ყველაზე გავლენიანი ადამიანი ჩინეთის კინოინდუსტრიაში? საბრძოლო ხელოვნების ლეგენდა ჯეკი ჩანმა შეათავსა მთავრობასთან ახლობლობა კაპიტალისტურ ხედვასთან და უზომოდ მდიდარი გახდა.
ბევერლი-ჰილზის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სასტუმროს, Montage-ის ნომერში გაჩერებულ მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ვარსკვლავს საუბარი ეკონომიის მნიშვნელობისკენ მიჰყავს. მსახიობს საკუთარი ბრენდის მაისური აცვია, რომელსაც ჯეკი ჩანის საფირმო დრაკონი ამშვენებს. თავისი ნომრის აბაზანისკენ მიმიძღვება და ცელოფნიდან ამოღებულ ნახმარ საპონს მაჩვენებს, რომელიც, როგორც ამიხსნა, მაკაოში MGM Grand-დან წამოიღო, უაზროდ რომ არ „გაფლანგულიყო“: „ეს საპონი მსოფლიოს გარშემო მომყვება“.
ჩანს ამით უნდოდა ეჩვენებინა, რომ ეკონომია მისი ხასიათის თვისებაა და ის ბუნების დამცველია. ბოლო დროს მან არაერთი საჯარო მიმართვა ჩაწერა, რომ დაერწმუნებინა ჩინელი მყიდველები, არ შეეძინათ ის პროდუქტები, რომლების დამზადებასაც ვეფხვებისა და მარტორქების სიცოცხლე ეწირება. თუმცა „საპნის ისტორიის“ უკან ნამდვილი მეტაფორაა – საპონი, როგორც თავად ჩანი, რომლის ცხოვრებაც ჩინეთსა და აშშ-ს შორის მოძრაობაშია.
ერთ დროს მთელ ჰოლივუდს მოდებულ ჩანს, უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ინდუსტრიაში პასიური როლი აქვს. თუმცა ბოლო 12 თვეში მან დაახლოებით $50 მილიონი გამოიმუშავა, რაც ყველა მსახიობი მამაკაცის შემოსავალზე მეტია, გარდა რობერტ დაუნი უმცროსისა. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩანს Forbes-ის გამოჩენილთა ასეულში 38-ე ადგილი დაეკავებინა, უშუალოდ ტაიგერ ვუდსის შემდეგ.
რა შეიძლება ითქვას? ის არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე რჩეულთაგან, რომელსაც აქვს როგორც ჰოლივუდის, ისე წყნარი ოკეანის მეორე მხარის კინოინდუსტრიის ფუნდამეტური ცოდნა. ამჟამად 61 წლის მსახიობი თავის გამოცდილებას სარფიანი გარიგებების დასადებად იყენებს.
აიღეთ, მაგალითად, ფილმი „დრაკონის ხმალი“. ალბათ არასდროს გსმენიათ ამ ფილმის შესახებ, რადგან მისი გამოსვლა შეერთებულ შტატებში ჯერ არ გახმაურებულა, იმის მიუხედავად, რომ ჯეკი ჩანთან ერთად ფილმში ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორებიც არიან ედრიან ბროდი და ჯონ კიუსაკი. ამ ფილმმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩინეთში და $120 მილიონი მოგებიდან ჩანს $10 მილიონი მოუტანა. ამავე წელს, მოგვიანებით, ჩანი ჯონი ნოქსვილთან ერთად ითამაშებს ფილმ Skiptrace-ში, რომელსაც წარმატებას როგორც ამერიკაში, ისე ჩინეთშიც უწინასწარმეტყველებენ. ჩანი კი მოგებიდან დიდ წილს მიიღებს, რაც მისი, როგორც მსახიობისა და ინვესტორის, დამსახურება იქნება.
ამავე დროს, ჯეკი ჩანის სახელთან დაკავშირებული ბრენდების რაოდენობის ჯეი-ზისაც კი შეშურდება. ბრენდი საბრძოლო ხელოვნებებში ბრიუს ლის შემდეგ ყველაზე ცნობადი მსახიობის სახელით პატარა საქმე არაა. ჩანის სახელი დაკავშირებულია Segway-ს სადილერო კომპანიასთან. კინოთეატრების ერთ-ერთი ქსელიც მის სახელს ატარებს. სამსახიობო და სხვადასხვა ბიზნესიდან შემოსავლის მიხედვით Forbes-ი ჩანის ქონებას საშუალოდ $350 მილიონად აფასებს.
