ჩინეთმა შესაძლოა ამერიკული პროდუქციის ნაწილი 125%-იანი ტარიფისგან გაათავისუფლოს

ჩინეთმა შესაძლოა ამერიკული პროდუქციის ნაწილი 125%-იანი ტარიფისგან გაათავისუფლოს

მედიასააგენტო Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის ხელისუფლება აშშ-დან იმპორტირებული ზოგიერთი პროდუქტის 125%-იანი ტარიფისგან გათავისუფლებას განიხილავს. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა უკავშირდებოდეს ეკონომიკური ზიანის აღმოფხვრას, რომელიც ორმხრივმა მკაცრმა საბაჟო გადასახადებმა ქვეყანას მოუტანა.

Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა უკვე დაიწყო ამერიკული საქონლის სიის შედგენა, რომელსაც გადასახადისგან გათავისუფლება შეეხება. სამინისტრომ ასევე მოუწოდეს კომპანიებს, წარადგინონ მოთხოვნები იმ პროდუქციაზე, რომლის ალტერნატივაც ჩინეთში არ მოიპოვება.

ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ჩინეთში, მაიკლ ჰარტმა, დაადასტურა, რომ ქვეყანა კომპანიებს სთხოვს დეტალურ ინფორმაციას იმ საქონელზე, რომლის ჩანაცვლებაც ადგილობრივ ბაზარზე შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათით ადრე ჩინურმა ფინანსურმა მედიაგამოცემა Caijing-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აშშ-დან იმპორტირებულ რვა სახეობის ჩიპსა და ნახევარგამტარზე დაწესებული ტარიფები გაუქმდა. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, მეხსიერების ჩიპებზე გადასახადი კვლავ ძალაში რჩება.

გავრცელებული ინფორმაციით, იმ კომპანიებს, რომლებმაც 10-დან 24 აპრილამდე უკვე გადაიხადეს იმპორტის გადასახადი ამ საქონელზე, ექნებათ უფლება, თანხის უკან დაბრუნება მოითხოვონ.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსა და საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, ჩინეთმა აშშ-დან საქონლის იმპორტზე 125%-იანი გადასახადი დონალდ ტრამპის მიერ სატარიფო ომის გაჩაღების შემდეგ, საპასუხო ნაბიჯის სახით დააწესა. აქვე გეტყვით, რომ აშშ-ის მიერ ჩინური საქონლის იმპორტზე დაწესებული ტარიფი 145%-ს შეადგენს.