დაზღვევის მთვლელი

დაზღვევის მთვლელი

ლევან ზუროშვილი „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ფინანსური დირექტორის პოზიციას უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, იკავებს. მისთვის ორგანულად ქცეული კომპანია საქართველოს სადაზღვევო სექტორში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს, რაც, ერთი მხრივ, ლევან ზუროშვილის სწორი გათვლების შედეგიცაა. ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურების, სელექტის“, სპეციალური რუბრიკის ფარგლებში, Forbes Georgia-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა და მისი ხედვებიც მოისმინა.

თქვენ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ფინანსური დირექტორის პოზიციას უკვე 22 წელია, იკავებთ. რა შედეგებზე გაიყვანეთ კომპანია? რას მიიჩნევთ თქვენს წარმატებად და როგორია ეს წარმატება რიცხვებში?

ამ შეკითხვას მხოლოდ რიცხვებით ვერ გავცემ პასუხს. კომპანია დღევანდელი სახით შედეგია იმ ადამიანების ერთიანი საქმისა, რომლებიც „ჯიპიაის“ ქმნიან. დღეს შეიძლება ითქვას, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგი“ უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია, უმსხვილესი კომპანიაა ქართულ სადაზღვევო ბაზარზე და ნომერი პირველი – მოზიდული პრემიით. ასევე, „ჯიპიაი“ ქართული სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც უმსხვილესი უცხოური სადაზღვევო ჯგუფის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“  წევრია პირდაპირი დასავლური ინვესტიციით. ჩვენ გვყავს 1000-მდე თანამშრომელი და გამოვირჩევით დიგიტალიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების ძალიან მაღალი დონით. „ჯიპიაი“ არის კომპანია 160-მილიონიანი აქტივებით და 60-მილიონიანი კაპიტალით.

რაც მთავარია, შეიძლება ითქვას, რომ „ჯიპიაი“ ერთადერთი კომპანიაა ბაზარზე, რომელიც ამ 22 წლის მანძილზე იზრდებოდა ორგანულად, სხვა კომპანიების შემოერთების ან შესყიდვის გარეშე და ყოველთვის ინარჩუნებდა ან უსწრებდა ბაზრის ზრდის ტემპს.  მისი წილი დღეს 20%-ია და ის პირველია პორტფელის მოცულობით სადაზღვევო ბაზარზე. რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა ამ შედეგების მიღწევა ამ ხნის მანძილზე  ასიათასობით დაზღვეულის გარეშე, რომლებმაც „ჯიპიაის“ ანდეს თავიანთი მცირე თუ მასშტაბური რისკების თუნდაც პატარა ნაწილის დაზღვევის ბედი. ამიტომ, თუ იკითხავთ, რას მივიჩნევ წარმატებად, გეტყვით, რომ ჩემთვის ასეთი კომპანიის მართვაში მონაწილეობა არის მთავარი წარმატება.

რადგან 2022 წელი ახლახან გავაცილეთ, შევაჯამოთ, როგორი იყო ის „ჯიპიაი ჰოლდინგისთვის“…

მნიშვნელოვანია მოგებიანობის მაჩვენებელიც. ვიცავთ აქციონერების მიერ დაწესებულ კაპიტალზე ამონაგების მოთხოვნას, რომელმაც 2022 წლისთვის 13% შეადგინა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულება – კორპორაციულ და საცალო ბაზარზე შეუცვლელი ლიდერობა და ბაზრის 35%-იანი წილი გვაქვს.

გასულ წელს მნიშვნელოვნად განვვითარდით დიგიტალიზაციის მიმართულებითაც, ცვლილებები შევიტანეთ მომსახურების გამარტივებისა და გაუმჯობესების კუთხით, დავხვეწეთ საოპერაციო პროცესები. კასკოს მომსახურების კონცეფცია მთლიანად შევცვალეთ და წლის ბოლოს ბაზარზე თითქმის უკონკურენტო შემოთავაზება გამოვიტანეთ, რაც მომხმარებლების მაღალ სანდოობასა და კმაყოფილებაშიც ელვისებურად აისახა. გამოწვევებს რაც შეეხება, რამდენიმე გამოწვევა იყო  – მაღალი ინფლაცია და ჯანმრთელობის დაზღვევაში მოხმარების უპრეცედენტო ზრდა, რაც პანდემიით და ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ გაზრდილი სენსიტიურობით იყო გამოწვეული.