„ჯეკი ჩანი შეიძლება მივიჩნიოთ ჩინეთის მიკი მაუსად, ღირსშესანიშნაობად, რომელიც იმდენად არის ყველაფერს მოდებული, რომ მისი სახელი სიმბოლოდ იქცა“, – ამბობს ნიუ-იორკის აზიური კინოფესტივალის თანადამფუძნებელი გრედი ჰენდრიქსი.
რადგანაც ჩინეთში ნებისმიერი საქმიანობის წარმატება დამოკიდებულია ხელისუფლებასთან კავშირებზე ან მისგან ხეირის მიღებაზე, ჩანს აქვს „საიდუმლო იარაღი“ საკუთარი შემოსავლისთვის. ის ძალზე გავლენიანი სახელმწიფო საბჭოს, „სახალხო პოლიტიკური რჩევითი კონფერენციის“ წევრია. შესაბამისად, პეკინი მწვანე შუქს უნთებს ყველა მის ფილმს, რომელიც ჩინეთში გამოდის.
ეს მოცემულობა სულ უფრო მოგებიანი გახდება. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ჩინეთის კინოთეატრები თითქმის 33%-იანი ტემპით იზრდებოდა და 2014 წელს $5-მილიარდიან მოგებას მიაღწია; თებერვალში ჩინეთმა კინოთეატრების შემოსავლით აშშ-ს გაუსწრო. მაშინ, როდესაც ამერიკულ ბლოკბასტერებს ჩინეთში მეოთხედი მილიარდის ამოღება შეუძლია, ჩინეთის ხელისუფლება ხშირად უცხოურ ფილმებს რამდენიმე კვირით ბლოკავს ან გახსნით უიკენდზე პრემიერების დროებს ამთხვევს. ამით ისინი უბიძგებენ ამერიკელებს ჩინურ კომპანიებთან ერთობლივი პროდუქციის შექმნისკენ, რის ყველაზე წარმატებულ მაგალითებს შორისაა „რკინის კაცი 3“, და „ტრანსფორმერები“.
ამ ყველაფრის გამო ჯეკი ჩანი მოვლენების ეპიცენტრში ხვდება. თანამემამულეები კი მას დიდი სიყვარულით, ყოველგვარი ირონიის გარეშე „უფროს ძმად“ მოიხსენიებენ.
„მე ყოველთვის ვუყურებ რუკას, – ამბობს ჩანი, რომელიც ჰაერში ხაზავს წარმოსახვით გლობუსს. – რატომ არის ეს ნაწილი ჩემი და ის შენი? ვინ დააწესა საზღვრები? ჩემი აზრით, მსოფლიო ჩვენ გვეკუთვნის. ამერიკა მეკუთვნის მე. ჩინეთი გეკუთვნის შენ“.
მისი აღზრდა ასეთ გლობალისტურ სენტიმენტებს შეეფერება. ის დაიბადა ბრიტანეთის მიერ კონტროლირებულ ჰონკონგში, 1954 წელს. მისი მშობლები ავსტრალიაში გადასახლებამდე საფრანგეთის საელჩოს სამზარეულოში მუშაობდნენ. მოგვიანებით ჯეკი ჩანმა შეიტყო, რომ მამამისი ტაივანისთვის ჯაშუშად მუშაობდა.
ჩანი გაგზავნეს ჰონკონგის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლა-პანსიონატში, სადაც ის სწავლობდა საბრძოლო ხელოვნებასა და აკრობატიკას ისეთი მკაცრი პედაგოგებისგან, როგორებიც იყვნენ „ვერცხლის ეკრანის“ კუნგ-ფუს ოსტატი. „როდესაც რაღაც გეშლებოდა, კლასში ყველას ხვდებოდა, – იხსენებს ჩანი. – ხანდახან უმიზეზოდაც მომხვედრია“. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩანის ცხოვრება ავსტრალიაში სამშენებლო სამუშაოებსა და ჰონკონგის კინოინდუსტრიაში მოხვედრის წარუმატებელ მცდელობებს შორის მერყეობდა. 20 წლის ასაკში მან მიიღო ტელეგრამა, რომლითაც ახალ ფილმში როლზე დამტკიცებას ულოცავდნენ. მაშინ მშობლებმა მას ორწლიანი ვადა მისცეს კინოინდუსტრიაში დასამკვიდრებლად. თუმცა მას შემდეგ, რაც 1973 წელს ჩანმა მიიღო როლი ბრიუს ლის ფილმში, Enter the Dragon-ში, მშობლების პირობამ მნიშვნელობა დაკარგა.
