ქვეყნები, სადაც ციფრული ცხოვრების ხარისხი ყველაზე მაღალია - Surfshark-ის ინდექსი

ქვეყნები, სადაც ციფრული ცხოვრების ხარისხი ყველაზე მაღალია - Surfshark-ის ინდექსი

ოცდამეერთე საუკუნეში ტექნოლოგია ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებისა და ქვეყნებისა და ორგანიზაციების ოპერირების განუყოფელ ნაწილად იქცა – ეს ტრენდი განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ მოძლიერდა, როცა გლობალური კარჩაკეტილობის ფონზე, ადამიანები იძულებულნი გახდნენ, კომუნიკაციისა და სამსახურისთვის ახალი, ამ დრომდე უცნობი გზები გამოეყენებინათ. პარალელურად ამისა, გაჩნდა ციფრული გარემოს და ციფრული ადამიანების კვლევის ახალი სტანდარტები, რომლებიც ამ დრომდე რელევანტური საერთოდ არ იყო.

ციფრული ცხოვრების კვლევის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად, ციფრული ცხოვრების ხარისხის ინდექსი გამოდგება, რომელსაც ნიდერლანდური ტექნოლოგიური კომპანია Surfshark-ი გაეროს, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად ავრცელებს. ამასთანავე, ეს ინდექსი მეტად რეპრეზენტაციულიცაა, რადგან მასში 117 ქვეყანა მოხვდა, რომელთა მოსახლეობა, ჯამურად, დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 92%-ს შეადგენს.

ნიდერლანდური კომპანიის მიერ შედგენილი ინდექსი ხუთ ძირითად მდგენელს ეყრდნობა, ესენია:

  1. ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ანუ რამდენი ხანი უნდა იმუშაოს ადამიანმა იმისთვის, რომ სტაბილური ინტერნეტის საფასურის გადახდა შეძლოს;
  2. ინტერნეტის ხარისხი, ანუ რამდენად სწრაფი და სტაბილურია ინტერნეტი ქვეყანაში და რამდენად ვითარდება ის დროთა განმავლობაში;
  3. რამდენად განვითარებული და ინკლუზიურია ქვეყნის ელექტრონული ინფრასტრუქტურა;
  4. ელექტრონული უსაფრთხოება, ანუ რამდენად უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ თავს ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეები; და
  5. ელექტრონული მმართველობა, ანუ რამდენად განვითარებული და გაციფრულებულია სახელმწიფო სერვისები.

გასული წლის რეიტინგში ისრაელი ლიდერობს, რომელიც, ერთი წლის ჭრილში, სამი პოზიციით დაწინაურდა – ისრაელი ლიდერობს როგორც საერთო ინდექსში, ასევე ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კატეგორიაში, მაგრამ შედარებით სუსტ პოზიციებს იკავებს დარჩენილი ოთხი მიმართულებით. მეტად დაბალანსებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მეორე ადგილას მყოფი დანია, რომელიც ტოპ-10 ქვეყანას შორის მოხვდა ყველა კატეგორიის მიხედვით, გარდა ელექტრონული უსაფრთხოებისა, რომელშიც მან მე-11 ადგილი დაიკავა. მესამე ადგილი კი  ეკონომიკურად ყველაზე მძლავრმა ევროპულმა სახელმწიფომ, გერმანიამ დაიკავა, რომელიც, ერთი წლის ჭრილში, ინდექსში ექვსი ადგილით დაწინაურდა.

საერთო ჯამში, ციფრული ცხოვრების ხარისხის 2022 წლის ინდექსში ევროპული და აზიური სახელმწიფოები ლიდერობენ, რაც მოულოდნელი სულაც არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ინტერნეტის მფლობელ მეტად ციფრულ სახელმწიფოებს, მათ შორის გერმანიას, ნიდერლანდებს, იაპონიას და სამხრეთ კორეას, სწორედ ამ ორ კონტინენტზე ვხვდებით. ციფრული ცხოვრების ხარისხის 2022 წლის ინდექსის პირველი თხუთმეტეული შემდეგნაირად გადანაწილდა:

#1: ისრაელი – 0.7610 ქულა

წამყვანი მდგენელი:  ინტერნეტის ხელმისაწვდომობა (1-ელი ადგილი საერთო რეიტინგში)

#2: დანია – 0.7347 ქულა

წამყვანი მდგენელი: ელექტრონული ინფრასტრუქტურა (1-ელი ადგილი საერთო რეიტინგში)

#3: გერმანია – 0.7123 ქულა

წამყვანი მდგენელი: ინტერნეტის ხელმისაწვდომობა (მე-3 ადგილი საერთო რეიტინგში)

#4: საფრანგეთი – 0.7105 ქულა

წამყვანი მდგენელი: ინტერნეტის ხელმისაწვდომობა (მე-7 ადგილი საერთო რეიტინგში)

#5: შვედეთი – 0.6895 ქულა

წამყვანი მდგენელი: ელექტრონული ინფრასტრუქტურა (მე-2 ადგილი საერთო რეიტინგში)

#6: ნიდერლანდები – 0.6843 ქულა

წამყვანი მდგენელი: ელექტრონული ინფრასტრუქტურა (მე-3 ადგილი საერთო რეიტინგში)

#7: ფინეთი – 0.6826 ქულა

წამყვანი მდგენელი: ელექტრონული მმართველობა (მე-4 ადგილი საერთო რეიტინგში)

#8: იაპონია – 0.6785 ქულა

წამყვანი მდგენელი: ინტერნეტის ხელმისაწვდომობა (მე-5 ადგილი საერთო რეიტინგში)

#9: გაერთიანებული სამეფო – 0.6685 ქულა

წამყვანი მდგენელი: ელექტრონული მმართველობა (მე-3 ადგილი საერთო რეიტინგში)

#10: სამხრეთი კორეა – 0.6660 ქულა

წამყვანი მდგენელი: ინტერნეტის ხარისხი (მე-4 ადგილი საერთო რეიტინგში)

აღსანიშნავია, რომ ინდექსის ლიდერობასთან ერთად, აზიური სახელმწიფოები რეიტინგის ბოლოშიც მოხვდნენ, სადაც, უმეტესწილად, ნაკლებად განვითარებულ აფრიკულ სახელმწიფოებს ვხედავთ. აღნიშნულ ტრენდს, ცხადია, მარტივი ახსნა აქვს – საქმე ისაა, რომ რეიტინგის ბოლოში მყოფი სახელმწიფოები მეტად ღარიბები არიან, რაც აიძულებთ, რომ მათ ხელთ არსებული ლიმიტირებული ფინანსური რესურსი მეტად პირველადი მოხმარების პრიორიტეტებზე დახარჯონ და არა ციფრული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

საერთო ჯამში, საუკეთესო და რეიტინგის ბოლოს მყოფი სახელმწიფოების სხვადასხვა მდგენელის მიხედვით დალაგებული ინდექსი, შემდეგნაირად გადანაწილდა:

ინტერნეტის ხელმისაწვდომობა

#1 – ისრაელი

#2 – სომხეთი

#3 – გერმანია

#4 – სინგაპური

#5 – იაპონია

#113 – კამერუნი

#114 – ნიგერია

#115 – მალი

#116 – უგანდა

#117 – კოტ-დ’ივუარი

ინტერნეტის ხარისხი

#1 – ჩილე

#2 – დანია

#3 – არაბთა გაერთიანებული საამიროები

#4 – სამხრეთი კორეა

#5 – სინგაპური

#113 – მავრიკი

#114 – მოზამბიკი

#115 – ზიმბაბვე

#116 – ზამბია

#117 – კამერუნი

ელექტრონული ინფრასტრუქტურა

#1 – დანია

#2 – შვედეთი

#3 – ნიდერლანდები

#4 – აშშ

#5 – ნორვეგია

#113 – ანგოლა

#114 – მოზამბიკი

#115 – ეთიოპია

#116 – იემენი

#117 – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

ელექტრონული უსაფრთხოება

#1 – საბერძნეთი

#2 – ლიეტუვა

#3 – ბელგია

#4 – ჩეხეთი

#5 – გერმანია

#113 – ირანი

#114 – ტაჯიკეთი

#115 – ჰონდურასი

#116 – იემენი

#117 – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

ელექტრონული მმართველობა

#1 – აშშ

#2 – სინგაპური

#3 – გაერთიანებული სამეფო

#4 – ფინეთი

#5 – სამხრეთი კორეა

#113 – ეთიოპია

#114 – ზამბია

#115 – ლაოსი

#116 – იემენი

#117 – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

საინტერესოა, რომ ციფრული ცხოვრების ხარისხის 2022 წლის ინდექსში საქართველოც მოხვდა – ჩვენმა ქვეყანამ რეიტინგში 67-ე ადგილი დაიკავა, რაც გასულ წელთან შედარებით, ოთხი ადგილით დაქვეითებას ნიშნავს. Surfshark-ის შეფასებით, ერთი წლის ჭრილში, საქართველოს პარამეტრები მცირედით გაუმჯობესდა ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და ელექტრონული ინფრასტრუქტურის კუთხით და უცვლელი დარჩა ელექტრონული მმართველობის მიმართულებით. პარალელურად ამისა, მკვეთრად შემცირდა საქართველოში არსებული ინტერნეტის ხარისხი, რის გამოც, ამ მდგენელში, ქვეყანა ოცი ადგილით ჩამოქვეითდა. საერთო ინდექსში, საქართველო სამხრეთ აფრიკასა და მავრიკის შორის მდებარეობს.

საერთო ჯამში, საქართველოს შეფასება შემდეგნაირად გადანაწილდა:

საქართველო – 67-ე ადგილი, ანუ 0.4127 ქულა

  1. ინტერნეტის ხელმისაწვდომობა0.05 ქულა (61-ე ადგილი საერთო რეიტინგში)
  2. ინტერნეტის ხარისხი0.29 ქულა (95-ე ადგილი საერთო რეიტინგში)
  3. ელექტრონული ინფრასტრუქტურა0.70 ქულა (58-ე ადგილი საერთო რეიტინგში)
  4. ელექტრონული უსაფრთხოება0.47 ქულა (52-ე ადგილი საერთო რეიტინგში)
  5. ელექტრონული მმართველობა0.55 ქულა (81-ე ადგილი საერთო რეიტინგში)

საქართველოს ციფრული ცხოვრების ხარისხის ინდექსის მდგენელებს დეტალურად თუ ჩავუღრმავდებით, რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვაზე პასუხსაც ვიპოვით. Surfshark-ის დათვლებით, ყველაზე იაფი მობილური ინტერნეტის სერვისის გადასახდელად, მომხმარებელმა 455 წამი, ხოლო ყველაზე იაფი ფართოდიაპაზონიანი ინტერნეტის სერვისის გადასახდელად, მომხმარებელმა 205 წუთი უნდა იმუშაოს. საინტერესოა ისიც, რომ, Surfshark-ის ინფორმაციით, საქართველოში ინტერნეტს მოსახლეობის თითქმის 81% იყენებს – ეს ერთადერთი მდგენელია, რომლითაც საქართველო გლობალურ საშუალო მაჩვენებელს აღემატება.

ცხადია, განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს შედარება ჩვენი რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან. საერთო ჩამონათვალში საქართველო მესამე ადგილს იკავებს – ჩვენს ქვეყანას სომხეთი (47-ე ადგილი) და თურქეთი (52-ე ადგილი) უსწრებენ. სომხეთი, სხვათა შორის, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით, მსოფლიოში რიგით მეორე ადგილს იკავებს და მისი დაწინაურების მთავარი მიზეზიც სწორედ ეს გახლავთ – ერთი წლის ჭრილში, ამ მდგენელით, სომხეთი სამოცდაორი ადგილით დაწინაურდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *