კეთილდღეობის უკეთესი დონის მიღწევისთვის ეკონომიკური თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამ ორ ცვლადს შორის არსებობს უტყუარი კორელაცია, დადასტურებული არაერთი სამეცნიერო კვლევით, ისევე როგორც ისტორიული, ემპირიული გამოცდილებით.
იქნება ეს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების დონე, ეკონომიკის ზრდის ტემპი, მოსახლეობის ყველაზე ღარიბი 10%-ის შემოსავლების დონე თუ საერთო შემოსავლების გადანაწილება ღარიბ მოსახლეობაზე, სიღარიბის ტაბი, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ბავშვთა სიკვდილიანობა, ბავშვთა შრომა, უმუშევრობა, მდგომარეობა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დაცვის თუ გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით – არ არსებობს ინდიკატორი, რომელიც შეიძლება მოვიაზროთ სოციუმის კეთილდღეობის საზომად და ის, საშუალოდ, უკეთესი იყოს ეკონომიკური თავისუფლების არმქონე ქვეყნებში.
ფაქტობრივი მტკიცებულებები იმდენად უტყუარი და ცალსახაა, რომ, წესით, ნებისმიერი ადამიანის უფლებების დამცველი თუ ბავშვთა უფლებებზე მზრუნველი, სიღარიბის წინააღმდეგ თუ დასაქმებისთვის მებრძოლი, ფემინისტი თუ ნაციონალისტი – ყველა, გამონაკლისის გარეშე, უნდა იბრძოდეს ეკონომიკური თავისუფლების უფრო მაღალი დონის მიღწევისთვის; უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეკონომიკური თავისუფლების ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას; და თუ რაიმე მოძღვრების პროზელიტიზმით უნდა იყოს დაკავებული, ეს სწორედ ეკონომიკური თავისუფლებაა.
მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება და სხვადასხვა სიკეთისთვის მებრძოლი ადამიანების უდიდესი უმრავლესობა პრაქტიკაში დაკავებულია სწორედ ეკონომიკურ თავისუფლებასთან ბრძოლით. იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან და ამას ვერ იაზრებენ. მეტიც, თუ ეცდები ახსნას, რომ მათი ქმედება მათსავე მიზანს ეწინააღმდეგება “საბაზრო ფუნდამენტალისტად”, “ველური კაპიტალიზმის აპოლოგეტად” და “ჯუნგლების კანონების დამცველად” გრაცხავენ.
ადამიანების დიდი ნაწილი რთულად ან საერთოდ ვერ ახერხებს გააზრებას, როგორ შეიძლება ფუნქციონირებდეს სრულად ნებაყოფლობით გაცვლაზე დაფუძნებული სისტემა, რომელსაც სტანდარტულად “თავისუფალ ბაზარს” ეძახიან, ისე რომ არ არსებობდეს ცენტრალური, მაკოორდინერებელ-მაკონტროლებელი ინსტიტუტი. და როგორც პირველყოფილი ადამიანი იხმობდა ღმერთს ისეთ ფენომენებთან მიმართებით, რომელთა გააზრებასაც თავად ვერ ახერხებდა, თანამედროვე ადამიანიც იხმობს სახელმწიფოს სხვადასხვა, რთული ამოცანების გადასაჭრელად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეალურად რაიმე პრობლემის ეფექტიანად მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ რწმენას ემყარება – რწმენას, რომელსაც უბრალოდ ფსიქოლოგიური სიმშვიდე მოაქვს და მეტი არაფერი.
მაგალითად, როგორ შეიძლება საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, რომ ერთი და იმავე სახელმწიფო სისტემის პირობებში, სისტემა, რომელსაც თავზე ენგრევა რამდენიმე თვის წინ ზარ-ზეიმით გარემონტებული მეტროს ჭერი, პარალელურად, სრულყოფილად და ზედმიწევნით უშეცდომოდ სრულად აკონტროლებდეს ქვეყანაში რაც კი საკვებს იღებს 3.7 მილიონი ადამიანი, იმის უსაფრთხოებასა და ხარისხს? შეუძლებელია. მაგრამ ადამიანების დიდი ნაწილი არც კი ფიქრობს ამ რეალობის აბსურდულობაზე და უბრალოდ მშვიდად არის იმის ცოდნით, რომ სადღაც, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რომელიღაც განყოფილების რომელიღაც დეპარტამენტის რომელიღაც სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელს ჰქვიათ კვების უსაფრთხოების სპეციალისტები და ფორმალურად ევალებათ მთელი ქვეყნის მასშტაბით კვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
მნიშვნელოვანწილად ადამიანების სწორედ ასეთი რწმენა განაპირობებს იმას, რომ საქართველოში (და არა მხოლოდ) სახელმწიფო ბიუროკრატია წარმოუდგენლად გაბერილია, ჭამს ისედაც პატარა ეკონომიკაში შექმნილ მწირ რესურსს და არ აძლევს საშუალებას იმავე ეკონომიკას, სწრაფად გაიზარდოს. დიდი ბიუროკრატია, რომელიც ფინანსდება ჩვენი გადასახადებით, ნიშნავს, რომ ცალკე აღებული ადამიანების ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, ინდივიდუალური პრეფერენციები, ჩანაცვლებულია უნიფიცირებული, ცენტრალიზებული სამთავრობო გადაწყვეტილებებით, რაც ეკონომიკურ თავისუფლებას ამცირებს.
ასეთი რწმენის შედეგია ეკონომიკის სამინისტროს არსებობა, რომელიც წელს 230 მილიონი ლარი გვიჯდება. რა მოხდება, ეკონომიკის სამინისტრო რომ არ არსებობდეს? ეკონომიკა აღარ იარსებებს? ადამიანები შევწყვეტთ შრომას და ურთიერთგაცვლას? ბიზნესი ვეღარ მიხვდება, რა უნდა აწარმოოს, რა ფასში და ვისთვის? რაში იხდის თითოეული ჩვენგანი წელიწადში საშუალოდ 62 ლარს? რაში გადავიხადეთ შარშან? შარშანწინ?
