ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართა. ტიანანმენის მოედანზე შეკრებილ 50,000-მდე ადამიანს სიტყვით პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიმართა, რა დროსაც მის გვერდით 25-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმყოფებოდა.
„დღეს კაცობრიობა არჩევანის წინაშე დგას: მშვიდობა თუ ომი, დიალოგი თუ დაპირისპირება, ორმხრივი მოგება თუ ნულოვანი ჯამი“, – განაცხადა სი ძინპინმა სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ „ჩინელი ხალხი ისტორიის სწორ მხარეს მტკიცედ დგას“. ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის, CCTV-ის ცნობით, დამსწრეები აღლუმზე მწვანე, წითელ და ოქროსფერ სკამებზე ისხდნენ. ეს ფერები, შესაბამისად, ნაყოფიერ მიწას, ადამიანურ მსხვერპლს და მშვიდობას განასახიერებს. პეკინში უსაფრთხოების ზომები აგვისტოდან, აღლუმის რეპეტიციების დაწყების დღიდან გაძლიერდა.
წლევანდელ სამხედრო აღლუმზე სი ძინპინმა 25-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურს უმასპინძლა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პეკინში ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ასევე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.

მსოფლიოს მეორე უდიდესმა ეკონომიკამ, რომელმაც 2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტისთვის დაახლოებით $246 მილიარდი გამოყო, სამხედრო აღლუმზე წარმოადგინა ჰიპერბგერითი რაკეტები, ბირთვული „ტრიადის“ ახალი თაობა, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, სტრატეგიული ბომბდამშენები და სტელს უპილოტო დრონები. მათი უმეტესობა კი ჩინეთმა პირველად გამოაჩინა.
სამხედრო აღლუმი 80 ქვემეხის გასროლით დაიწყო, რაც გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმბოლური ჟესტი იყო. ამ პროცესს საჰაერო შოუ ერთვოდა, ვერტმფრენებითა და გამანადგურებლებით, რომელიც 80,000 მტრედისა და ფერადი ბუშტების გაშვებით დასრულდა.
აღლუმში ტრადიციულ სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ქვედანაყოფებთან – სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები – ერთად, პირველად, კიბერსივრცის დანაყოფიც მონაწილეობდა. სახელმწიფო მედია Global Times-ის ცნობით, აღლუმზე წარმოდგენილ ყველაზე „შთამბეჭდავ იარაღს“ შორის იყო: გემების გასანადგურებლად შექმნილი ჰიპერბგერითი რაკეტები; თხევად საწვავზე მომუშავე კონტინენტთაშორისი ბირთვული სტრატეგიული რაკეტა, რომლის მოქმედების არეალშიც „სრულიად მსოფლიო“ ხვდება; კოსმოსური თავდაცვის სისტემები, რომელთაც უცხო სატელიტების განადგურების შესაძლებლობა აქვს და სხვა ტიპის სამხედრო იარაღი, რომელიც, გამოცემის შეფასებით, ჩინეთმა საკუთარი პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად გამოფინა.
მედიის შეფასებითვე, ეს იარაღი განსაკუთრებით საყურადღებო აშშ-ის საზღვაო ძალებისთვისაა, რომელთაც იაპონიაში მეშვიდე ფლოტის ბაზიდან დასავლეთ წყნარ ოკეანეში პატრულირება უწევთ.
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმზე ჩინეთმა დამსწრეებს ახალი YJ-15 რაკეტა წარუდგინა, მასთან ერთად კი უკვე ცნობილი YJ-17, YJ-19 და YJ-20 ჰიპერბგერითი რაკეტები. Ying Ji-ის (ქართულად „არწივის შეტევა“) რაკეტების გაშვება შესაძლებელია როგორც გემებიდან, ისე თვითმფრინავებიდან. ისინი ძირითადად დიდი ზომის გემების დასაზიანებლადაა განკუთვნილი. Bloomberg-ის ცნობით, „ავიამზიდების მკვლელის“ სახელით ცნობილი YJ-21-ის დიაპაზონი, სავარაუდოდ, 600 კილომეტრს აღწევს.

ამასთან ერთად, პეკინში გამართულ აღლუმზე ჩინეთმა ორი ტიპის დიდი ზომის უპილოტო წყალქვეშა აპარატი (XLUUV) წარმოადგინა. AJX002 მოდელი დაახლოებით 18 მეტრი სიგრძისაა და, როგორც ჩანს, მას შეუმჩნევლად გადაადგილება შეუძლია. გავრცელებული ცნობებით, ჩინეთს მსოფლიოში უდიდესი XLUUV პროგრამა აქვს და მათგან XLUUV-ის ხუთი სახეობა უკვე წყალქვეშაა.
გამარჯვების დღის აღლუმზე ჩინეთმა პირველად წარადგინა ბირთვული შესაძლებლობების მქონე სამი სახის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები: Dong Feng-61, Dong Feng-31BJ და Dong Feng-5C. ასევე პირველად იყო ნაჩვენები საჰაერო გაშვების ბირთვული რაკეტა JL-1, რომელიც სამხედრო სატვირთო მანქანაზე იყო მოთავსებული. Global Times-ის ინფორმაციით, DF-5C-ის მოქმედების რადიუსი 20,000 კმ-ზე მეტია და მას ერთ რაკეტაზე 12 საბრძოლო ქობინის მოთავსება შეუძლია.

აღლუმზე გამოფენილ რაკეტებს შორის, რომლებიც ამ დრომდე ჩინეთის მიერ არც წარმოდგენილი და არც დოკუმენტირებული არ ყოფილა, არის ისეთი ჰიპერბგერითი რაკეტები, როგორიცაა Dong Feng-17 და Dong Feng-26D, რომლებიც, ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ნებისმიერი ამინდის პირობებში მოქმედია.
HQ-29-ის კოსმოსური თავდაცვის სისტემა ჩინეთმა აღლუმზე ასევე პირველად გამოაჩინა. სისტემას უცხოური თანამგზავრების ჩამოგდების შესაძლებლობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიზუსტის შესახებ ცნობები არ არსებობს, მისი ზომის გათვალისწინებით, HQ-29-ის მოქმედების რადიუსი აშშ-ის საზღვაო ძალების SM-3 Block IIA სისტემის მსგავსი უნდა იყოს, რომლის გაშვებაც შესაძლებელია ხმელეთიდან ან გემიდან.
აღლუმზე წარმოდგენილი იყო „მიმართული ენერგიის“ ორი ტიპის ლაზერული იარაღი, რომელიც პირდაპირ საზღვაო ხომალდზე თავსდება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მათგანი აშკარად საზღვაო საჰაერო თავდაცვისთვის იყო შექმნილი, მეორე, რომელიც სატვირთო მანქანაზე იყო განთავსებული, სავარაუდოდ, სახმელეთო ჯარების დასაცავადაა განკუთვნილი. გარდა ამისა, ნაჩვენები იყო დრონსაწინააღმდეგო იარაღების სრული სპექტრი: სარაკეტო ქვემეხები, მაღალენერგიული ლაზერები და მძლავრი მიკროტალღური იარაღები.

ბოლოს კი ჩინეთის აღლუმზე დამსწრეთა ყურადღება მიიპყრო ე.წ. „რობოტი ძაღლების“ ლეგიონმაც, რომელიც ხაზს უსვამდა ჩინეთის აქცენტს, როგორც თავად უწოდებს „ინტელექტუალიზებულ ომზე“. აღლუმში მონაწილე რობოტები შეიძლება გამოყენებულ იქნას ბრძოლის ველზე როგორც დამოუკიდებელ იარაღად, ასევე ჯარისკაცების დამხმარე სამხედრო ტექნიკად.