მსოფლიოს ქალი

მსოფლიოს ქალი

კეტი პერიმ წელს $135 მილიონი გამოიმუშავა, გაცილებით მეტი, ვიდრე გართობის ინდუსტრიის ნებისმიერმა ვარსკვლავმა დედამიწაზე. როგორ იქცა ღვთისმსახურთა ოჯახის შვილი ამერიკის მთავარ პოპ-ექსპორტად?

საღამოს მწუხრში ჩემი შავი მერსედესი რომის მძიმე მოძრაობაში მიიკვლევს გზას, როდესაც უცნაური ხმა მიკავშირდება მობილურზე, ინსტრუქციებით პირდაპირ ჯონ ლე კარეს ნოველიდან: ახლავე გადმოდით მანქანიდან. იარეთ კოლოსეუმისკენ, რომელიც დაახლოებით ერთ კილომეტრშია. როდესაც თაღს მიუახლოვდებით, დაგვირეკეთ.

ამ „დეტექტიურ“ ზომებს ვერ ასცდებით, თუკი კეტი პერისთან გაქვთ შეხვედრა დათქმული – ყველაზე შემოსავლიან ვარსკვლავთან მსოფლიოში. ჩემს მანქანას, რომელიც კეტის მძღოლისგან ვითხოვე, როგორც ჩანს, სამი პაპარაცი მოსდევდა. აგრეთვე მისი დაცვის უფროსიც, თავისი სატელეფონო ინსტრუქციებით. ჩავუარე ფორუმსა და კეისრების არაერთ ძეგლს, სანამ ტიტუსის თაღთან შევჩერდებოდი – 1,933 წლის ნაგებობასთან, რომლითაც საფრანგეთის ტრიუმფალური თაღია შთაგონებული. მე პერის ხელქვეითს ვურეკავ. ვიღებ შემდეგ ინსტრუქციას – გავიხედო მარცხნივ. ვხედავ 30 წლის, დიდ Ray-Ban-სა და თეთრ შლაპაში გამოწყობილ ინკოგნიტო ვარსკვლავს. ხალხი მის გარშემო ისე ირევა, რომ ვერც კი ამჩნევენ.

იგი ჩართულია საუბარში პერსონალურ გიდთან, თავაზიან ხელოვნების ისტორიკოსთან, რომელიც გამოიყურება, როგორც რონ ვიზლის იტალიური ვერსია. გიდი ჰყვება იმ ცხოველების შესახებ, რომლებსაც გლადიატორები ებრძოდნენ ფონად გადაშლილ კოლოსეუმში. პერი უკვე ამთავრებს საუბარს: „ანუ, გამოდის, არ იცოდნენ, რას ებრძოდნენ“, – ეკითხება იგი თანამგზავრს. გიდი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. პერის შენიღბვით მოტყუებული ქუჩის ვაჭარი ცდილობს, მას „სელფის“ გადასაღები ჯოხი მიჰყიდოს.

„ეს უკვე გავლილი მაქვს, – მხიარულად ამბობს პერი, – წავიდეთ, კიდევ რა გვაქვს სანახავი?“

გასაგები და მისატევებელია, რატომ არ სურს პერის შეყოვნება. მასზე ხშირად პუბლიკით სავსე მოედანი ვის უნახავს ბოლო დროს. მისი „პრიზმული მსოფლიო გასტროლები“ წელიწად-ნახევარი გრძელდებოდა, ამერიკული ფეხბურთის სუპერთასის თამაშზე, ტაიმებს შორის შესვენებაზეც კი იმღერა. ამ დროს, მხოლოდ ტელევიზორით, იგი ერთდროულად 118.5 მილიონმა ადამიანმა ნახა. გასტროლები შემოდგომას დასრულდება ცენტრალურ ამერიკაში, რიოში, 100 ათასი ადამიანის თვალწინ.

გასტროლებით აიხსნება პერის $135-მილიონიანი შემოსავალი უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში. ამ მაჩვენებლით იგი „ვარსკვლავური 100“-ის რეიტინგში მესამე ადგილზე გავიდა. პერი მხოლოდ მოკრივეებს, ფლოიდ მეივეზერსა და მანი პაკიაოს ჩამორჩა, რომლებმაც ერთ საღამოში მეტი გამოიმუშავეს ორთაბრძოლით, ვიდრე ერთად აღებულმა ტეილორ სვიფტმა, რიანამ და მაილი საირუსმა. მაგრამ კოლეგა დივებისგან განსხვავებით, პერის საკუთარი ფინანსური წარმატების არ ერიდება. „მე ვამაყობ ჩემი საუფროსო პოზიციით, იმ პერსონის პოზიციით, რომელიც კომპანიას მართავს, – ამბობს იგი, – მე ანტრეპრენიორი ვარ… არ მინდა ამის გამო უხერხულად ვიგრძნო თავი. პირიქით, მინდა, საქმეს კვერცხებში ჩავავლო ხელი“.