რატომ ვიხდით სასჯელაღსრულების სამინისტროში 150 მილიონ ლარს? სულ პენიტენციურ დაწესებულებებში 10,000 პატიმარია. რატომ გვიჯდება ერთი პატიმრის შენახვა 15,000 ლარი წელიწადში? 1,250 ლარი თვეში? შეიძლება, რომ გაჭირვებულ, დასნეულებულ და, რაც მთავარია, უდანაშაულო ადამიანზე ვხარჯავდეთ წელიწადში 180 ლარს (ე.წ. “პენსიას”) და თითოეულ დამნაშავეს 7-ჯერ მეტს ვახარჯავდეთ? შეიძლება, ასეთი მიდგომა გამართლებული იყოს ან ეკონომიკურად, ან მორალურად? ამ სისტემაში 5,000 თანამშრომელი მუშაობს. შეიძლება, ყოველ ორ პატიმარზე ერთი თანამშრომელი მოდიოდეს და ეს იყოს ლოგიკური? რომელ სხვა მოწყვლად ჯგუფზე, რომელსაც რეალურად სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა, მოდის ორ სულზე ერთი სახელმწიფო მოხელე? შეიძლება, 5-წლიანი წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ კიდევ ვაგრძელებდეთ სოფლის მეურნეობაში 275 მილიონი ლარის ხარჯვას? მილიარდები დავხარჯეთ ბოლო წლებში. მილიარდები! და შედეგი – ნული. არც მეტი, არც ნაკლები. მილიარდები გვიჯდება სრულიად უშინაარსო მითების კვება, რომ საქართველო არის “აგრარული ქვეყანა”, რომ “ძლიერი სოფელი ნიშნავს ძლიერ ქალაქს”, რომ “ადამიანები უნდა დავაბათ სოფელში”, რომ შემოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქცია არ ვარგა და ქართული არის საუკეთესო. მილიარდები!
ირაციონალური რწმენის შედეგია კულტურისა და სპორტის სამინისტროზე წელიწადში 285 მილიონი ლარის ხარჯვა – საშუალოდ 77 ლარის ერთ სულზე. 8,300 სახელმწიფო მოხელეს ვინახავთ ამ ფულით. პრაქტიკულად ყველა მხატვარი, ყველა რეჟისორი, ყველა ფეხბურთელი, ყველა წყალბურთელი, ყველა მუსიკოსი, ყველა მოქანდაკე, და სხვა და სხვა და სხვა – ყველა სახელმწიფო მოხელეა. სახელმწიფო მოხელეები თამაშობენ ფეხბურთს და სახელმწიფო მოხელეები გვიმღერიან სცენიდან. როგორ შეიძლება ასეთ რეალობაში ან ფეხბურთს ეშველოს, ან სიმღერას?
სსიპ-ებსა და ა(ა) იპებზე ვხარჯავთ წელიწადში 1 მილიარდ ლარს – საშუალოდ 270 ლარს ერთ სულზე. ოდესმე დაინტერესებულხართ, რას წარმოადგენენ ეს ორგანიზაციები, რომელთა ჩამონათვალიც ცალკე სქელტანიან დოკუმენტად ახლავს თან სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონს? სპორტული კლუბები, თეატრები, სასწავლებლები, აკადემიები, სააგენტოები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, ფონდები, კოლეჯები, დასები, პანსიონები, ლიცეუმები, ბიუროები, პალატები, გიმნაზიები, უნივერსიტეტები, მოძრაობები, ცენტრები, ანსამბლები, სემინარიები – ყველაფერს ნახავთ აქ. თუ გაინტერესებთ ბიზნესების ჩამონათვალი, რომლებიც ვერ ახერხებენ ისეთი პროდუქციისა თუ მომსახურების შექმნას, რომელიც ბაზარზე გაიყიდება ანუ რომლის შეძენის სურვილიც ნებაყოფლობით ექნებათ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ახერხებენ ხელისუფლებასთან საქმის გაჩარხვას და საბიუჯეტო დაფინანსების, იმავე სუბსიდიის მოპოვებას – ეს დოკუმენტი არის სწორედ ასეთი ბიზნესების რეესტრი. წარუმატებელი, მაგრამ ხელისუფლებასთან დაახლოებული წვრილ-წვრილი ბიზნესების შენახვა გვიჯდება 1 მილიარდი ლარი და მერე სერიოზული სახით ვკითხულობთ, სად შეიძლება დავზოგოთ ხარჯები ან საიდან შეიძლება თავდაცვისთვის საჭირო თანხების მოტანა?
ამ ჩამონათვალის გაგრძელება დიდხანს შეიძლება. სახელმწიფო ბიუჯეტი უაზრო და უშინაარსო ხარჯების ამოუწურავი საბადოა. სანამ ადამიანებში არსებობს რწმენა, რომ სახელმწიფოს გარეშე საკუთარ თავს ვერ მივხედავთ, რომ სახელმწიფოს გარეშე ვერ იარსებებს ეკონომიკა, ფეხბურთი ან კულტურა, მანამ იარსებებს გაბერილი ბიუროკრატია, რომელიც სახელმწიფო განათლების სისტემის მიერ ზომბირებულ ადამიანებს დაარწმუნებს საკუთარი არსებობის აუცილებლობაში, შესაბამისად, მანამდე იქნება ეკონომიკური თავისუფლება შეზღუდული, და მანამდე გვექნება ეკონომიკის განვითარების დაბალი დონეც და ტემპიც.