კორონავირუსის პანდემია უზარმაზარ წნეხად იქცა ჯანდაცვის სისტემებისთვის. ის უპრეცედენტო გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე და მსოფლიო იმგვარი დაღმასვლისკენ მიჰყავს, რომელსაც უახლესი ისტორიის ვერც ერთ სხვა ეკონომიკურ კრიზისს ვერ შევადარებთ. რეცესიის სიღრმისა და ხანგრძლივობის შეფასება ძნელია: ყოველ რეგიონსა და ქვეყანაში ეს არა მხოლოდ პანდემიის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული, არამედ კონკრეტულ ეკონომიკურ პარამეტრებზე, გარემოებებზე, ძლიერ მხარეებსა და სისუსტეებზე. ეს მოიცავს დემოგრაფიულ მახასიათებლებს, ჯანდაცვის სისტემის განვითარების დონეს, ინტეგრაციას ღირებულების გლობალურ ქსელებში, არასასოფლო-სამეურნეო ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებულებას, ტურიზმზე დამოკიდებულების დონესა და ფულადი დახმარებების წილს ფინანსურ ბრუნვებში.
საქართველო ვირუსის წინდახედულად და წარმატებულად განკარგვის მაგალითს წარმოადგენს. საქართველოში, სადაც გადადებისა და ინფიცირების გაკვალვის ზომები სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო დროულად იქნა მიღებული, ინფიცირების დაბალი მაჩვენებელია და ახლა, თანდათანობით, ქვეყანა კარანტინიდან გამოსვლის ზომებს მიმართავს. ამავე დროს, Covid-19-ის კრიზისი ღრმა ჭრილობებს აყენებს საქართველოს ეკონომიკას. ვირუსის გამო, ტურიზმი და მასთან დაკავშირებული აქტივობები ლამის ერთბაშად გაიყინა, არადა საქართველოს მშპ-ის 30%-ზე მეტი ამ სექტორით ივსება, 45% კი ექსპორტებით. ვირუსის გავრცელების შემაკავებელმა ზომებმა სხვა სექტორებშიც – მაგალითად, სავაჭრო და სერვისების სექტორებში – გამოიწვია ეკონომიკური აქტივობების გაჩერება ან შენელება. დაბოლოს (თუმცა, რაც მნიშვნელოვანია), ფულადი დახმარებების შემცირებული შემოდინება და შესუსტებული მოთხოვნა პროდუქტებსა და სერვისებზე როგორც რეგიონიდან, ისე გლობალურად, ასუსტებს საქართველოს ეკონომიკურ პოზიციებს და, შესაბამისად, მის ფისკალურ მდგომარეობას. მართალია, კრიზისი დროებითია, ის მაინც საჭიროებს ეკონომიკის მხარდასაჭერ მყისიერ ნაბიჯებს, ისევეროგორც საშუალოვადიან სტრატეგიებს, რათა ეკონომიკა მედეგი ზრდის რელსებზე დაბრუნდეს.
საერთაშორისო პარტნიორებსა და ადგილობრივ ფინანსურ სექტორთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დროული ანტიკრიზისული გეგმა ეკონომიკური გაჯანსაღების ძლიერ საფუძველს ქმნის. ამ თვალსაზრისით, საკვანძო მოქმედებათა რიცხვშია ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, ბიზნესების ლიკვიდური საჭიროების მხარდაჭერა როგორც ფისკალური, ისე რეგულაციური ზომების მეშვეობით, და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საჯარო საინვესტიციო პროექტების გაგრძელება. საშუალოვადიან პერსპექტივაში, იმ ახალი ინვესტიციების მხარდაჭერა, რომლებიც Covid-19-ით გამოწვეულ პრობლემებზეა ორიენტირებული (მაგალითად, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და ადგილობრივი წარმოების ზრდა), შესაძლოა, ინსტრუმენტული იყოს მედეგი ზრდის სტიმულირებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ კრიტიკული რეფორმები, როგორიც ახლად მიღებული ენერგოეფექტიანობის კანონია, აგრეთვე ეხმარება მდგრად ეკონომიკურ გაჯანსაღებას.
The European Investment Bank-ი მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ გაჯანსაღებას ყველა ასპექტში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნისთვის გამოყოფილი დახმარების უპრეცედენტო პაკეტში, რომელიც მომზადებულია ევროკავშირთან, ევროპის მთავრობებსა და ევროპის დამფინანსებელ ინსტიტუტებთან კოორდინირებით. საჯარო სექტორის სფეროში, EIB ხელახლა ახდენს არსებული ფონდების განაწილებას, რათა დაეხმაროს ჯანდაცვის სექტორს Covid-19-ით გამოწვეულ საგანგებო ვითარებაში. ამავე დროს, გრძელდება EIB-ის ინვესტიციები ცენტრალურ ტრანსპორტსა და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში, ისევე როგორც მისი ჩართულობა ახალ განახლებად ენერგიასა და სასოფლო- სამეურნეო პროექტებში. EIB ასევე აგრძელებს საქართველოს კერძო სექტორის მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი ორიენტირებულია იმაზე, რომ მიკრო- , მცირე და საშუალო საწარმოებს ჰქონდეთ წვდომა ფინანსებზე, რაც საქართველოსთვის საკვანძო პრიორიტეტს წარმოადგენს. Covid-19-თან დაკავშირებული საგანგებო ზომები გაზრდის აღნიშნულ საწარმოთა არსებული დაფინანსების მოქნილობას, რათა მხარი დაეჭიროს სამუშაო კაპიტალის საჭიროებებსა და ფონდების განაწილებას. გარდა ამისა, პროგრამა InnovFin-ის ბოლო პერიოდში დანერგილი ფუნქციები იძლევა საშუალებას, მოხდეს სამუშაო კაპიტალის საჭიროებათა მხარდაჭერა გაზრდილი საგარანტიო ტარიფებით, ისევე როგორც მცირე და საშუალო ბიზნესთა არსებული სესხების ისეთი მოდიფიკაცია, პოტენციურად პრობლემურ სიტუაციებთან გამკლავება რომ იყოს შესაძლებელი. ეს შეიძლება, ნიშნავდეს სესხის დაფარვის ვადების გადახედვას, რეფინანსირებას და ე.წ. ბრიჯ-სესხებს. გვაქვს მოლოდინი, რომ ყველა ეს ზომა ამ წლის ბოლოსთვის დაინერგება და, კომერციული ბანკების მეშვეობით, მოხდება მცირე და საშუალო ბიზნესების დამატებითი დაფინანსება საგანგებო ვადებითა და პირობებით.