დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებით მიმდინარე 10 უმსხვილესი პროექტი

დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებით მიმდინარე 10 უმსხვილესი პროექტი

ბოლო 30 წელია, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, განსაკუთრებით კი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დასავლეთის ქვეყნებიდან, აშშ-დან და ევროპიდან მიღებულ გრანტებზე და გრძელვადიან, შეღავათიან კრედიტებზე. კრედიტები შეღავათიანია, რადგან ზოგ შემთხვევაში მოიცავს გრანტსაც, გასტუმრების ვადა 10 წლამდეა და საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2%-ია. 2023 წელს საქართველოში დასავლეთის ქვეყნების მთავრობებისა და მათ მიერ დაარსებული საერთაშორისო ბანკების დაფინანსებით 14.1 მილიარდი ლარის პროექტები ხორციელდება. აქედან, 7.3 მილიარდი ლარი უკვე დაიხარჯა, 2 მილიარდ ლარამდე – 2023 წელს, ხოლო 4.8 მილიარდი ლარი 2024 -2026 წლებში უნდა დაიხარჯოს. ეს 14.1 მილიარდი ლარი არ მოიცავს უკვე, ანუ 2023 წლამდე დასრულებულ პროექტებს, მოიცავს მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებიც დაიწყო და ჯერ კიდევ გრძელდება ან 2023 წელს დაიწყება. გაგაცნობთ ყველაზე მსხვილ 10 პროექტს, რომლებიც საქართველოში 2023 წელს ხორციელდება დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებით. 14.1 მილიარდი ლარის 72% სწორედ ამ 10 პროექტზე მოდის.

10 – რეგიონალური განვითარების პროექტი მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში

₾271 მილიონი

პროექტს „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს, დამფინანსებელი კი მსოფლიო ბანკია (WB). პროექტზე 174 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 97 მლნ ლარი კი 2023-2026 წლებში უნდა დაიხარჯოს.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი: ზარზმის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციას და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. ბაკურიანის რეკრეაციული პარკის რეაბილიტაციას, საავტომობილო გზების რეაბილიტაციას, ცენტრალური სატრანსპორტო ჰაბის მშენებლობას. ადიგენის მუნიციპალიტეტში, აბასთუმნის მწვანე და ლურჯი კორიდორის რეაბილიტაციას, დაბა აბასთუმნის რეკრეაციული პარკ „როშას” რეაბილიტაციას და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, ასტროფიზიკური ობსერვატორიისთვის ტელესკოპისა და გუმბათის მიწოდებას და მონტაჟს.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი: ქ. დუშეთის ისტორიული ქუჩების განახლებას, მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმისათვის ინვენტარისა და აღჭურვილობების შეძენას, დაბა სტეფანწმინდაში, ალ. ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციას; თბილისის ეროვნული პარკის რეაბილიტაციას, ყაზბეგის, ფშავ­-­ხევსურეთისა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტებში ვიზიტორთა ბილიკებისა და მთის ქოხების მოწყობას.

9 – ქალაქების საინვესტიციო პროგრამა

₾313 მილიონი

პროექტს „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს, დამფინანსებელი კი აზიის განვითარების ბანკია (ADB). ბანკის სახელწოდებაში „აზია“ გვხვდება, რადგან პროექტებს ძირითადად აზიაში ახორციელებს. ბანკის მთავარი დონორები აშშ, იაპონია და სხვა განვითარებული ქვეყნებია. ქალაქების საინვესტიციო პროგრამაზე 98 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 215 მლნ ლარი კი 2023-2026 წლებში უნდა დაიხარჯოს.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

  • 855 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღების მშენებლობას სამეგრელოში: დარჩელში, ჭითაწყაროში, რუხში, შამგონაში, ბანძაში, დიდ ჭყონში, სენაკსა და ფოთში;
  • 685 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღების მშენებლობას კახეთში: კურდღელაურში, ვარდისუბანში, ჭაბუკიანში, ჭიაურში, ძველ ანაგასა და ქვემო ბოდბეში;
  • 355 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღების მშენებლობას ახალციხესა და თეთრიწყაროში: აგარაში, ფარცხისსა და წინწყაროში;
  • 200 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღების მშენებლობას გურიაში: სუფსასა და ხაჯალიაში;
  • 180 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღების მშენებლობას ქუთაისში;
  • ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობას; რუსთავში, ახალციხესა და ზუგდიდში სპორტული კომპლექსების მშენებლობას.
8 – სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი

₾336 მილიონი

პროექტს „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“ ახორციელებს, დამფინანსებელი კი ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB)აღნიშნულ პროექტზე 296 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 40 მლნ ლარი კი 2023-2026 წლებში უნდა დაიხარჯოს.

