სადაზღვევო კომპანია არდი ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ახალ საფეხურზე გადადის და სტრატეგიული გაყოფის შესახებ განცხადებას აკეთებს

სადაზღვევო კომპანია არდი ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ახალ საფეხურზე გადადის და სტრატეგიული გაყოფის შესახებ განცხადებას აკეთებს

საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია არდი, რომელიც მომხმარებელთა მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი ლოიალობით, ნდობითა და კმაყოფილების ინდექსით გამოირჩევა, ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ახალ საფეხურზე გადადის.

განვითარების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია არდი სტრატეგიულ გაყოფას განახორციელებს და ბაზარზე ორი კომპანიით გააგრძელებს ოპერირებას. პირველი იქნება სრულად ლიცენზირებული, მულტიპროფილური რისკების მზღვეველი კომპანია სს „არდი დაზღვევა“, რომელიც მოემსახურება როგორც პერსონალურ სადაზღვევო რისკებს (მათ შორის ჯანმრთელობის), ისე ყველა ტიპის ქონებრივ (ქონება, ავტომობილები, ტვირთები და ა.შ) სადაზღვევო პროდუქტებს, ხოლო მეორე კომპანია – სს სადაზღვევო კომპანია „არდი P&C” ფოკუსირებული იქნება მხოლოდ ნიშურ სადაზღვევო პროდუქტებზე, როგორიც არის – ფინანსური რისკების (საბანკო გარანტიების) დაზღვევა და სავალდებულო დაზღვევის სახეობები. საწყის ეტაპზე ორივე კომპანია არდის ბრენდის ქვეშ იფუნქციონირებს.

სტრატეგიული გაყოფის პარალელურად და მომავალი მრავალწლიანი განვითარების შესაბამისად, შეიცვლება არდის აქციონერთა სტრუქტურა და მულტიპროფილურ სს არდი დაზღვევაში ინვესტირებას მოახდენს საქართველოს ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანია – სს საქართველოს კაპიტალი („Georgia Capital“), რომლის აქციები 2018 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 30 მლნ ლარამდეა, რაც საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიაში განხორციელებული ინვესტიციის ისტორიული მაქსიმუმია.

როგორც სს არდი დაზღვევას, ისე სს Georgia Capital-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ სტრატეგიული განვითარების ეს მოდელი პირველია ქართული ბაზრისთვის, მაგრამ არაერთი წარმატებული მაგალითი აქვს განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს.

არდი გამორჩეული მოთამაშეა დღეს ქართულ სადაზღვევო ბაზარზე საინტერესო და დინამიურად განვითარებადი ისტორიით. მისასალმებელია ჩვენი ჯგუფისთვის ასეთი ღირებული ბრენდის შემომატება. ინვესტიცია, რომელიც ხორციელდება სტრატეგიული გაყოფის შემდეგ ფორმირებულ მულტიპროფილურ არდიში, მიმართული იქნება ბრენდის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ და თვითმყოფადობის გაზრდისკენ“ – აცხადებს სს „Georgia Capital-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გილაური.

არდის მენეჯმენტისა და აქციონერების მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეს დასავლური მოდელი, ემსახურება კომპანიის სამომავლო, გრძელვადიანი განვითარების იმ ხედვას, რომლის მიხედვითაც, არდი უპასუხებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ფინანსური ინსიტუტების ბაზრის მაღალრეიტინგული კომპანიების რეგულაციებს. გვჯერა, რომ ტრანსფორმაციის ეს ახალი გზა არდის კიდევ უფრო წარმატებული მომავლის წინაპირობა იქნება“ – აცხადებენ სს არდი დაზღვევას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არმაზ თავაძე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვოლფგანგ ვანდი ერთობლივ განცხადებაში.

„წელს რდი 14 წლის ხდება. ის გაიზარდა ყველა იმ არდელთან ერთად, ვინც დაუღალავად შრომობდა, ფიქრობდა და ირჯებოდა ამ პერიოდის მანძილზე. განვითარების ამ გზაზე გაიზარდა არდის ხედვები და გეგმებიც. შესაბამისად, ცვლილებების დრო მოვიდა. ჩვენთვის, არდელებისთვის, და დაზღვეული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ არდი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კომპანია, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, საზოგადოების კიდევ უფრო მძლავრი დასაყრდენი გახდეს; ამასთან, არდი შეინარჩუნებს თვითმყოფადობასა და იმ დამახასიათებელ უნიკალური თვისებებს, რის გამოც უკვე მეორე ათწლეულია მომხმარებელი ბრენდს გამოარჩევს სხვებისგან. განხორციელებული ეს უმსხვილესი, ახალი ინვესტიცია და სტრატეგიული ფოკუსირება კი იმის გარანტია იქნება, რომ არდელები შევძლებთ ვაკეთოთ ჩვენი საქმე კიდევ უფრო მეტი მონდომებითა და ენერგიით“ – აცხადებს სს არდი დაზღვევას გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *