ჩინეთის სახელმწიფო საბჭო პირობას დებს, რომ ხელს შეუწყობს ჰონგ-კონგისა და ამერიკის საფონდო ბირჟებზე განთავსებულ ჩინურ კომპანიებს და მათ პირველად საჯარო შეთავაზებებს (IPO).
ჩინეთის მთავრობის განცხადება აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის (SEC) გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც გასულ კვირას რამდენიმე ჩინურ კომპანიას, კერძოდ, Yum China Holdings-ს, ACM Research-ს, BeiGene-სა და Zai Lab-ს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის უფლება შეუჩერა. მიუხედავად იმისა, რომ SEC-ს საფონო ბირჟებიდან არცერთი მსხვილი ჩინური კომპანია არ გაუძევებია, მარეგულირებლის გადაწყვეტილებამ პანიკური ვაჭრობა გამოიწვია და რამდენიმე დღეში ჩინური კომპანიების აქციები თითქმის 30%-ით შემცირდა.
ოფიციალური პეკინის ახალი განცხადება ინვესტორებმა დადებითად მიიღეს, გასულ 24 საათში ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის Alibaba-ს აქციების ფასი 27%-ით გაიზარდა, Baidu-ს ღირებულება – 21%-ით, ჰონგ-კონგის ძირითად ინდექსი კი 9.1%-ითაა გაზრდილი, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ზრდის ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია.
ექსპერტების შეფასებით, საბჭოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ტექნოლოგიური გიგანტების მიმართ ჩინეთის მთავრობის დამოკიდებულების ცვლილებაზე მიუთითებდეს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კომუნისტურმა პარტიამ ახალი რეგულაციების პაკეტი მიიღო, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს ჩინურ ბიზნესსექტორს, განსაკუთრებით კი მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს.
გარდა საკანონმდებლო ჩარჩოს გამკაცრებისა, მთავრობამ Alibaba-ს დამფუძნებლის, ჯეკ მას კომპანიის – Ant Group-ის რეკორდული, $37-მილიარდიანი პირველადი შეთავაზება დაბლოკა. რამდენიმე თვეში კი Alibaba-ს წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევის მუხლით საგამოძიებო პროცესი დაიწყო, რომელიც კომპანიის 2.8 მილიარდი დოლარით დაჯარიმებით დასრულდა. მთავრობის სამიზნეები გახდნენ Tencent-ი და ByteDance-იც.