საინტერესოა თქვენი მოსაზრება სექტორის საჭიროებებზეც. რა სჭირდება დღეს სადაზღვევო ინდუსტრიას?

ყველა იმ ქვეყანაში, სადაც დაზღვევა მაღალი პენეტრაციით გამოირჩევა და განვითარებულია, დაზღვევის სავალდებულო სახეობებია წარმოდგენილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ სადაზღვევო ბაზრის ზრდისთვის ამ მიმართულებით რეფორმების სწრაფი და ეფექტიანი განხორციელება არის კრიტიკული.

როდესაც რეფორმებზე ვსაუბრობ, პირველი რიგში ვგულისხმობ ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას. რამდენიმე წელია, კანონპროექტზე მსჯელობა მიმდინარეობს, მაგრამ ვერ ხერხდება საბოლოო კონსენსუსის მიღწევა. საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყანათა შორისაა, სადაც ეს კანონი ჯერ კიდევ არ მოქმედებს. ამავე დროს ეს არის ევროასოცირების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაც. ამას სხვა დადებითი თანამდევი ეფექტებიც აქვს. ის დიდ ბიძგს აძლევს სექტორის განვითარებასა და აუმჯობესებს  სოციალურ ფონს. ამავე დროს ხელს უწყობს დაზღვევის კულტურის, მომიჯნავე სექტორების განვითარებას, იზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა სადაზღვევო სექტორში, ეს ყველაფერი კი ახალისებს უცხოურ ინვესტიციებს და ა.შ.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ჯანდაცვის დაფინანსებაში კერძო სადაზღვევო სექტორის როლის წინ წამოწევა. მაგალითად,  სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეს მიეცეს საშუალება, დაზღვევის ის ნაწილი, რასაც არ უფინანსებს სახელმწიფო, კერძო დაზღვევით დაფაროს. ეს არა მხოლოდ სადაზღვევო ბაზრის პოტენციალის ათვისებას, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტის განტვირთვას, სამედიცინო მომსახურებაზე სახელმწიფო ხარჯების სტაბილიზაციასა და ჯიბიდან გადახდების შემცირებას  უწყობს ხელს, რაც ყველაზე დიდი სოციალური პრობლემაა დღეს საქართველოში ამ მიმართულებით.

მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზეც მინდა გკითხოთ, სჭირდება ეს მოდელი დაზღვევის ინდუსტრიას?

ზოგადად რეინვესტირების წახალისება ყველა სექტორისთვის კარგია და სადაზღვევო სექტორშიც დადებით შედეგს მოიტანს, თუმცა ესტონური მოდელი არ არის სადაზღვევო სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სექტორის განვითარებას ის რეფორმები უფრო სჭირდება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.

თქვენს სექტორში საკანონმდებლო ცვლილებებიც იგეგმება. მათ შორის, ცნობილია, რომ გადახდისუნარიანობისა და ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის მიზნით მზღვეველები ვალდებულნი იქნებიან, დაიქირაონ აქტუარები, რაც მათთვის დამატებითი ხარჯი იქნება. თქვენი აზრით, რას მოუტანს ეს სექტორს?

აქსიომაა, რომ სადაზღვევო კომპანია ფინანსურად მდგრადი და გადახდისუნარიანობის მაღალი დონის უნდა იყოს. ამას ცალკე სტანდარტი არეგულირებს მთელ მსოფლიოში და ამის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი – აქტუარის საქმიანობაა. აქტუარი სადაზღვევო კომპანიის ერთგვარი მათემატიკოსია, ის ითვლის რისკებს. შესაბამისად, ასეთი სახის ცვლილებები, რომლებიც კომპანიების ფინანსური მდგრადობისა და გადახდისუნარიანობის გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული,  აუცილებელია.

ჩვენ თავად ვიღებდით მონაწილეობას ამ ცვლილების ჩამოყალიბებაში როგორც კონსულტანტები, რადგან ჩვენი კომპანიის არსებობის განმავლობაში მუდმივად გვყავს აქტუარი და გვაქვს წვდომა ჩვენი მშობელი კომპანიის ძლიერ აქტუარულ რესურსებთან. ძლიერი და მაღალკვალიფიციური აქტუარის არარსებობა სადაზღვევო კომპანიაში ძრავის გარეშე ტრანსპორტს ჰგავს. ეს არაა დამატებითი ხარჯი. აქტუარის არყოლაა გაუმართლებელი ხარჯი, რადგან ეს ითარგმნება რისკების არასწორად შეფასებაში, არასწორ ფასწარმოქმნაში და ასე შემდეგ, რაც გაცილებით უფრო ძვირი უჯდება სადაზღვევო კომპანიას. კარგი აქტუარული გამოცდილება კომპანიებს მოუტანს მეტ ფინანსურ სტაბილურობასა და შეუქმნის გრძელვადიანი განვითარებისათვის უფრო მყარ საფუძველს.