ჩანის პირველი მიზანი იყო ბრიუს ლისგან განსხვავებული იმიჯის შექმნა. მის მიერ შემუშავებული სტილი მკაფიოდ განსხვავდებოდა ლეგენდისგან, რომელსაც გამუდმებით ადარებდნენ. მაშინ, როდესაც ლი ცნობილი იყო უხეში ქცევითა და მკვეთრი მოძრაობებით, ჩანმა გადაწყვიტა შეესწავლა ჩარლი ჩაპლინი და ბასტერ კიტონი, მათი იუმორითა და ფარსით. „მინდოდა, ყველას მოებაძა ჩემთვის, – ამბობს ჩანი. – არ მინდა, მე ვბაძავდე ყველას“.
ჩანის მონაწილეობით ჰონკონგში ახალ-ახალი ჰიტები იბადებოდა, რომლებშიც ის თავისი ილეთების დემონსტრირებასა და ათობით ძვლის მოტეხას ახერხებდა (1986 წელს მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც ჩანი ხიდან გადმოვარდა იუგოსლავიაში, „ღმერთის ჯავშნის“ გადაღებისას – ფილმის სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი თვითონ იყო). როდესაც ჩინეთის საზღვრები გაიხსნა, 1990 წელს, ჩანი მზად იყო მოგების სანახავად და დაუყოვნებლივ გახსნა იქ კაფეები, სპორტული დარბაზები და დაიწყო წარმატებული მომღერლის კარიერა. 1998 წელს მან საფუძველი ჩაუყარა Jackie Chan Design-ს, რომლის ვებსაიტზეც დღეს 400-ზე მეტი დასახელების პროდუქტია განთავსებული. აქ ყველაფერია, წყლის ბოთლებიდან საათებამდე და საიტი ირწმუნება, რომ ყოველი პროდუქტი „ექსკლუზიურად მისტერ ჯეკი ჩანის დიზაინით არის შექმნილი“.
1995 წლის ფილმმა „უთანხმოება ბრონქსში“ ჯეკი ჩანს ამერიკაშიც დაუმკვიდრა სახელი. 1998 წლის „პიკის საათმა” მსოფლიო ვარსკვლავის სტატუსი მოუტანა. ფილმი კომედიებს შორის ყველაზე წარმატებული გახსნითი უიკენდით შევიდა ისტორიაში და საბოლოო ჯამში $140 მილიონი მოგება მოიტანა აშშ-ში და კიდევ $100 მილიონი სხვა ქვეყნებიდან. დღეს ასეთი თანაფარდობა არავის უკვირს, მაგრამ მაშინ ეს დიდი იშვიათობა იყო. ჩანი იხსენებს: „ამერიკის სალაროები მთელი მსოფლიოს სალაროებს ნიშნავდა“. რეჟისორი ბრეტ რეტნერი კი ამატებს: „ჯეკი ჩანი ჩინეთის უდიდესი საექსპორტო პროდუქტია“.
ამ წარმატებებმა მეტი წარმატება შვა, ისეთ ფრენჩაიზებში როლების ჩათვლით, როგორიცაა „შუადღე შანხაიში“ და „კუნგ ფუ პანდა“. გაგრძელება მოჰყვა „პიკის საათსაც“, კიდევ ორი ფილმის სახით (პროდიუსერი, რატნერი, ამჟამად მეოთხეს ითხოვს). ამავდროულად, მაგალითად, არნოლდ შვარცნეგერისგან განსხვავებით, რომელმაც ავსტრიიდან ამერიკაში გადმოსვლის შემდეგ დაკარგა მჭიდრო კავშირი სამშობლოსთან, ჯეკი ჩანი არ ივიწყებს ჩინელ თაყვანისმცემლებს და ყოველთვის ბრუნდება ჰონკონგში ახალი ფილმების შესაქმნელად. იქ ის იმ ტიპის ფილმებში თამაშობს, რომლებმაც სახელი მოუტანა, და უფრო სერიოზულ როლებზეც არ ამბობს უარს. „მე მინდოდა ვყოფილიყავი აზიელი რობერტ დე ნირო ან დასტინ ჰოფმანი“, – ხსნის ჩანი.
მან იპოვა მოკავშირეები ჩინეთის ხელისუფლებაში, რომელმაც ჩანი 2008 წელს ოლიმპიური თამაშების ელჩად დანიშნა, რამაც მას ბიზნესის ჰონკონგიდან პეკინში გადატანისკენ უბიძგა. ის აღმოჩნდა ჩინეთის ზრდადი კინოინდუსტრიისა და იმ ხელისუფლების მოქმედებების ეპიცენტრში, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს.
