დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მეორე მოსმენით განხილვა გაიმართება

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მეორე მოსმენით განხილვა გაიმართება

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ განხილვა დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება. მმართველი პარტია ე.წ. „რუსული კანონის“ მეორე მოსმენით მიღებას ეცდება. არ არის გამორიცხული, პირველი მოსმენის მსგავსად, კენჭისყრა კვლავაც მეორე დღისთვის გადაიდოს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.  სხდომიდან ოპოზიციური პარტიების დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააძევეს.

შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო, 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ. განხილვამ მაშინაც ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

გასულ წელს კანონპროექტის უკან გაწვევის შემდეგ მისი განხილვის განახლების პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქციები დაიწყო. 28 აპრილს, ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ მშვიდობიან დემონსტრაციას, Visioner-ის მიერ სპეციალური მეთოდით დათვლებით, 100,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

ამის საპასუხოდ, გუშინ, 29 აპრილს, დედაქალაქში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული კონტრაქცია გაიმართა, რომელსაც რეგიონებიდან ჩამოსული საჯარო მოხელეები და პარტიის მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

„გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მეორე მოსმენით მიღების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დღესაც არის ჩანიშნული, 12:00 და 19:00 საათზე.

ცნობისთვის, იმისათვის, რომ კანონპროექტი მიღებულად ჩაითვალოს, მას პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი სამი მოსმენით უნდა დაუჭირონ. მიღების შემთხვევაში ის ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება. თუმცა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს.