ჩინური Didi ელექტრომობილების ბიზნესში შესვლას გეგმავს

ჩინური Didi ელექტრომობილების ბიზნესში შესვლას გეგმავს

ჩინური სატრანსპორტო კომპანია Didi სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ ავტომწარმოებელთან, Sinomach Automobile-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ანონიმური წყაროების მიერ Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, Didi გეგმავს Sinomach-ის ელექტრომობილების დანაყოფის 30%-მდე წილი შეისყიდოს.

გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, Didi Global-ის სტრატეგიული განვითარება ელექტრომობილების მსოფლიოში უდიდეს ბაზარზე კიდევ უფრო დაჩქარდება. გარდა ამისა, გარიგების წარმატება პანდემიის გამო მისი ძირითადი ბიზნესისათვის მიყენებულ წნეხსაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.

გარკვეული პერიოდის წინ ჩინური მარეგულირებელი ორგანოების მიერ გამოვლენილი მონაცემების უსაფრთხოების საეჭვო დარღვევების გამო, Didi-ს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან საკუთარი აქციების მოხსნა უხდება. თუმცა, აღნიშნული გარემოებების გამო, შესაძლოა ვითარება შეიცვალოს.

Sinomach Zhijun-ის წილების შესყიდვა Didi-ს დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდება. წყაროს ინფორმაციით, გარიგების წარმატებით დასასრულებლად მხარეებმა ერთთვიანი პერიოდი აიღეს. გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი Didi კომპანია Sinomach Zhijun-ის მეორე ყველაზე დიდი მეწილე გახდება.

ამჟამად ამ უკანასკნელის 67%-ს სწორედ Sinomach Automobile-ი ფლობს. ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ, Didi-ს აქციათა ფასმა 4%-ით მოიმატა. ცნობისათვის, კომპანიის აქციათა ფასი წელს 55%-ითაა შემცირებული.

სავარაუდოა, რომ Didi-ს ეს გადაწყვეტილება ელექტრომობილების გლობალურ ინდუსტრიაზე დადებითად იმოქმედებს. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი ელექტრომობილებისათვის ყველაზე დიდ ბაზრად ითვლება.