ვინ რჩება ისტორიაში და ვინ – მის გარეთ?
თანამედროვე ხელოვნება არ მიეკუთვნება გეოგრაფიულ ფარგლებს, ის ვითარდება ადამიანთან ერთად, ყველგან, სადაც ეს ადამიანი წავა. წელს საქართველო დამოუკიდებლობის ასი წლისთავს აღნიშნავს. ის საკუთარი ისტორიის გადააზრების პროცესშია, მასთან ერთად კი კულტურა, რომელსაც საბჭოთა კავშირმა ბევრი სტერეოტიპული ნიში აჰკიდა. იყო დრო, როდესაც ფემინისტური იდეა საზოგადოებაში დისკრედიტირებული იყო, ხელოვან ქალებს კი მათი უფლებებისა და პრობლემების წინ წამოწევა ეშინოდათ. თუმცა დრო შეიცვალა. დღეს ჩვენ შევეცდებით, ეს შეცდომა გამოვასწოროთ იმ ათი ქართველი ხელოვანი ქალის მაგალითზე, რომლებმაც სტერეოტიპული ტყვეობისგან თავის დაღწევა და პატრიარქალურ ხელოვნებასთან ოპონირება შეძლეს.
გამოფენა “დაიკარგა თორმეტი ქალი” ელენე აბაშიძის კურატორობით მოეწყო. სათაურს კი იღებს მაია ნავერიანის ნამუშევრების სერიიდან და წარმოადგენს გამოფენის კონცეპტუალურ და სიმბოლურ ღერძს. თორმეტი განსხვავებული პოზიცია და ათი ხელოვანი ქალბატონი ერთიანდება იმ კულტურისა და ინტერნაციონალური ხედვის გარშემო, რომელშიც ასე ნათლად აისახება ტრავმები ქართული ისტორიიდან, აგრესია, იმედგაცრუება, წყენა თუ ბრძოლა. ბრძოლა საკუთარი იდენტობისა და “მე”-ს შესანარჩუნებლად.
გამოფენაზე წარმოდგენილია ის ათი განსხვავებული შემოქმედებითი პრაქტიკა, რომელთაც ავითარებს ემიგრაციაში მყოფი ხელოვანი ქალების სამი თაობა მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე: ვერა ფაღავა, თეა გვეტაძე, ქეთი კაპანაძე, ანნა კ.ე., თამარა კ.ე., სალომე მაჩაიძე, სოფიო მედოიძე, მაია ნავერიანი, თამუნა სირბილაძე და ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი – ქართული კულტურის კვალდაკვალ. დანარჩენი ორი კი რჩება დამთვალიერებლის წარმოსახვას, რომელმაც დამოუკიდებლად უნდა შეავსოს თანამედროვე ქართული ხელოვნების ისტორიის გამოტოვებული მომენტები.
ვერა ფაღავა – ქართული ფერწერის უიშვიათესი სიმდიდრე
ჩვენს სიას ვიწყებთ თანამედროვე ქართული ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ქალბატონით. ვერა ფაღავამ საქართველო 20-იან წლებში, 12 წლის ასაკში, მშობლებთან ერთად დატოვა.
და თითქმის მთელი ცხოვრება საფრანგეთში გაატარა. მისი ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი გზა მრავალფეროვანი თემატიკისა და მისტიკის შემცველია. ვერას ნამუშევრებში მძაფრად იგრძნობა ქალური შტრიხები, ფერების ჰაეროვნება და სიმსუბუქე. ხელოვანი თავისუფალია კომპოზიციაში, თითქოს ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია, ფორმებს თავიანთი ადგილი აქვთ ლირიკულ ნამუშევრებში, თუმცა ისინი დამოუკიდებლად ვითარდებიან მთლიან სურათში. მხატვარმა 1966 წელს 33-ე ვენეციის ბიენალეზე საფრანგეთი წარადგინა. და, მართალია, მისი შემოქმედება ფრანგული კულტურის ნაწილი უფროა, ვიდრე ქართულის, ვერა ფაღავა ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მას თანამედროვე ქართული ხელოვნების ისტორიაშიც ჰქონდეს თავისი ადგილი.
თამუნა სირბილაძის დაუმთავრებელი სათქმელი
თამუნა სირბილაძემ ხატვა ადრეულ ასაკში დაიწყო. სკოლა რომ დაამთავრა, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ თამუნა ომებსა და სიძნელეებს ხელიდან გაუსხლტა და საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც 1997 წელს ვენის სამხატვრო აკადემიაში მოხვდა.
თამუნა არის მხატვარი, რომელსაც სჩვევია სათქმელის დაუმთავრებელად დატოვება, თითქოსდა სურს, რომ დამთვალიერებელმა თავად იპოვოს პასუხი მის ჩანაფიქრზე.
ჟესტის აბსტრაქცია, რომელიც სივრცეს არ ფარავს, თამუნას ნახატებში ყოველთვის იგრძნობა და ყოველთვის მოხერხებულად აკავებს მხატვრის ადამიანურ ინსტინქტს, მუდამ რაღაც ჩახატოს, რაღაც მიაჩხაპნოს ან დალაქოს ტილოს ცარიელ სივრცეზე.
ქეთი კაპანაძე – რადიკალური ხელოვნების მიმდევარი
ქეთი კაპანაძე გერმანიაში მცხოვრები ქართველი მხატვარია, რომელიც აქტიურად მუშაობს თანამედროვე რადიკალური ხელოვნების პრობლემებზე. 80-იანი წლები ქეთის, როგორც მხატვრის, შემოქმედების დასაწყისია. ის პირველი მხატვარი ქალია, ვინც საქართველოში კონცეპტუალურ ფოტოგრაფიაზე დაიწყო მუშაობა. თავის ნამუშევრებში ის განზრახ სვამს კითხვას ინდივიდის შესახებ. სწორედ ეს ფორმა ხდება მისი კონცეპტუალური მეთოდი, სადაც ფოტოგრაფია მხატვრული გამოხატვის ხერხია.
ამერიკელი არტკრიტიკოსი ჰარი შუოლბი 90-იანების დასაწყისში ქეთიზე წერდა:
“თანამედროვე მიწისქვეშა ხელოვნების ცენტრმა რუსეთიდან საქართველოში გადაინაცვლა და მისი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელი, რომელიც ამ ახალ სცენაზე გამოჩნდა, ქეთი კაპანაძეა – პირველი ქართველი მხატვარი, რომელიც ფემინისტურ თემებზე მუშაობს”.
ანნა კ.ე.-ს პერფორმანსული ხელოვნება
ქეთი კაპანაძის ქალიშვილის, 32 წლის ანა ეძგვერაძე–კაპანაძის შემოქმედებითი გზაც საკმაოდ შთამბეჭდავია: გამოფენები ბერლინში, დიუსელდორფში, ჩიკაგოში, ნიუ-იორკში, ისრაელში. ანა ამჟამად ამერიკაშია, მანამდე გერმანიაში ცხოვრობდა და სამხატვრო აკადემიაც იქ დაამთავრა, მანამდე კი – საქართველოში, სადაც ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლაში სწავლობდა.
ანნა კ.ე.-ს შემოქმედებაში ფერწერა, ინსტალაცია, პერფორმანსი და ვიდეო ხშირად ერთ ნამუშევარში ერთიანდება. ფორმისა და მასალის მრავალფეროვნება, საგამოფენო სივრცეებზე რეფლექსირება, საგნობრიობაზე ყურადღების გამახვილება და არაცნობიერის ენობრივ წარმონაქმნებზე მუდმივი რეაგირება, მისი შემოქმედების ტიპური მახასიათებლებია — შემოქმედების, რომელსაც კონკრეტული ტერიტორია, ანუ ოდესღაც ასე ღირებული “საკუთარი სტილი” არ გააჩნია.
მაია ნავერიანის მინიშნებები
მაია ნავერიანი ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში. მისი აქტიური პროფესიული კარიერა 1999 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც Vordemberger Gildewart Foundation-ის საერთაშორისო კონკურსის ფერწერის პირველი პრიზი აიღო. იმ დროიდან მოყოლებული, მაია ნავერიანის ნამუშევრები გამოიფინა დასავლეთის სხვადასხვა სამუზეუმო და კომერციულ სივრცეში.
მაიას შემოქმედება სავსეა ტექსტებითა და მინიშნებებით. მისი ნამუშევრები ტექსტს დაყრდნობილ ხელოვნების ნაწილადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა მაიას შემოქმედება უფრო ფართო და მრავალშრიანია იმისთვის, რომ ის ერთ კონკრეტულ მიმდინარეობაში მოვათავსოთ.
ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის ფერწერული რეალობა
ყოფილი მოდელი და ემიგრანტების ქალიშვილი, რომლებიც 90-იანების დასასრულს ნიუ-იორკში დასახლდნენ, ამჟამად ბერლინში ცხოვრობს. მისი ბოლო პერსონალური გამოფენები მოეწყო ნიუ-იორკში, კიოლნსა და ბერლინში.
ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი თავისი ხედვის გადმოსაცემად ხშირად მიმართავს მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც მის ფოტოებში ჩვეულებრივი ობიექტები განსაკუთრებული ხდება. ასევე საინტერესოა მისი მიდგომა ფოტოგრაფიის ტექნიკური მხარისადმი, რომელსაც ქეთუთას ნამუშევრებში ისეთივე მნიშვნელოვანი როლი უჭირავს, როგორიც მოტივებს. ხშირია საკუთარი იმიჯის გამოყენებაც. ზოგადად ქეთუთას ნამუშევრები ვიზუალური ფრაგმენტების კოლექციაა, რომელიც განუსაზღვრელ და გაურკვეველ სივრცეში არსებობს და თითქოსდა არაამქვეყნიურ სამყაროზე მოგვითხრობს.
თეა გვეტაძეს ჰეტეროგენური სტილი
რიგაში დაბადებული ქართველი მხატვრის, თეა გვეტაძის შემოქმედება გამოირჩევა თავისი ჰეტეროგენურობით. მხატვრის ხედვა მოიცავს შემოთავაზებების ფართო სპექტრს, რაც დამთვალიერებელს უქმნის შეგრძნებას, თითქოსდა ნახატი რამდენიმე ხელოვანის მიერ არის შექმნილი.
თეას მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ – როგორც პერსონალურ, ისე ჯგუფურ – გამოფენაში. მათ შორისაა: “შავი შოთები” (2012, Galerie Rupert Pfab, დიუსელდორფი, გერმანია), “დოროთეა” (2010, Galerie Ruzicska/ Weiss, დიუსელდორფი, გერმანია), “დონ-ჟუანისთვის” (2007, Galerie Markus Winter, ბერლინი, გერმანია). პარალელურად ამისა, თეამ თამარ ხუნდაძესთან ერთად 2003 წელს საქართველო ვენეციის 50-ე ბიენალეზე წარადგინა.
სალომე მაჩაიძე – ღრმა ემოციებითა და მოგონებებით შთაგონებული ხელოვნება
სალომე მაჩაიძე – 1990-იანი წლების ბოლოს ბერლინში წასული ხელოვანი და ექსპერიმენტული კინოს რეჟისორია, რომელმაც თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ სწავლა ბერლინის ხელოვნების აკადემიაში განაგრძო.
მის შემოქმედებაში იკვეთება ქართული ვიზუალური კულტურის ნიშნები – ხალხური ხელოვნება, რელიგიური მოტივები. ზოგადად სალომეს ნამუშევრებში გამოსახულია მოგონებები, გრძნობები, ოცნებები. ის სცენარის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი და დამდგმელი მხატვარია ფილმისა “საშიში ვეფხვი”.
სოფო მედოიძეს მრავალი რეალობა
სოფო მედოიძე ლონდონში მცხოვრები ქართველი არტისტია, რომელმაც საქართველო 2001 წელს დატოვა. გოლდსმიტის კოლეჯის დამთავრების შემდეგ ხელოვნების მაგისტრის წოდება მიენიჭა. პარალელურად ამისა, მან მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ფოტოხელოვნებაშიც ლონდონის ხელოვნების ინსიტუტში, მანამდე კი თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სწავლობდა.
სოფოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოკლემეტრაჟიან ფილმ “ანდროპოვის ყურებში” წარმოდგენილია საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის სილუეტი, შენობა, რომელიც დღეს აღარ არსებობს. ზოგადად ფილმის მზადებისას სოფოს ახასიათებს თემის დეტალური შესწავლა და მისი საინტერესო, უნიკალური ფორმით გადმოცემა.
თამარა კ.ე.-ს ფერთა ჰალუცინატორული სპექტრი
თამარა კ.ე. – ამ სახელით იცნობენ ხელოვანთა წრეში თამუნა ხუნდაძეს. მისი ნამუშევრები ასახავს ფემინურობის ცნებას, რომელიც ფერთა ჰალუცინატორული გამით ითრევს მაყურებელს. თამარა კ.ე.-ს შემოქმედება შეიცავს მაცდუნებელ, თვალისმომჭრელ მოტივებს, რომელიც რეალიზმისა და ირონიის მიქსია.
1997 წელს მოეწყო მისი პერსონალური გამოფენები Ostwall Dortmund-ის მუზეუმში, Whitechapel Gallery London-ში, Sprengel Museum Hannover-ში, მოსკოვის ხელოვანთა ცენტრალურ სახლში. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ თამარ ხუნდაძემ, თეა გვეტაძესთან ერთად წარადგინა საქართველო ვენეციის 50-ე ბიენალეზე, სადაც წარმოდგენილი იყო მისი დიდმასშტაბიანი კომპლექსური ინსტალაციები. იმავე წელს თამარა კ.ე. პრაღის პირველ ბიენალეზე მიიწვიეს.