პროექტი მოიცავს სენაკი-­ფოთი-­სარფის საავტომობილო გზის გრიგოლეთი-­ჩოლოქის მონაკვეთზე 14-კმ-იანი გზის მშენებლობას. პროექტის შედეგად გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტით მგზავრთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება, შემცირდება მგზავრობის დრო.

7 – თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი

₾463 მილიონი

პროექტს „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“ ახორციელებს, დამფინანსებელი კი ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნულ პროექტზე 12 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 451 მლნ ლარი კი 2023-2026 წლებში უნდა დაიხარჯოს.

პროექტი მოიცავს თბილისი-­წითელი ხიდის (საქართველოაზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის რუსთავი-­წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობას. კერძოდ, უნდა აშენდეს 36-კმ-იანი ახალი გზა, რის შედეგადაც გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტით მგზავრთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება, შემცირდება მგზავრობის დრო.

6 – ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი

₾496 მილიონი

პროექტს „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“ ახორციელებს, დამფინანსებლები კი აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკია (AIIB)აღნიშნულ პროექტზე 456 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 40 მლნ ლარი კი 2023-2026 წლებში უნდა დაიხარჯოს.

პროექტი მოიცავს ბათუმის ახალი შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობას, კერძოდ 14-კმ-იანი ახალი გზის მშენებლობას, რომელიც 21 ხიდსა და 5 გვირაბს მოიცავს. პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის კონკურენტუნარიანობა სატრანსპორტო გადაზიდვების საერთაშორისო კორიდორებში. სატრანზიტო ავტოტრანსპორტის ნაკადები გვერდს აუვლის ქალაქ ბათუმის საკურორტო ზონას.

5 – იმერეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი

₾524 მილიონი

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, დამფინანსებელი კი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკია (KfW)აღნიშნულ პროექტზე 7 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 517 მლნ ლარი კი 2023-2026 წლებში უნდა დაიხარჯოს.

პროექტი მოიცავს იმერეთის (სამტრედია, ბაღდათი, ვანი) რეგიონსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაცია) სისტემების რეაბილიტაციამოწყობას და წყალარინების გამწმენდი 4 ნაგებობის მშენებლობას. პროექტის შედეგად გაუმჯობესდება წყალმომარაგება, სასმელი წყლის ხარისხი და მიწოდების გრაფიკი, შემცირდება მავნე ზემოქმედება გარემოზე.

4 – თბილისის ავტობუსებისა და მეტროს პროექტები

₾1.02 მილიარდი

პროექტს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს, დამფინანსებელი კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია (EBRD). პროექტზე 281 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 739 მლნ ლარი კი 2023-2026 წლებში უნდა დაიხარჯოს.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

  • 814 მლნ ლარის ხარჯს საქალაქო ტრანსპორტის პარკის განახლების მიზნით, კერძოდ, 226 ავტობუსის შესყიდვას და 2 ავტობაზის მშენებლობას. ამ მიმართულებით 280 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 534 მლნ ლარი 2023-2026 წლებში უნდა დაიხარჯოს.
  • 206 მლნ ლარის ხარჯს მეტროს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, კერძოდ, მეტროს 40 ვაგონის შეძენას და დეპოსთან დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაციას მოხმარდება. ამ მიმართულებით 2 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 204 მლნ ლარი 2023-2026 წლებში უნდა დაიხარჯოს.
3 – ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობის პროექტი

₾1.26 მილიარდი

პროექტს „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“ ახორციელებს, დამფინანსებლები კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკია (ADB). აღნიშნულ პროექტზე 617 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 640 მლნ ლარი კი 2023-2026 წლებში უნდა დაიხარჯოს.