ჩანი ირწმუნება, რომ მას იმავე სირთულეების გადალახვა უწევს, რაც ნებისმიერ სხვა რეჟისორს, თუმცა თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფილმების შესაქმნელად მას მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე სხვებს. ამაზე Skiptrace-ითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ. „დამტკიცების პროცესმა და დისტრიბუციის გარანტიებმა შექმნა წინაპირობები, ეს შესაძლებლობა, რომელზეც ერთად ვიმუშავეთ, წარმატებად ქცეულიყო“, – ამბობს ჩანის აგენტი, ფილიპ ბატონი.
ჩანის სიახლოვემ პეკინთან და მისმა ხშირმა დამცინავმა კომენტარებმა ოპოზიციურ გამოსვლებზე ჰონკონგში მას უარყოფითი სახელი დაუმკვიდრა დემოკრატიის ისეთ დამცველთა შორის, როგორიცაა ჰონკონგის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ემილი ლაუ. როგორც ლაუ ამბობს, „თუ შენ ყოველთვის იმას ამბობ, რაც ხელისუფლებას უნდა, ცხადია, მათთვის უფრო მარტივი იქნება შენი საქმიანობის მხარდაჭერა“.
ჩანს კრიტიკა აღიზიანებს. „არ უნდა ვიყოთ ახლოს ჩინეთის მთავრობასთან? – ხმის ამაღლებით მიპასუხა ჩანმა, როდესაც ეს საკითხი წამოვჭერი. – ჩვენ ჩინელები ვართ და, ჩემი აზრით, ყველას უნდა უყვარდეს თავისი ქვეყანა“. მისი განცხადებით, მას დიდი წვლილი შეაქვს ეკონომიკის გაუმჯობესებაში, რისი მაგალითიცაა ჩანის რეკომენდაცია კინოტექნიკის იმპორტზე გადასახადების შემცირების თაობაზე. „ეს არის შეთავაზება კინოინდუსტრიის გაუმჯობესებისთვის, – ამბობს ჩანი. – ისინი კი მისმენენ“.
იმის მიუხედავად, რომ ჩინეთის მოსახლეობა აშშ-სას ოთხჯერ აღემატება, ჩინეთში დაახლოებით 20,000 კინოდარბაზია, რაც ამერიკული რაოდენობის დაახლოებით ნახევარია. „მათ რომ 45,000 კინოდარბაზი ჰქონოდათ, მოსახლეობის გათვალისწინებით, ფილმს ჩინეთში გახსნითი უიკენდიდან შეიძლება $500 მილიონი მოეტანა“, – ამბობს რატნერი.
ჩანი უკვე ხეირობს ამ მოცემულობით. 5 წლის წინ მან და მისმა პარტნიორმა დააარსეს Jackie Chan Yaolai International Cinema, რომლის 17-დარბაზიანი კინოთეატრი დიდი კინოუიკენდების დღეებში 50,000 ბილეთზე მეტს ყიდის. ამ წარმატებამ მას 50/50 თანამონაწილეობით დამატებით 37 კინოთეატრის გახსნის შესაძლებლობა მისცა. თითოეულ კინოთეატრში ჩანის ბრენდების პროდუქციის სტენდი დგას.
ჩანმა ასევე შემდეგ საფეხურზე აიყვანა თავისი კასკადიორთა ჯგუფი, J.C. Stunt Team-ი, და კინოსერვისების კომპანიად აქცია, რომელიც ამერიკული სტუდიების სტანდარტს შეესატყვისება. ორენოვანი პერსონალი კასკადიორ-კოორდინატორებსა და რეჟისორების ასისტენტებსაც მოიცავს. „ნელ-ნელა მინდა შევქმნა ჩემი William Morris-ი“, – ამბობს ჩანი.
პარალელურად ის გააგრძელებს ჩინურ კინოსა და ამერიკელებთან ერთობლივი ნაწარმის შექმნაზე ფსონის დადებას. „ამჟამად მე მხოლოდ მსახიობი აღარ ვარ… მე ინვესტორიც ვარ“, – ამბობს ჩანი და მიუხედავად იმისა, რომ არ გვიდასტურებს მისი ბოლო წლის შემოსავლის ჩვენეულ შეფასებას, სიამოვნებით მსჯელობს თავის სამომავლო გეგმებზე, კაზინოს მფლობელივით, რომელმაც იცის, რომ ყველაფერი მის სასარგებლოდ ეწყობა. „მე შეიძლება დავკარგო $10 მილიონი, – ამბობს ჩანი, – მაგრამ თუ მოვიგებ, ეს, სავარაუდოდ, $90 (მილიონი) იქნება“.