისინი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გარკვეულ ფარულ რისკებსაც შეიცავს.
2021 წელს დუშანბემ პეკინისთვის მხოლოდ და მხოლოდ 65.2 მილიონი აშშ დოლარის დაბრუნება შეძლო. დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები (როგორიცაა ტაჯიკეთი), რომლებისთვისაც სესხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა მათი გადახდა უჭირთ, ხშირად არასასურველი შედეგების წინაშე დგებიან. მაგალითად, ტაჯიკეთი ვალის გადახდას საკმაოდ ნელი ტემპით ახერხებს. აქედან გამომდინარე, ტაჯიკეთის მთავრობა იძულებული გახდა, ალტერნატიული გზებით გაესტუმრებინა ვალი, რამაც ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული ინტეგრაცია გარკვეულწილად დააზიანა. ჩინეთისთვის ვალის ვერდაბრუნების გამო ჯერ კიდევ 2011 წელს ქვეყანას მოუწია პამირის ქედთან ახლოს მდებარე 1158 კვ/კმ-ის სიდიდის ტერიტორიის ჩინეთისთვის გადაცემა, 2017 წელს კი ტაჯიკეთმა ჩინეთს ნება დართო, მის ტერიტორიაზე საიდუმლოდ გაეხსნა სამხედრო ბაზა. ბევრ პოლიტიკის მეცნიერს მიაჩნია, რომ ჩინური სესხები, ერთი შეხედვით, უპირობოა, თუმცა ისინი ქვეყნებს ე.წ. ვალის ხაფანგში ამწყვდევს. ტაჯიკეთის მაგალითის გათვალისწინებით, მოსაზრება, რომ ჩინეთისგან აღებულ ვალს არ გააჩნია პოლიტიკური პირობები, მცდარი ხდება.
ჩინეთს ხშირად აკრიტიკებენ საინვესტიციო სესხების მტაცებლურად გამოყენების გამო, რაც გულისხმობს ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში მოვალე ქვეყნისთვის ალტერნატიული გზების გამონახვის მოთხოვნას. ზოგიერთი მკვლევარი ასეთ პრაქტიკას კოლონიალიზმის ახალ ვერსიად მიიჩნევს, რადგან ქვეყნებს, რომელთაც არ შეუძლიათ დიდძალი ვალის გასტუმრება, გადახდის სხვა მეთოდების მოძიება უწევთ. სწორედ ასეთი პოლიტიკის გამო ბევრს მიაჩნია, რომ ჩინეთი საკუთარი „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში ე.წ. ვალის ხაფანგის დიპლომატიას ატარებს, განვითარებად ქვეყნებს თავისზე დამოკიდებულს ხდის და შემდეგ მათზე გეოპოლიტიკურ გავლენას ამყარებს. 10 წელზე მეტია, რაც ტაჯიკეთის მთავრობა „სარტყლისა და გზის ინიციატივაში“ ჩართვას საკუთარი სუსტი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურისთვის სასიცოცხლოდ აღიქვამს. თუმცა დიდძალი ვალი დუშანბეს საგარეო ვალის მიმართ უფრო დაუცველს ხდის, რაც ტაჯიკეთზე ჩინეთის გავლენას მნიშვნელოვნად ზრდის და პეკინს ქვეყანაში უსაფრთხოების საკუთარი ინტერესების გატარების საშუალებას აძლევს.
ცხადია, რომ ჩინეთი საკმაოდ დაინტერესებულია ტაჯიკეთზე საკუთარი ბერკეტების გაძლიერებით, რადგან ის შუა აზიაში, „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ პროექტისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს რეგიონში, მდებარეობს. პირველ რიგში, ტაჯიკეთი „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ განსახორციელებლად გეოეკონომიკურადაა უმნიშვნელოვანესი. ქვეყანა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) წევრიცაა, ჩინეთის ტერორიზმთან, სეპარატიზმსა და რელიგიურ ექსტრემიზმთან ე.წ. სამ ბოროტებასთან, ბრძოლაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიული პარტნიორია. აღსანიშნავია ტაჯიკეთის სინძიანის რეგიონთან სიახლოვეც, რომელიც უმცირესობაში მყოფი მუსლიმი უიღურებითაა დასახლებული, რაც ჩინეთისთვის უფრო ზრდის ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. ჩინეთის მთავრობას აშფოთებს ის, რომ მუსლიმ უიღურ სამხედროებს სწორედ ამ საზღვრის გავლით შეუძლიათ ჩინეთზე თავდასხმა.
დღეისათვის ტაჯიკეთი აზიისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად რჩება. 2017 წლიდან ქვეყანაში ინვესტიციის უპირველეს წყაროდ ჩინეთი იქცა, თუმცა ამ მოვლენამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საკმაოდ დიდი საფრთხეც შეუქმნა. გასული ათწლეულის განმავლობაში ტაჯიკეთი იძულებული გახდა, საკუთარი ტერიტორია ნაწილ-ნაწილ დაეთმო ჩინეთისთვის. 2021 წელს დუშანბემ ჩინეთისთვის მხოლოდ და მხოლოდ 65.2 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოახერხა, რაც მთლიანი ვალის 4%-ის ტოლია, ეს კი შესაძლოა, ძალიან უარყოფითად აისახოს მომავალში ტაჯიკეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.
2011 წელს ტაჯიკეთის ტერიტორია 143,1 ათას კვ/კმ-ს შეადგენდა, ხოლო 2021 წლისთვის – მხოლოდ 141,4 კვ/კმ-ს. 2011 წელს ტაჯიკეთის მთავრობამ კი მხოლოდ 1100 კვ/კმ გადასცა ჩინეთს. როგორც ჩანს, 2017 წელს მოხდა ტერიტორიის კვლავ გადაცემა, თუმცა ამჯერად – გახმაურების გარეშე. როგორც ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სტატისტიკის სააგენტო გვამცნობს, ქვეყნის ფართობი ისევ შემცირებულია, რადგან კვლავ გაჩუქდა 600 კვ/კმ ტერიტორია. საბოლოო ჯამში, 30 წლის მანძილზე ტაჯიკეთმა ჯამში 1,700 კვ/კმ ფართობის ტერიტორია დაკარგა. გაურკვეველია, თუ რომელ ქვეყანას გადაეცა, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა სწორედ ჩინეთი უნდა იყოს. ტერიტორიის გაჩუქება კი, დიდი ალბათობით, კვლავ დიდძალმა გადაუხდელმა სესხმა გამოიწვია.
ტაჯიკეთი ჩინურ ინვესტიციებზე ძლიერაა დამოკიდებული და „სარტყლისა და გზის ინიციატივა“ მისთვის ეკონომიკურად სასიცოცხლო წყაროა. აქედან გამომდინარე, ტაჯიკეთის სესხებზე გრძელვადიან პერიოდში დამოკიდებულება და ვალის ისევ ტერიტორიის გადაცემით გასტუმრება არც უახლოეს მომავალშია გამორიცხული. ტაჯიკეთის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ჩინური ვალის ხაფანგის დიპლომატია ნამდვილად არსებობს, რაც „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ უკან პეკინის პოლიტიკური მოტივების არსებობის შესახებ ბევრ კითხვას ბადებს. სრულიად შესაძლებელია, რომ შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის დაბალშემოსავლიანი განვითარებადი ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკურად არცთუ ისე სტაბილურები არიან და ჩინური ინიციატივების მიმართ დადებითად არიან განწყობილი, მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტაჯიკეთი ნამდვილად არ არის ერთადერთი მაგალითი. ასეთ ქვეყნებს შორისაა მონტენეგროც, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურებში მოწინავე ქვეყანაა, მსგავს ფინანსურ პრობლემას წააწყდა და მხოლოდ ევროკავშირისგან 1 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების მიღების შემდეგ შეძლო ამ პრობლემის გადალახვა. საინტერესოა, ტაჯიკეთის მსგავს რეალობაში რა იქნებოდა მონტენეგროსთვის ვალის დაბრუნების ალტერნატიული გზა.