დაკავებული ნიკოლას მადურო აშშ-ის სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება

დაკავებული ნიკოლას მადურო აშშ-ის სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აშშ-ის სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება. ის აშშ-ის სპეციალური ოპერაციის ძალებმა 3 იანვრის ღამეს ჩატარებული სპეცოპერაციისას ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში დააკავეს და ნიუ-იორკში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მადუროსთან ერთად დაკავებულია მისი ცოლიც.

მადურო ნიუ-იორკის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგება. ტრამპის ადმინისტრაცია მადუროს 2020 წელს აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე ედავება, რაც ნარკოტერორიზმის ხელშეწყობას გულისხმობს. თუმცა, ტრამპის განმარტებით, აღნიშნულის გარდა მადუროს დაკავებას ხელი სხვა ფაქტორებმაც შეუწყო, მათ შორის აშშ-ში ვენესუელელი მიგრანტების რაოდენობის ზრდამ და ათწლეულების წინ ვენესუელის მიერ აშშ-ის ნავთობინტერესების ნაციონალიზაციამ.

„ჩვენ ვიბრუნებთ იმას, რაც მათ მოიპარეს“, – განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა. მისი განცხადებით, ვენესუელაში ამერიკული ნავთობკომპანიები დაბრუნდებიან.

იხილეთ ასევე: აშშ-მა კარაკასზე საჰაერო დარტყმები განახორციელა – მადურო დაპატიმრებულია

ამერიკული სასამართლო მადუროსთან დაკავშირებით რამდენიმე საქმეს განიხილავს. ყველაზე მნიშვნელოვანი მის მიერ ნარკოკარტელებისათვის ხელშეწყობაა. პროკურატურის განცხადებით, სწორედ ნიკოლას მადურო უზრუნველყოფდა კოკაინის ტრეფიკინგის მარშრუტების უსაფრთხოებას, იყენებდა შეიარაღებულ ძალებს გადაზიდვების დასაცავად და მფარველობდა ნარკოკარტელებს. გარდა ამისა, ბრალდების თანახმად, მადურო ნარკოგადაზიდვებისთვის საპრეზიდენტო დაწესებულებებს იყენებდა.

როგორც აღვნიშნეთ, მადუროს წინააღმდეგ გამოძიება 2020 წელს დაიწყო, თუმცა შაბათს საქმეს ახალი გარემოებები დაემატა, რომელთა თანახმად მისი ცოლი სილია ფლორესი ადამიანების გატაცებისა და მკვლელობის შეკვეთის ორგანიზებაში დაადანაშაულეს. ნიკოლას მადურო ყველა ბრალს უარყოფს.

ცნობისათვის, ნიკოლას მადუროს შეერთებული შტატები არალეგიტიმურ მმართველად 2018 წლიდან მიიჩნევს, როდესაც მან არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ამჟამად ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ასრულებს, რომელიც მადუროს შიდა წრის ყველაზე პრაგმატულ პირად მიიჩნევა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.