ჩვენი მზის სისტემის ცენტრისკენ გიგანტური კომეტა მოემართება

ჩვენი მზის სისტემის ცენტრისკენ გიგანტური კომეტა მოემართება

ჩვენი მზის სისტემის შიდა რეგიონისკენ ასტრონომების მიერ დღემდე დაფიქსირებული ყველაზე დიდი ზომის კომეტა, სახელწოდებით C/2014 UN271 (Bernardinelli-Bernstein) მოემართება. ობიექტი, რომლის დიამეტრიც, სპეციალისტების გამოთვლებით, სულ მცირე 100 კილომეტრს შეადგენს, ბოლოს დაახლოებით 3,5 მილიონი წლის წინ მოგვიახლოვდა. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სამეცნიერო პორტალ arXiv-ზე გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

C/2014 UN271 ასტრონომებმა პროექტ Dark Energy Survey-ის ფარგლებში 2014 წლის 20 ოქტომბერს აღმოაჩინეს, როდესაც ის მზისგან 29 ასტრონომიული ერთეულით, ანუ 4,3 მილიარდი კილომეტრით იყო დაშორებული. თავდაპირველად მეცნიერებმა ზომის გამო ციური სხეული ჯუჯა პლანეტად მიიჩნიეს, თუმცა მოგვიანებით დაადგინეს, რომ ის კომეტაა. სპეციალისტების განცხადებით, C/2014 UN271 ჩვენი მზის სისტემის შიდა რეგიონისკენ ე.წ. ოორტის ღრუბლიდან მოემართება, რომელიც დედამიწიდან რამდენიმე მილიარდი კილომეტრის დისტანციაზეა განლაგებული.

მეცნიერების თქმით, კომეტა დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მათივე განცხადებით, C/2014 UN271 ჩვენს მნათობთან ყველაზე ახლოს, 10,97 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე, 2031 წელს მივა. როგორც ცნობილია, ამ დროს ჩვენი პლანეტიდან ობიექტის შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელი იქნება. სპეციალისტების გამოთვლებით, მზის სისტემის შიდა რეგიონში უკანასკნელად სტუმრობისას C/2014 UN271 ვარსკვლავს 18 ასტრონომიული ერთეულის დისტანციაზე მიუახლოვდა. მეცნიერების ვარაუდით, ამის შემდეგ კომეტა მზეს დაახლოებით 40 ათასი ასტრონომიული ერთეულით დაშორდა და კვლავ მისკენ გამოემართა.

C/2014 UN271-ზე დაკვირვების შედეგად ასტრონომებს ჩვენი მზის სისტემის განვითარების ადრეულ ეტაპზე მასში არსებული კოსმოსური ობიექტების ქიმიური შემადგენლობის გარკვევის საშუალება მიეცემათ. მეცნიერების ვარაუდით, ოორტის ღრუბლიდან მომავალი კომეტების შემცველობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ისინი ჩვენს მნათობს მილიარდობით წლის წინ დაშორდნენ.

 

ფოტო: NOIRLab/NSF/AURA/J. da Silva

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.