როგორ ეხმიანება დასავლური მედია „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიმართ პროტესტს?

როგორ ეხმიანება დასავლური მედია „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიმართ პროტესტს?

უკვე რამდენიმე კვირაა, საქართველოს მოქალაქეები პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აქტიურად აპროტესტებენ. გუშინ, 28 აპრილს, ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ მშვიდობიან დემონსტრაციას დედაქალაქში ათიათასობით ადამიანი შეუერთდა.

ორგანიზაცია Visioner-ის მიერ სპეციალური მეთოდით დათვლებით, გუშინდელ აქციას 100,000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. დღეს, 29 აპრილს, დედაქალაქში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული კონტრაქცია გაიმართება, რომელსაც რეგიონებიდან ჩამოსული საჯარო მოხელეები და პარტიის მხარდამჭერები დაესწრებიან.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო მშვიდობიანი პროტესტი დასავლური მედიასააგენტოების ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. აქცია საკუთარ პლატფორმებზე ისეთმა გამოცემებმა გააშუქეს, როგორიცაა: Reuters-ი, Euronews-ი, BBC-ი, CNN-ი, AlJazeera, France24, Le Monde-ი და სხვა.

მედიაგამოცემების მასალებში აღნიშნულია, რომ საქართველოში ათიათასობით ადამიანი „უცხოური აგენტების შესახებ“, ასევე ე.წ. „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფონდებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირების ვალდებულებას აკისრებს, თუ მათი შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხო ქვეყნიდანაა. CNN-ი აღნიშნული კანონის შესახებ წერს, რომ ის „პუტინის სტილის“ კანონპროექტია, რომლის მიღების შემთხვევაშიც ქვეყნის ევროინტეგრაცია შეფერხდება.

გამოცემები საკუთარ მასალებში საქართველოს პრეზიდენტსაც ციტირებენ, რომელიც აღნიშნულ კანონს „ღიად რუსულს“ უწოდებს.

შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ „აგენტების შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში გასული წლის მარტშიც დაარეგისტრირა, თუმცა ძლიერი საპროტესტო ტალღის გამო ის უკან გაიწვია. ამჯერად საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო ძლიერია, თუმცა „ქართული ოცნება“ კანონპროექტის უკან „ჩაგდებას“ არ განიხილავს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემთხვევაში, მას ვეტოს დაადებს. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად მმართველ პარტიას პარლამენტში საკმარისი მანდატები არ გააჩნია.