თუკი მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ნიუ–იორკის ინტელექტუალური ელიტის ერთერთი ყველაზე მკაფიო ვარსკვლავის, სიუზენ ზონტაგის, გაცნობას მოინდომებთ, უახლოესი გზა მის დღიურებსა და ჩანაწერებზე გაივლის, რომლებიც ზონტაგის ცხოვრების ყველაზე საინტერესო პერიოდს – 1947-1963 წლებს – მოიცავს.
ამერიკელ მწერალს, ლიტერატურისა და თეატრის კრიტიკოსს, კინოსა და თეატრის რეჟისორსა და, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ყოვლად არაორდინარულ პიროვნებას მისი ერთადერთი შვილი, დევიდ რიფი, ასე ახასიათებს: „დაუოკებელი, გაუნელებელი სწრაფვა საკუთარი განათლების საზღვრების გაფართოებისა – ეს გახლდათ დედაჩემის მიერ საკუთარი თავის რეალიზებისა და მატერიალიზაციის უტყუარი მეთოდი”.
„განათლების საზღვრების გაფართოებას” ზონტაგი 1948 წელს, კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში იწყებს. ერთ წელიწადში ჩიკაგოს უნივერსიტეტში გადადის და 1951 წელს ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრის სტატუსით ამთავრებს, 1954 წელს კი ჰარვარდის უნივერსიტეტში, ფილოსოფიის მაგისტრის წოდებას მოიპოვებს…
უამრავი პრემიისა და საპატიო წოდების მფლობელი სიუზენ ზონტაგი ყოველთვის ერთგული იყო საკუთარი პრინციპების და სხვისი შეხედულებები, შექმნილი გარემოებები, მდგომარეობა თუ მდებარეობა ვერ აიძულებდა მის მიერ არჩეული ცხოვრების წესის, სიმპათიებისა თუ მიდრეკილებების შეცვლას – 1989 წელს ზონტაგი, მისი 12 დოკუმენტური ფილმიდან ერთ–ერთის გადაღებისას, ცნობილ ფოტოგრაფს ენი ლეიბოვიცს გაიცნობს და მათი რომანი ზონტაგის 71 წლის ასაკში ლეიკემიით გარდაცვალებამდე გრძელდება. სწორედ ლეიბოვიცს მიუძღვნა ზონტაგმა დღეს უკვე ფოტოგრაფიის სახელმძღვანელოდ ქცეული წიგნი „ფოტოგრაფიის შესახებ”.