დემოკრატიის გზაჯვარედინზე: გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს პარტნიორობა

დემოკრატიის გზაჯვარედინზე: გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს პარტნიორობა

25 წლის წინ პირველად ვეწვიე საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ იმ სასიამოვნო ვიზიტის დროს ქვეყანამ მომცა მომავლის იმედი, აშკარა იყო, რომ მას ჰქონდა გამოწვევები მმართველობის, რეგულაციებისა და ინფრასტრუქტურის მხრივ. 2024 წელს დავბრუნდი როგორც ბრიტანეთის ელჩი და შთამბეჭდავი ცვლილებები დავინახე. საქართველო ახლა ღია და დინამიკური ეკონომიკაა, პლურალისტური პოლიტიკური კულტურითა და ევროატლანტიკური პერსპექტივით. ერთი სტატისტიკა ყველაზე უკეთ ასახავს ამ ცვლილებას – 2023 წელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მთავარი წყარო გაერთიანებული სამეფო იყო, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25%-ს შეადგენდა. ეს იმის გამოა, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ წვდომა ლონდონის გლობალურ კაპიტალურ ბაზრებზე, სადაც ევროპისა და აშშ-ის ინვესტორები მზად არიან ინვესტიციისთვის კარგად რეგულირებულ, მაღალი ზრდის მქონე ბაზარზე.

წელს რამდენიმე კვირა ვისწავლე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კიდევ უფრო დიდი შთაბეჭდილება მივიღე. საქართველო კარგად არის ცნობილი როგორც ტურისტული დანიშნულება, მაგრამ ასევე ხდება რეგიონალური საგანმანათლებლო ცენტრი. ვხედავ, რომ რეგიონის სტუდენტები სამართლისა და მედიცინის შესწავლას საქართველოში არჩევენ. ეს დიდი ნდობის გამოვლენაა ქვეყნის რბილი ინფრასტრუქტურის მიმართ. დიდი ბრიტანეთი ასევე გლობალური საგანმანათლებლო დანიშნულებაა – ხალხს იქ სურს სწავლა, სადაც მაღალი აკადემიური ხარისხი, სიტყვის თავისუფლება და ტოლერანტობაა.

გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ნიშნავს, რომ ვაჭრობის ნაკადები მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ჩვენი მონაცემების მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის საქონლისა და მომსახურების ვაჭრობის მთლიანი მოცულობა, ბოლო ოთხ კვარტალში, 2024 წლის პირველი კვარტალის ბოლომდე 463 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. გაერთიანებულ სამეფოში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტმა 192 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიაღწია, ხოლო იმპორტი 271 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა (ზრდა 32%-ით, 65 მილიონი გირვანქით). გაერთიანებული სამეფოდან საქართველოს იმპორტში შედის ავტომობილები, ტექნიკა, სასმელები, სამედიცინო და ფარმაცევტული პროდუქტები. ხოლო საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ძირითადი ექსპორტი მოიცავს გადამუშავებულ ნავთობს, რკინის მადნებს, სასმელებს, რეზინის პროდუქტებსა და ფერად ლითონებს. ქართული ღვინის პოპულარობა გაერთიანებულ სამეფოში იზრდება, შესაბამისად, იზრდება ექსპორტიც. 

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა ძირითადად მომსახურების სექტორზეა დაფუძნებული და ეს აისახება ჩვენს თანამშრომლობაში. საქართველოს სამი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. ქართული კომპანიები, როგორიცაა, მაგალითად, „საქართველოს რკინიგზა“ „მწვანე” ობლიგაციებს ლონდონში ათავსებს. აუდიტორული კომპანიების „დიდ ოთხეულს” ოფისები თბილისში აქვთ გახსნილი და იურიდიული საქმიანობა ორ იურისდიქციას შორის უფრო ინტენსიურად ვითარდება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ შარშან ინგლისური სამართლის დღე გამართა.

ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, დიდი ბრიტანეთის ექსპერტიზა დიზაინსა და პროექტის მენეჯმენტში მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს განვითარების შემდეგ ფაზაში, იქნება ეს წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზები, ქსელის დაბალანსება დივერსიფიცირებული ენერგიის წყაროებიდან თუ ტელეკომუნიკაციები. მსოფლიო ბანკში, სავალუტო ფონდში, აზიის განვითარების ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში დიდი ბრიტანეთი აქტიური სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და მონაწილეობას მიიღებს მწვანე ზრდის პროგრამების დაფინანსებაში, რომლებიც ამ ინსტიტუტების მიერ საქართველოში განხორციელდება.

რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკურ გამოწვევებს ვერ ავუვლით გვერდს. საქართველოს ტერიტორიის 20%-ს კვლავ რუსეთი აკონტროლებს – მსგავსი მოცულობით, როგორც უკრაინაში, სადაც რუსეთი აგრძელებს უკანონო და არაპროვოცირებულ ინტერვენციას. ევროპაში ახლა უკვე ყველამ აღიარა, რომ რუსეთი არის უდიდესი საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ რუსული ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მტკიცეა, და ევროპა უკრაინასთან ერთად იდგება, სანამ გამარჯვებას არ მოიპოვებს. როდესაც უკრაინა და მოლდავეთი ევროპულ ინსტიტუტებს უახლოვდებიან, ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ ევროატლანტიკური მომავალი საქართველოსაც მშვიდობასა და კეთილდღეობას მოუტანს.

მე საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოვედი. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რომელი მიმართულებით სურს წასვლა. ჩვენი მთავარი ინტერესი ისაა, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი. საქართველოს მთავრობის მოწვევით, გაერთიანებული სამეფო დიდი რაოდენობით ბრიტანელ დამკვირვებლებს გზავნის, ასევე ვუჭერთ მხარს ადგილობრივ დამკვირვებელ ჯგუფებს. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ „უცხოური გავლენისა” და „ოჯახური ღირებულებების” შესახებ ახალი კანონმდებლობით, რომლებიც შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან. ისინი აზიანებენ სამოქალაქო საზოგადოებას და მოქალაქეთა უფლებებს, იწვევენ სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციას. ანტიდასავლური რიტორიკა აზიანებს საქართველოს პარტნიორობას, მათ შორის – გაერთიანებულ სამეფოსთან, და ამავდროულად, მის მიმზიდველობას, როგორც საინვესტიციო მიმართულებას.

დავასრულებ კარგი სიახლით როგორც ბრიტანელებისთვის, ისე ქართველებისთვის. 2025 წლიდან British Airways-ი და EasyJet-ი ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ რეისებს აღადგენენ. ეს დიდ ბიძგს მისცემს ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობას. დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმი ორივე მიმართულებით მნიშვნელოვნად გაიზრდება. ბრიტანელ მოგზაურებს განსაკუთრებულად გაიტაცებს თავგადასავლების, კულტურისა და გასტრონომიული ტურიზმის პერსპექტივა. და იმედი მაქვს, რომ ქართველებიც აირჩევენ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობას და მოინახულებენ მთელ გაერთიანებულ სამეფოს, მათ შორის – უელსს, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას, სადაც ისეთივე განსაცვიფრებელ ხედებს იპოვიან, როგორიც კავკასიაშია!