დეკემბერში საარსებო მინიმუმი 249.7 ლარამდე შემცირდა

დეკემბერში საარსებო მინიმუმი 249.7 ლარამდე შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 249.7 ლარი შეადგინა, რაც ნოემბერთან შედარებით 2.6 ლარით ნაკლებია. წლიურად მაჩვენებელი 3.8 ლარითაა შემცირებული.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ამ მაჩვენებელმა დეკემბერში 221.1 ლარი შეადგინა და წინა თვესთან შედარებით 2.3 ლარით შემცირდა.

ცნობისთვის, საქსტატი საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც ითვალისწინებს კვების პროდუქტების მოხმარების მინიმალურ ნორმებს, ხოლო სტატისტიკური მეთოდით განისაზღვრება დანახარჯები არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე. საარსებო მინიმუმის კლება/მატება კი აღნიშნული პროდუქტების ფასებზეა დამოკიდებული.

სასურსათო კალათა 40 პროდუქტს მოიცავს. საარსებო მინიმუმი იმ შემთხვევაში იზრდება, თუ ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი იმატებს, ესე იგი ცხოვრება ძვირდება და პირიქით.