Intel-ი ევროპაში $88-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს

Intel-ი ევროპაში $88-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს

ნახევარგამტარების ინდუსტრიის ერთ-ერთი გლობალური ლიდერი, ამერიკული Intel-ი, მომავალი ათწლეულის განმავლობაში, ნახევარგამტარების ევროპული წარმოების ჯაჭვის ყველა რგოლში, ჯამურად, $88 მილიარდს დააბანდებს – ამგვარი გადაწყვეტილებით, კომპანია მიკროჩიპების გლობალურ დეფიციტთან გამკლავებას გეგმავს. „ამას რატომ ვაკეთებთ? იმიტომ, რომ მსოფლიოში ნახევარგამტარების აუარებელი მოთხოვნაა“, – განაცხადა Intel-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, პეტ გელსინგერმა.

დაბალანსებული და უდრეკი ევროპული მიწოდების ჯაჭვის შესაქმნელად Intel-ი ევროპაში მის უახლეს ტექნოლოგიას ჩაიტანს და ათობით მილიარდ დოლარს გამოყოფს იმისთვის, რომ გერმანიაში, ირლანდიაში, საფრანგეთსა და იტალიაში წარმოება საგრძნობლად გაზარდოს.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს, ევროკავშირის ლიდერებმა $47-მილიარდიანი „ჩიპების ევროპული აქტი“ წარმოადგინეს, რომლითაც მიზნად მიკროჩიპების ევროპული წარმოების გაფართოება და აზიურ წარმოებაზე დამოკიდებულების შემცირება სურთ. „დარწმუნებული ვარ, რომ ამიერიდან ამ ინიციატივას კიდევ უფრო მეტი კომპანია შეუერთდება“, – Intel-ის განცხადების შესახებ თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელსაც სურს, რომ 2030 წლისთვის, ევროკავშირმა მიკროჩიპების გლობალური ბაზარზე საკუთარი წილი გააორმაგოს.

Intel-ის ახალი საინვესტიციო გეგმის მიხედვით, პირველი ნაბიჯი ევროპული წარმოების გაზრდას შეეხება – ამისთვის, ამერიკული გიგანტი გერმანიაში ქარხანას ააშენებს, რომლისთვისაც 17 მილიარდ ევროს გამოყოფს. თუკი ევროკომისია Intel-ის ამ გადაწყვეტილებას მწვანე შუქს აუნთებს, ქარხანა 2027 წლისთვის გაიხსნება და მასში სამი ათასი ადამიანი დასაქმდება.

ამასთანავე, Intel-ი ირლანდიური წარმოების გაფართოებასაც გეგმავს – ამისთვის, ის ლეიქსლიპში არსებულ ქარხანას გააფართოებს და ამაში 12 მილიონ ევროს გადაიხდის, რაც კომპანიის მიერ ირლანდიაში განხორციელებულ ინვესტიციას, ჯამურად, 30 მილიარდ ევრომდე აიყვანს.

ის, რომ ბოლო დროს Intel-ი წარმადობის გაზრდას ცდილობს, საიდუმლო არავისთვის არ არის. სწორედ ამაზე მეტყველებს ის მსხვილი ინვესტიციები, რომლებიც ამერიკულმა გიგანტმა შტატ არიზონაში მდებარე საწარმოს გაფართოებასა და შტატ ოჰაიოში მიკროჩიპების მსოფლიოს უმსხვილესი საწარმოს შექმნაში დააბანდა. საინტერესოა ისიც, რომ ამგვარი მიდგომა ამართლებს, რაზეც Intel-ის გასული კვარტლის ფინანსური შედეგები მეტყველებს: კომპანიამ საკუთარ ისტორიაში საუკეთესო კვარტალური და წლიური შედეგები დააფიქსირა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *