დიდი ალბათობით, 2023 წელი რეკორდულად ცხელი წელი იქნება

დიდი ალბათობით, 2023 წელი რეკორდულად ცხელი წელი იქნება

რეკორდულად ცხელ ივნისს ივლისი მოჰყვა, ისტორიაში ყველაზე ცხელი 10 დღით. სიცხის ტალღებმა მოიცვა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპისა და აზიის დიდი ნაწილიც, პარალელურად კი, წყნარ ოკეანეში El Niño-ც ძლიერდება. მკვლევრები უკვე გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მიმდინარე წელი შესაძლოა ყველაზე ცხელი იყოს მას შემდეგ, რაც 1800-იან წლებში ტემპერატურის აღრიცხვა დაიწყეს.

2010 წლის ოქტომბრიდან კვლევითი არაკომერციული ორგანიზაცია Berkeley Earth-ი ყოველთვიურ გლობალურ ტემპერატურას აანალიზებს და შესაბამის პროგნოზსაც ადგენს. 11 ივლისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, „80%-იანი ალბათობით, 2023 წელი, აღრიცხვის დაწყების შემდეგ, ყველაზე თბილი წელი იქნება. წლიური ტემპერატურის დასრულებული რეიტინგი იანვარში გამოქვეყნდება, ამ დრომდე კი ყველაზე ცხელი 2016 და 2020 წლები იყო.

ატმოსფეროში სათბური აირების ემისიების მატებასთან ერთად, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით, დედამიწის ზედაპირის გლობალური ტემპერატურა 1.2 გრადუსი ცელსიუსით უკვე გაიზარდა. NOAA-ს მონაცემებით, უკანასკნელი 23 წლიდან 22 ყველაზე ცხელი წელი იყო. ამ ტენდენციის შეჩერების ერთადერთი გზა კლიმატური კრიზისის წარმომქმნელი დამბინძურებლების, ძირითადად, წიაღისეული საწვავის გამოყენების მინიმუმამდე შემცირებაა.

ადამიანის საქმიანობით გამოწვეული გლობალური დათბობის გარდა, კლიმატური კრიზისის გამწვავების კიდევ ერთი მიზეზი პლანეტის El Niño-ს ფაზაში შესვლაა, რომელიც ტრადიციულად ორ-შვიდ წელიწადში მეორდება. El Niño-ს პერიოდში წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში თბილი სეზონური ზედაპირული დინება წარმოიქმნება, რომელიც გლობალურად ტემპერატურის მატებაშიც ვლინდება. El Niño-ს გახანგრძლივების შემთხვევაში, 2024 წელს მსოფლიოს უფრო მაღალი ტემპერატურები ელოდება.