Coinbase-ის დამფუძნებელმა ადამიანთა სიცოცხლის  გახანგრძლივების მიზნით სტარტაპი დააარსა

Coinbase-ის დამფუძნებელმა ადამიანთა სიცოცხლის  გახანგრძლივების მიზნით სტარტაპი დააარსა

კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმა Coinbase-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბრაიან არმსტრონგმა ბიოინჟინერ ბლეიკ ბაიერსთან ერთად სტარტაპი სახელწოდებით NewLimit-ი დააარსა, რომელიც ეპიგენეტიკური რეპროგრამირების მიმართულებით იმუშავებს. აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდის გამოყენებით ადამიანების დაბერების პროცესისთვის ხელის შეშლა და მათი სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.

NewLimit-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ საწყის ეტაპზე კომპანიაში მომუშავე მეცნიერები დაბერების ეპიგენეტიკური ფაქტორების ღრმად შესწავლას დაიწყებენ. მიზანი ისეთი პროდუქტების შექმნაა, რომლებიც მათ პაციენტებში ქსოვილების რეგენერირების შესაძლებლობას მისცემთ. სპეციალისტები მანქანური სწავლების მოდელების შემუშავებას გეგმავენ, რომელთა  დახმარებითაც ასაკის მატებასთან ერთად დაბერების გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ. საბოლოოდ კი ჩამოაყალიბებენ თერაპიას, რომელიც ამ პროცესს შეანელებს, შეაჩერებს ან შეაბრუნებს.

NewLimit-ის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიაში აცნობიერებენ, რომ მათი მიზანი საკმაოდ ამბიციურია და არ გამორიცხავენ, მცდელობა – „განკურნონ სიბერე“ უშედეგო აღმოჩნდეს ან შედეგის მისაღწევად ათწლეულები გახდეს საჭირო. სწორედ ამ უკანასკნელის გათვალისწინებით, NewLimit-ში ფიქრობენ, რომ რაც უფრო სწრაფად დაიწყებენ ადამიანთა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად გზების ძიებას, მით მალე შეძლებენ ჩანაფიქრის განხორციელებას.

შეგახსენებთ, რომ დაბერების საწინააღმდეგო ტექნოლოგიებით კიდევ ერთი მილიარდერი, ჯეფ ბეზოსია დაინტერესებული. ამას ის ფაქტი ადასტურებს, რომ Amazon-ისა და Blue Origin-ის დამფუძნებელმა ბიოლოგიური რეპროგრამირების კომპანია Altos Labs-ში ინვესტიცია განახორციელა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *