გაფიცვამდე ჰოლივუდის სტუდიებმა მსახიობებს $1-მილიარდიანი კომპენსაცია შესთავაზეს

გაფიცვამდე ჰოლივუდის სტუდიებმა მსახიობებს $1-მილიარდიანი კომპენსაცია შესთავაზეს

ჰოლივუდის კინოსა და ტელევიზიის სტუდიებმა მსახიობებს გაფიცვამდე $1-მილიარდიანი კომპენსაცია და დამატებითი შეღავათები შესთავაზეს. ჰოლივუდის ყველაზე დიდი პროფკავშირი, SAG-AFTRA, ამერიკის მწერალთა გილდიის (WGA) გაფიცვას გასულ კვირას შეუერთდა.

ჰოლივუდის მთავარ სტუდიებთან და სტრიმინგპლატფორმებთან, მათ შორის Netflix-თან, Walt Disney-სთან, Warner Bros Discoveryსთან და სხვებთან, მოლაპარაკებებს ამერიკის „კინემატოგრაფიისა და ტელევიზიის პროდიუსერების ალიანსი“ (AMPTP) აწარმოებს. პროფკავშირის მომლაპარაკებლების განცხადებით, სტუდიებთან ახალ სამწლიან კონტრაქტზე, რომელიც შეღავათების გაზრდასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შეზღუდვას ითვალისწინებდა, შეთანხმება ვერ შედგა.

AMPTP-ის ინფორმაციით, SAG-AFTRA-ის მიერ 12 ივლისს უარყოფილი გარიგება მსახიობებისთვის შემდგომ შეთავაზებებს მოიცავდა: ხელფასების ზრდისთვის $1 მილიარდზე მეტის გამოყოფას, პენსიებს, ჯანმრთელობის დაზღვევას, დამატებითი ანაზღაურების მატებასა და სამი წლის განმავლობაში, AI-ის გავლენისგან მათი საქმიანობის დაცვას. AMPTP-მა განცხადებას, რომ ალიანსი პროფკავშირის წევრების საჭიროებებს არ პასუხობდა, ცილისწამება უწოდა.

ჰოლივუდის ყველაზე დიდი პროფკავშირი SAG-AFTRA კინოსა და სტუდიის 16,000-ზე მეტ მსახიობს აერთიანებს. ორშაბათს SAG-AFTRA-მ მათ მიერ წარდგენილი მოთხოვნებისა და სტუდიის პასუხების დეტალური სია გამოაქვეყნა, სათაურით: „ჩვენ ჩვენი პროფესიის გადარჩენისთვის ვიბრძვით“. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში, ამერიკის მწერალთა გილდია (WGA) უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში პირველად გაიფიცა.