ეს ნიშნავს გლობალურ წინსვლას. იმ 124 შოუდან, რომელიც მან ივნისიდან ივნისამდე ჩაატარა, 75 უცხოეთში იყო, 27 სხვადასხვა ქვეყანაში, 4 სხვადასხვა კონტინენტზე. მისი ჰიტები დიდი აუდიტორიის გემოვნებას ერგება და უნივერსალურად მიმზიდველია. ნაკლებად ფოკუსირებულია სინაზეზე და მეტად დროსტარებაზე („Last Friday Night“), სიყვარულზე („The One That Got Away“) და დღესასწაულებზე („Birthday“). მისი ნათელი და ცოცხალი მუსიკალური კლიპებიც პოპულარულია: „Dark Horse“ და „Roar“ ყველა დროის მესამე და მეოთხე ყველაზე ყურებადი Youtube-ვიდეოებია, რომლებიც ჯამში 2 მილიარდამდე ნახვას აგროვებენ მსოფლიო მასშტაბით.

როდესაც პერი გასტროლებზე მიდის, მისი აუდიტორია წინასწარ მომზადებულია. მან გამოიმუშავა $20 დოლარი თითოეული დამსწრისაგან ღამეში, თავისი ბრენდირებული საქონლის გაყიდვით. ეს ოთხჯერ მეტია, ვიდრე ინდუსტრიის საშუალო. მისი შემოსავლის 60% საზღვარგარეთიდან მოდის.

„მას აქვს დიდი აუდიტორიის დაფარვის ნიჭი. მისი თემები სხვადასხვა კულტურის, რასისა და სქესის ადამიანისთვისაა გასაგები, – ამბობს ჩაკ ლიველი, – Rolling Stones-ის კლავიშიანი ინსტრუმენტების ვირტუოზი. – მუსიკა კარგად აჯდება სიტყვებს, მოტივები ადვილად დასამახსოვრებელია. ის ნამდვილად გლობალური არტისტია“.

მისი წარმატება კიდევ უფრო შთამბეჭდავია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამ ინდუსტრიაში ალბომის გაყიდვები 785 მილიონიდან – 257-მილიონამდე დაეცა ბოლო 15 წლის განმავლობაში. Spotify-ის შესახებ ბუზღუნის ნაცვლად, როგორც ამას მისი ბევრი კოლეგა აკეთებს, იგი უბრალოდ მოერგო ახალ დროს. „მუსიკა შეიცვალა, – მხრებს იჩეჩს იგი, – ჩანაწერები სხვა უამრავი კრეატიული განშტოებების უმნიშვნელო ფონია“.

პერი გზას დაადგა. Ibisworld-ის ანგარიშის თანახმად, ცოცხალი შესრულებიდან მიღებული შემოსავლები წელიწადში 4.7%-ით იზრდებოდა ბოლოხუთი წლის განმავლობაში და მხოლოდ აშშ-ში უკვე $25-მილიარდიანი ბიზნესია. საერთაშორისო სტატისტიკის მოძიება ძნელია, მაგრამ „ვარსკვლავური 100“-ის რეიტინგის 38 მუსიკოსიდან 10 ამბობს, რომ მინიმუმ 12 ქვეყანაში ყოფილა შოუთი, ბოლო წლის განმავლობაში.

ახლა წყლები უფრო მშვიდია. ბირჟაზე არსებულმა Live Nation-მა და მილიარდერის AEG-მა უფრო პროფესიონალური გახადა ბაზარი, რომელიც ადრე ლოკალურ ოპერატორებს ეკავათ. ძველი სურათი სავალალო იყო. ამერიკელი შემსრულებლები ხშირად წინასწარ ითხოვდნენ ფულს, რადგან ისინი, შეიძლება, უბრალოდ გადაეგდოთ. ახლა იმაზე მეტი ტერიტორიაა, ვიდრე ოდესმე: ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ პოპის მოყვარული აღმოსავლეთ ევროპა გაიხსნა და მთელი კონტინენტი NBA-ის სტილის თანამედროვე არენებმა წალეკა. მოგვიანებით აზიისა და სამხრეთ ამერიკის ფანებიც ოდნავ გამდიდრდნენ. მათ უკვე შეეძლოთ დასავლური სტილის ფასი გადაეხადათ ბილეთში, მაღალბიუჯეტიანი პროექტის ჩასატარებლად. „აეროსმიტის კონცერტი პარაგვაიში, – ამბობს გარი ბონჯოვანი, ტურების შესახებ მონაცემების შემგროვებელი კომპანიის, Pollstar-ის უფროსი. – ამგვარი რამ რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა“.

პერის პირველად რამდენიმე დღის წინ შევხვდი, ჩვენს „რომაულ არდადეგებამდე“ და მაშინვე ბატერზს შევეჩეხე, მის შოკოლადისფერ კავალერ პუდელს, რომელიც პერის მენეჯერების ლოსაჯელესურ ოფისში ისე დარბის, თითქოს ეს მისი კერძო ბუნაგი იყოს.

პერის საქმეებს ტრიუმვირატი წარმართავს: ინგლისელი მარტინ კირკაპი, რომელიც მარკეტინგზეა ფოკუსირებული; სამხრეთელი ბრედფორდ კობი, რომელიც მუსიკასთან დაკავშირებულ საკითხებს განაგებს; და ინდუსტრიის ვეტერანი სტივ იენსენი, რომელიც ტურებზეა კონცენტრირებული. მისაღების მაგიდის თავზე ლურჯ-ყვითლად შეღებილი ამერიკული ფეხბურთის ჩაფხუტი კიდია. კორიდორში შაკილ ო’ნილისხელა სერფინგის დაფას შეხვდებით, რომელსაც აწერია „კეტი პერი, თინეიჯერთა არჩევანი 2010 წელს“.

10 წუთის შემდეგ იგი კობთან და იენსენთან ერთად ჩნდება, ადიდასის სპორტულებში და უკან გადაწეული თმით. ეს მისი საშინაო უნიფორმაა. აღმოაჩინა, რომ პაპარაცები ნაკლებად ინტერესდებიან მისით, თუ ყოველდღე ერთი და იგივე აცვია, რადგან ამ შემთხვევაში ფოტოები ნაკლებ ინტერესს იწვევს და, შესაბამისად, ნაკლებ ფასად იყიდება.

„კარგად ჩაცმულ კეტი პერიდ ყოფნა მაშინ მიყვარს, როდესაც ეს სიტუაციას წაადგება, ან როდესაც რამეს რეკლამას ვუკეთებ, – მიხსნის იგი და საკონფერენციო ოთახში ნახევრად მრგვალ თეთრ სავარძელზე ჯდება. – ბიზნესის მხრივ მე კეტრინ ჰადსონი ვარ“.

ჰადსონი მისი ნამდვილი სახელია. სანტა-ბარბარაში, კალიფორნიაში დაბადებულმა პერიმ დედის გვარი აიღო, რათა თავიდან აეცილებინა ასოციაცია მსახიობ კეიტ ჰადსონთან. მისი მშობლები პროტესტანტი ღვთისმსახურები არიან, რომლებიც მუდმივად იცვლიდნენ საცხოვრებელს, სხვადასხვა ტაძარში ქადაგების გამო. ფული ცოტა ჰქონდათ. პერის ისიც შეუძლია გაიხსენოს, როგორ გამოიკვებნენ ერთხელ მოწყალების სახლში. მშობლები რელიგიურად იმდენად მგრძნობიარენი არიან, რომ სახლში „ბოროტების ძალის“ ხსენება აკრძალული იყო. ეს ნიშნავს, რომ ვერც Lucky Charms-ის ფაფას მიირთმევდნენ, რადგან „Charms“ ჯადოდ შეიძლება იყოს გაგებული. დღეს ისინი მხარს უჭერენ ქალიშვილის კარიერას, მიუხედავად იმისა, რომ არ მოსწონთ მისი სიმღერები, თუ პროვოკაციულობა.

„ხან მეთანხმებიან, ხანაც არა“, – ამბობს პერი.

სიმღერა ცხრა წლისამ დაიწყო, გიტარა კი ოთხი წლის შემდეგ აიღო ხელში. მალე სიმღერებს წერდა და დღეში 20 დოლარს გამოიმუშავებდა ადგილობრივი ფერმერების ბაზარზე; მისი მშობლების ეკლესიის მრევლის წევრმა, რომელსაც ქრისტიანული მუსიკის ლეიბლთან ჰქონდა კონტაქტი, ახალგაზრდა პერი შენიშნა. 2001 წელს პერიმ, კეტი ჰადსონის სახელით, სადებიუტო ქრისტიანული როკ-ალბომი გამოსცა. მალე ლეიბლი გაკოტრდა, მის „რწმენაზე დამყარებულ“ კარიერასთან ერთან. („რწმენა არ გიმტყუნებს“, ასე ერქვა ერთ-ერთ სიმღერას).