ჯანმრთელობის დაზღვევა გაძვირდა, რა მოლოდინი გაქვთ სექტორში არაერთი მიმდინარე რეფორმიდან გამომდინარე, ფასების ზრდას კვლავ პროგნოზირებთ?

ბოლო პერიოდის მაღალი ინფლაცია სადაზღვევო პროდუქტების გაძვირების ძირითადი მიზეზია. ჯანმრთელობის დაზღვევის ფასში ძირითადი მდგენელი სამედიცინო სერვისები და მედიკამენტებია და მათზე ფასების რყევა აუცილებლად ისახება დაზღვევის ფასშიც, შესაბამისად, სადაზღვევო პრემიაში. ახლა რთულია პროგნოზის გაკეთება ფასებთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ჯანმრთელობის დაზღვევა და მრავალფეროვან სერვისებს ფარავდეს სრულყოფილად. თუმცა ადეკვატური ფასის გარეშე შეუძლებელია იმ ვალდებულებების შესრულება და იმ მოლოდინების დაკმაყოფილება, რასაც სადაზღვევო კონტრაქტის გაფორმებისას ვაძლევთ დაზღვეულს.

როგორია თქვენი, როგორც „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ფინანსური დირექტორის გეგმები მიმდინარე წლისთვის?

2023 წელი კომპანიისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება.  გარდა კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმის მხარდაჭერისა, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. გასულ წელს ჩვენ დავნერგეთ საერთაშორისო სააღრიცხვო სისტემა SAP, რომლითაც ჩავერთეთ ჩვენი მშობელი კომპანიის ერთიან სააღრიცხვო ქსელში. ასევე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობისაა ჩვენთვის ფასს-ის ახალი სტანდარტის ფასს-17/9-ის დანერგვის პროექტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ არაა სავალდებულო საქართველოში, ჩვენ, როგორც ევროპული რეგულირების ქვეშ ოპერირებადი სადაზღვევო ჯგუფის წევრი, ვნერგავთ მას ჩვენი აქციონერების ერთიანი პროექტის ქვეშ, რისთვისაც რამდენიმე ასეული ათასი ლარის ინვესტიციას ვახორციელებთ.

გარდა ამისა, ისევე როგორც ბოლო წლებში, 2023-შიც ძლიერ მხარდაჭერას გავუწევთ დიგიტალიზაციის მიმართულებას, რაშიც ასევე ინვესტიციებს განვახორციელებთ.

თქვენ, როგორც ბანკთან ხშირ კომუნიკაციაში მყოფი პირი, როგორ შეაფასებთ ტერაბანკს და რამდენად იყენებთ მისი პროდუქტის – „სელექტის“ შეთავაზებებს?  რა გამოცდილება გაქვთ ამ ბანკთან?

მე პირადად წლებია, ვსარგებლობ ტერაბანკის წარმოუდგენლად მაღალი ხარისხის სერვისით და ის ჩემი ძირითადი მომსახურე ბანკია.  თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  არაფრით ჩამოუვარდება სხვა უმსხვილესი ბანკების სერვისს ყველა მიმართულებით, ხელმისაწვდომობით, ფასით, ტექნოლოგიებით, მობილურობით, საიმედოობით, ბენეფიტებით, პირადი ბანკირის სერვისით, მოულოდნელი საჩუქრებითა და ასე შემდეგ.

რაც შეეხება კორპორაციულ მომსახურებას?

რაც შეეხება კორპორაციულ მომსახურებას, ტერაბანკი არის ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მომსახურე ბანკი. არსებული კანონმდებლობით სადაზღვევო კომპანიები ვალდებულნი არიან, დივერსიფიცირება გაუკეთონ თავიანთ სახსრებს კომერციულ ბანკებში და, შესაბამისად, ფაქტობრივად, ყველა მოქმედ კომერციულ ბანკთან ვთანამშრომლობთ, თუმცა აქედან აქტიურად მხოლოდ რამდენიმეში, რომელთა რიგებში წამყვან ადგილზე, რა თქმა უნდა, ტერაბანკია. S

„რუბრიკის წარმდგენია ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურება – სელექტი“