კვლევა: ფინანსურ სექტორში დასაქმებულთა ნახევარი სამსახურს დატოვებს, თუ მათ ოფისში მეტი დროის გატარებას მოსთხოვენ

კვლევა: ფინანსურ სექტორში დასაქმებულთა ნახევარი სამსახურს დატოვებს, თუ მათ ოფისში მეტი დროის გატარებას მოსთხოვენ

Markets Live Pulse-ის უახლესი კვლევით, ფინანსურ სექტორში დასაქმებული პირების ნახევარი თანამდებობას დატოვებს – ან უკვე დატოვა – თუ მას მენეჯერები ოფისში უფრო მეტი დროის გატარებას მოსთხოვენ. კვლევის ფარგლებში, გლობალურად გამოკითხული 1,585 რესპონდენტიდან, ნახევარზე მეტი ჰიბრიდული მუშაობის მომხრეა, ოფისში მუშაობას მხარს მხოლოდ მათი 20% უჭერს.

კვირაში ხუთი დღით ოფისში თანამშრომელთა დაბრუნების მომხრეებს შორის არიან უოლ-სტრიტის ხელმძღვანელები. JPMorgan Chase & Co.-მ მმართველ დირექტორებთან დისტანციური მუშაობის შეთანხმებები აპრილში დაასრულა და დასაქმებულებს კვირის დღეებში ოფისში დაბრუნება მოსთხოვა. ბანკის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეიმი დაიმონის განცხადებით, ახალგაზრდა პერსონალისა და უფროსებისთვის, სახლიდან მუშაობა არაეფექტიანია.

მართალია, ფინანსური სექტორი ტექნიკურ და საცალო ვაჭრობას თანამშრომელთა გათავისუფლების რაოდენობით მნიშვნელოვნად ჩამორჩება, Challenger, Gray & Christmas-ის კვლევით, ინდუსტრიამ შეერთებულ შტატებში მიმდინარე წელს დაახლოებით 37,000 სამუშაო ადგილი (320%-ით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით) შეამცირა. Morgan Stanley-მ შემცირების მეორე რაუნდი ექვს თვეზე ნაკლებ დროში დაიწყო, Goldman Sachs Group-ი კი, ერთ წელზე ნაკლებ დროში, გათავისუფლების მესამე რაუნდის შესაძლო შედეგებს უკვე განიხილავს.

მიუხედავად ამისა, MLIV Pulse-ის კვლევით, ფინანსური სექტორის წარმომადგენლების დაახლოებით 40% უკვე მუშაობს ოფისში ოთხ ან მეტ დღეს, რაც მათ ოფისში მუშაობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს თითქმის ორჯერ აღემატება. თუმცა, MLIV Pulse-ის გამოკითხვით, თანამდებობებიდან გათავისუფლებებს თანამშრომელთა ოფისში გატარებულ საათებზე გავლენა არ მოუხდენია. მაგალითისთვის, უოლ-სტრიტის ათი პროფესიონალიდან მხოლოდ ერთმა განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი შემცირებები, ოფისში უფრო ხშირად მისვლისთვის მოტივაციად ექცა.

აღნიშნულ ფაქტს Challenger-ის ვიცე-პრეზიდენტი ფინანსურ სექტორში უმუშევრობის რეკორდულად დაბალ დონეს და სამუშაოს მაძიებელთათვის ვაკანსიების სიუხვეს უკავშირებს. Scoop Technologies-ის მონაცემებით კი, ბანკების ორ მესამედზე მეტი თანამშრომლებს სრულად მოქნილ ან ჰიბრიდულ სამუშაო გარემოს სთავაზობს.