პროექტი მოიცავს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობას. კერძოდ, უნდა აშენდეს 13.7-კმიანი საავტომობილო გზა (5 სახიდე გადასასვლელით და 4 გვირაბით) და 9 კმ-იანი გვირაბი, რის შედეგადაც გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტით მგზავრთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება, შემცირდება მგზავრობის დრო.

2 – ურბანული წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტი

₾1.32 მილიარდი

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, დამფინანსებელი კი აზიის განვითარების ბანკია (ADB). აღნიშნულ პროექტზე 1,146 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 178 მლნ ლარი კი 2023-2026 წლებში უნდა დაიხარჯოს.

პროექტი მოიცავს წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობას:

  • ქალაქებში: ქუთაისი, ფოთი მუნიციპალიტეტებში: ზუგდიდი, მარნეული, ჭიათურა, მესტია, აბაშა.
  • სოფელი/დაბა: ურეკი, ჯვარი, გუდაური, ანაკლია პროექტის შედეგად გაუმჯობესდება წყალმომარაგება, სასმელი წყლის ხარისხი და მიწოდების გრაფიკი, შემცირდება მავნე ზემოქმედება გარემოზე.
1 – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ავტობანის) პროექტი

₾4.21 მილიარდი

პროექტს „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“ ახორციელებს, დამფინანსებლები კი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), მსოფლიო ბანკი (WB) და ევროკავშირი (EU) არიან. პროექტზე 3.168 მლრდ ლარი უკვე დაიხარჯა, 1.045 მლრდ ლარი კი 2023-2026 წლებში უნდა დაიხარჯოს. ეს თანხა არ მოიცავს ავტობანის დასრულებული მონაკვეთების მშენებლობის ხარჯებს. ეს არის მხოლოდ მიმდინარე პროექტების დაფინანსება.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

  • თბილისი-­სენაკი-­ლესელიძის საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობას, რომლის ბიუჯეტი 1,027 მლნ ლარია. უნდა აშენდეს 13-კმ-იანი საავტომობილო გზა, მათ შორის, 27 სახიდე გადასასვლელი და 18 გვირაბი. ამ მონაკვეთის მშენებლობაზე 815 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 212 მლნ ლარი კი 2023-2026 წლებში უნდა დაიხარჯოს.
  • სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობას, რომლის ბიუჯეტი 903 მლნ ლარია. უნდა აშენდეს 51-კმ-იანი საავტომობილო გზა, მათ შორის, 41 სახიდე გადასასვლელი. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობაზე 693 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 210 მლნ ლარი კი 2023-2026 წლებში უნდა დაიხარჯოს.
  • ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობას, რომლის ბიუჯეტი 781 მლნ ლარია. უნდა აშენდეს 12-კმ-იანი საავტომობილო გზა, მათ შორის, 37 სახიდე გადასასვლელი და 20 გვირაბი. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობაზე 623 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 158 მლნ ლარი კი 2023-2026 წლებში უნდა დაიხარჯოს.
  • შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობას, რომლის ბიუჯეტი 582 მლნ ლარია. უნდა აშენდეს 14-კმ-იანი საავტომობილო გზა, მათ შორის, 17 სახიდე გადასასვლელი და 10 გვირაბი. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობაზე 302 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 280 მლნ ლარი კი 2023-2026 წლებში უნდა დაიხარჯოს.
  • ზემო ოსიაური-რიკოთის მონაკვეთის მშენებლობას, რომლის ბიუჯეტი 568 მლნ ლარია. უნდა აშენდეს 14-კმ-იანი საავტომობილო გზა, მათ შორის, 11 სახიდე გადასასვლელი და 5 გვირაბი. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობაზე 478 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 90 მლნ ლარი კი 2023-2026 წლებში უნდა დაიხარჯოს.
  • ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობას, რომლის ბიუჯეტი 353 მლნ ლარია. უნდა აშენდეს 11-კმ-იანი საავტომობილო გზა, მათ შორის, 16 სახიდე გადასასვლელი და 3 გვირაბი. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობაზე 258 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 95 მლნ ლარი კი 2023-2026 წლებში უნდა დაიხარჯოს.

ჯამში, ავტობანის მიმდინარე პროექტი 115კმ-იანი გზის მშენებლობას მოიცავს, მათ შორის, 149 სახიდე გადასასვლელს და 56 გვირაბს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *