CNBC: საქართველოს ეკონომიკამ რუსეთის იზოლაციით ისარგებლა - თუმცა ახლა დასავლეთის შესაძლო სანქციების რისკის ქვეშაა

CNBC: საქართველოს ეკონომიკამ რუსეთის იზოლაციით ისარგებლა - თუმცა ახლა დასავლეთის შესაძლო სანქციების რისკის ქვეშაა

უკრაინის ომი საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკაზე დადებითად აისახა, თუმცა ახლა ქვეყნებს, რუსეთთან გაზრდილი ვაჭრობის გამო, დასავლეთისგან სანქციები ემუქრება. აღნიშნული შინაარსით სტატიას ამერიკული გამოცემა CNBC-ი ავრცელებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოსა და სომხეთში გასულ წელს ეკონომიკა, შესაბამისად, 10.1%-ითა და 12.6%-ით გაიზარდა, რასაც ამერიკული გამოცემა უმეტესწილად რუსი მუშახელის, სიმდიდრისა და ვაჭრობის ზრდით პოსტპანდემიური აღდგენის გაძლიერებას უკავშირებს. გაეროს სააგენტო 2023 წელს საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ზრდის 4%-იან და 5.5%-იან შენელებასაც ვარაუდობს, თუმცა მას ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონისთვის დამახასიათებელ ზომიერებად აფასებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ზრდა ერთდროულად „შესაძლებლობას, თუმცა რისკსაც“ წარმოადგენს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის, რადგან ევროკავშირი და დიდი შვიდეულის მოკავშირეები, სანქციების გვერდის ავლაზე, ახალი სანქციების დაწესებას განიხილავენ.

მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსების განცხადებით, ზრდის ფუნდამენტური მამოძრავებელი ფაქტორი „არ გამქრალა“ და შესაძლოა აღნიშნული ქვეყნები საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცნენ. „მიზეზი, რის გამოც ჩვენი ეკონომიკური ზრდა ისე არ შენელდა, როგორც უნდა შენელებულიყო, მსოფლიოს მიერ რუსეთის გათიშვაა, რითაც ჩვენმა ქვეყნებმა ისარგებლეს“, – განუცხადა CNBC-ს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ხელმძღვანელმა მიხეილ კუკავამ.

დასავლელი ლიდერები კი წელს არაერთგზის გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ მოვაჭრეთა ნაწილი, რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად ისეთ ქვეყნებს იყენებდნენ, როგორიცაა სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი და თურქეთი. თავის უახლეს ეკონომიკურ პერსპექტივაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მსგავს ქვეყნებს იზოლირებული სახელმწიფოებისთვის ე.წ. შუამავალი სავაჭრო პარტნიორები უწოდა.

„ევროკავშირიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ-იდან ექსპორტი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში მკვეთრად გაიზარდა, რაც მიუთითებს „შუამავლობითი ვაჭრობის“ ზრდაზე, რომლის საშუალებითაც საქონელი ცენტრალური აზიის ეკონომიკაში გადადის და შემდგომ რუსეთში იყიდება“, – ნათქვამია EBRD-ის განცხადებაში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს რუსეთი საქართველოს სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია იმპორტით, ხოლო მესამე უდიდესი სავაჭრო პარტნიორი – ექსპორტის მაჩვენებლით. 2022 წელს ქვეყანაში რუსული იმპორტი 79%-ით, ხოლო რუსეთში ექსპორტი 7%-ით გაიზარდა.