CIES Football Observatory Weekly Post-მა სატრანსფერო ინვესტირებების მოცულობით, მსოფლიოს საფეხბურთო კლუბების რეიტინგი წარადგინა. სიის შედგენისას, გამოცემამ გუნდში მხოლოდ ამჟამად მყოფი ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები გაითვალისწინა. CIES-ის მიმდინარე წლის რეიტინგის ტრანსფერებში, €1 მილიარდზე მეტის ინვესტირებით, სამი ინგლისური და ერთი ფრანგული კლუბი ლიდერობს.
CIES Football Observatory-ის რეიტინგის სათავეში „მანჩერსტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ აღმოჩნდნენ. როგორც გამოცემა იუწყება, „იუნაიტედის“ შემადგენლობის დაკომპლექტება €1.15 მილიარდი დაჯდა – დანახარჯი მოიცავს ინგლისურ კლუბში 2023 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით მყოფი ფეხბურთელების შესაძენად დახარჯულ სატრანსფერო საფასურსა და ნებისმიერი სახის სატრანსფერო დანამატს. გასაკვირი არცაა, რომ აქედან €411 მილიონი ფორვარდებზე დახარჯა, თუმცა „იუნაიტედს“, სხვა კლუბებთან შედარებით ყველაზე მეტი, €383 მილიონი მცველების, მათ შორის ჰარი მაგუაიერისა და ლისანდრო მარტინესის შესაძენად აქვს გამოყოფილი.
ფორვარდებზე ყველაზე მაღალი დანახარჯით კი ლიგა 1-ის „პარი სენ-ჟერმენი“ გამოირჩევა. ფრანგულმა კლუბმა ამჟამინდელი წევრების ტრანსფერებისთვის ჯამში €1 მილიარდი გაიღო, საიდანაც ნახევარზე მეტი, €557 მილიონი მხოლოდ ფორვარდებისთვის გამოიყო. სწორედ პარიზული კლუბი ასრულებს ტრანსფერებზე დახარჯული €1-მილიარდიანი კლუბების ოთხეულს, „ჩელსისა“ (€1.042 მილიარდი) და „მანჩესტერ სიტის“ (€1.134 მილიარდი) შემდეგ.
თუმცა კლუბის დაკომპლექტების ხარჯი სრულიად განსხვავებულია თავად კლუბის ღირებულებისგან და ბევრი მათგანი ტრანსფერებზე დანახარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს და ფეხბურთელებს მაღალი ხელფასების შეთავაზებით, ზოგჯერ უფასოდაც კი იბირებს. ამ სტრატეგიას იყენებს საუდის არაბეთის ბევრი კლუბი და კრიშტიანუ რონალდუც ერთ-ერთია, რომელიც „საუდი-პრო ლიგას“ უფასოდ შეუერთდა. საუდის არაბეთის კლუბებს შორის ყველაზე მეტი ნეიმარის „ალ-ჰილალმა“ დახარჯა და რეიტინგში €382 მილიონით მე-18 პოზიციაზეა.
რაც შეეხება Forbes-ის შეფასებით 2023 წლის ყველაზე ძვირად ღირებულ კლუბ „რეალ მადრიდს“ ის სატრანსფერო ინვესტირებების რეიტინგში €708 მილიონით მხოლოდ მერვე ადგილს სჯერდება, თუმცა ერთადერთი ესპანური კლუბია, რომელმაც ათეულში მოხვედრა მოახერხა. მე-17 პოზიციაზე €387 მილიონით „მადრიდის ატლეტიკოა“, ხოლო მე-19 ადგილზე „ბარსელონა“, ტრანსფერებში დახარჯული €375 მილიონით. აღსანიშნავია, რომ ესპანურ კლუბებს შორის ნახევარმცველებზე ყველაზე მეტი, €447 მილიონი „მადრიდის რეალმა“ დახარჯა, ხოლო ფორვარდებში – „ბარსელონამ“ (€183 მილიონი).
საერთო ჯამში, Forbes-ის ექვსი ყველაზე ძვირად ღირებული კლუბიდან მხოლოდ ორი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ მოხვდნენ CIES-ის რეიტინგის პირველ ექვსეულში. მაგალითისთვის, Forbes-ის მესამეადგილოსანი „ბარსელონა“ CIES-ის სიაში ისეთ კლუბებს ჩამორჩება, როგორიც „ევერტონი“, „ლაიფციგი“ და „ალ-ჰილალია“.
აღნიშნული მიუთითებს, რომ საფეხბურთო კლუბების ღირებულება და სატრანსფერო დანახარჯები, სულ მცირე, მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც, მჭიდრო კავშირში არ არის ერთმანეთთან.
სატრანსფერო დანახარჯებით საფეხბურთო კლუბების რეიტინგი (2023 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით კლუბში მყოფი ფეხბურთელები):
- „მანჩესტერ იუნაიტედი“, ინგლისი – €1.150 მილიარდი
- „ჩელსი“, ინგლისი – €1.134 მილიარდი
- „მანჩესტერ სიტი“, ინგლისი – €1.042 მილიარდი
- „პარი სენ-ჟერმენი“, საფრანგეთი – €1 მილიარდი
- „არსენალი“, ინგლისი – €836 მილიონი
- „ტოტენჰემი“, ინგლისი – €829 მილიონი
- „ლივერპული“, ინგლისი – €770 მილიონი
- „მადრიდის რეალი“, ესპანეთი – €708 მილიონი
- „ნიუკასლ იუნაიტედი“, ინგლისი – €661 მილიონი
- „ვესტ ჰემ იუნაიტედი“, ინგლისი – €505 მილიონი