დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ, პუტინი საზღვარგარეთ პირველად გაემგზავრა

დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ, პუტინი საზღვარგარეთ პირველად გაემგზავრა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ, მარტში, პუტინის დაკავებაზე ორდერის გაცემის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი პირველი უცხოური ვიზიტით ყირგიზეთში იმყოფება. კრემლის ლიდერი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ იშვიათად მოგზაურობს, ყირგიზეთში ვიზიტი კი პუტინის მიერ რუსეთის დატოვების პირველი ცნობილი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ICC-მა, უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის ბრალდებით პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა.

რუსეთი არ ცნობს ICC-ის იურისდიქციას და წაყენებულ ბრალდებებსაც უარყოფს.

ვიზიტისას, პუტინი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკთან, რუსული სამხედრო ავიაბაზა კანტის დაარსებიდან 20 წლისთავისთვის მიძღვნილ ცერემონიალს დაესწრო. ბიშკეკიდან 20 კილომატრში, ქალაქ კანტთან არსებული ავიაბაზა რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტია, რომელიც მოსკოვს რეგიონში ძალაუფლების შენარჩუნებაზე კონტროლის საშუალებას აძლევს.

„სამხედრო ავანპოსტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ყირგიზეთის სამხედრო ძალაუფლების გაძლიერებას და უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ცენტრალური აზიის რეგიონში“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ მოსკოვს ყირგიზეთთან სამხედრო და თავდაცვითი კავშირების გაფართოების იმედიც აქვს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ყირგიზეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს დაემთხვა, რომელთაც უსაფრთხოების ბლოკი სწორედ რუსეთის ხელმძღვანელობით ატარებს.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთში გამგზავრებასაც გეგმავს, სადაც პეკინში „სარტყლისა და გზის“ მესამე ფორუმს დაესწრება. ყირგიზეთი და ჩინეთი ომის დანაშაულის დევნისთვის შექმნილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წევრები არ არიან, რაც მათ პუტინისთვის სამოგზაუროდ უსაფრთხო სახელმწიფოებად აქცევს.