ერთ წელიწადში, ნაკლებად ღვთისმოშიშ, მაგრამ ისევ თინეიჯერ პერის გაუმართლა: იგი პროდიუსერ გლენ ბალარდს შეხვდა, რომელიც მაიკლ ჯეკსონის „Man in the Mirror-ის“, თანაავტორი იყო და რომელმაც ალანის მორისეტი აღმოაჩინა. პერის მამამ იგი ბალარდის ლოსანჯელესურ სახლში ჩაიყვანა და მანქანაში ელოდა, სანამ პერი გიტარაზე საკუთარ სიმღერას ასრულებდა. „მე შენ მას შემდეგ გეძებდი, რაც ალანისი ვიპოვე“, – იხსენებს ბალარდის სიტყვებს პერი. ბალარდი ამატებს: „როგორც ბევრი დიდი არტისტის შემთხვევაში ხდება ხოლმე, je ne sais quoi-ის [ფრანგ. „არ ვიცი, რა“] მომენტი იყო, რაღაც მიუწვდომელი ამოვიცანი.

ბალარდმა მას საკუთარ ბუტიკ-ლეიბლთან გაუფორმა კონტრაქტი და თვეში $1000-იანი სტიპენდია დაუნიშნა, რათა პერი ლოს-ანჯელესში გადმობარგებულიყო; მშობლები იმ შემთხვევაში დათანხმდნენ, თუ ლათინური გოსპელის შემსრულებლებთან ერთად იცხოვრებდა, რომლებსაც იცნობდნენ. მან ბალარდთან ერთად სიმღერების წერა დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ მან პერი პარიზში, ტოკიოსა და ჰონკონგში წაიყვანა, მოდის შოუების მუსიკალურად გასაფორმებლად. „სულ უფრო უკეთეს რეაქციებს ვიღებდით საზღვარგარეთ“, – ამბობს ბალარდი.

ლოს-ანჯელესში დაბრუნებული პერი თავს ეკონომიურ მაღაზიებში ტანსაცმლის ყიდვა-გაყიდვით ირჩენდა და Hotel Café-ის მსგავს პატარა კლუბებში ივითარებდა უნარებს. იქ ჩატარებულმა ერთ-ერთმა კონცერტმა მას კობი გააცნო, რომელმაც იგი ოფისში წაიყვანა და საკუთარ პარტნიორებს წარუდგინა. პერიმ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ სამეულმა მაშინვე გადაწყვიტა, მისი მენეჯერები გამხდარიყვნენ. „მოვიდა ჩემს მაგიდასთან, ხელები ცისკენ აღაპყრო და წამოიძახა, ‘გამარჯობა, მე კეტი ვარ!’“

მაგრამ მათი მცდელობა, უეცრად დაექოქათ კარიერა, უშედეგო გამოდგა. პერის კვლავ უჭირდა ფინანსურად და ხშირად გამოჰქონდა ბანკიდან კრედიტი; მისი Volkswagen Jetta-ც ბანკმა წაიღო და მენეჯერებს ქირის გადასახდელად ავანსების მიცემა მოუწიათ.

საბოლოოდ, 2007 წელს, კეტის Capitol Records-მა კონტრაქტი გაუფორმა. მიუხედავად გამოუცდელობისა და სასოწარკვეთილებისა, მან კარგი ბიზნესალღო გამოავლინა – მენეჯერების წახალისებით, მან დაჟინებით მოითხოვა, კონტრაქტში აღნიშნულიყო, რომ ვალდებულებები მხოლოდ მუსიკალური ალბომების გამო ეკისრება, ტურებიდან და ვაჭრობით მიღებული შემოსავალი კი მთლიანად მას რჩება. აგრეთვე უარი თქვა ექვსციფრიან ავანსზე, საკუთარ მუსიკაზე საავტორო უფლებების შენახვის სანაცვლოდ, იმ იმედით, რომ წინ უკეთესი გარიგება ელოდა. 2009 წელს მისმა სტრატეგიამ გაამართლა, როდესაც სიმღერა „I Kissed a Girl“ ჩარტების სათავეში მოექცა.

„იმ წელს ადამიანები ბევრს საუბრობდნენ ბისექსუალობაზე და თუ როგორი შეფარდებითია სექსუალობა, – ამბობს პერი პირველ სიმღერაზე, რომლებსაც მშობლები ნამდვილად არ მოუწონებდნენ. –მე ავიღე ეს საუბრები და ვაქციე სიმღერად. ვიცოდი, რომ „ოჰ-აჰ“ ფაქტორიც იმოქმედებდა. ვიცოდი, რომ ბევრ კარს გავხსნიდი ასეთი დებიუტით, მაგრამ უფლებას არ მივცემდი ამ სიმღერას, მთელი ჩემი კარიერა განესაზღვრა“.

სხვა ტოპ-10 სინგლი მისი პირველი ალბომიდან შეიცავდა „Walking Up in Vegas“-სა და „Hot N Cold“-ს. 2010 წელს პერიმ ალბომი Teenage Dream-ი გამოსცა. მხოლოდ აშშ-ში ამ ალბომის 6 მილიონი ასლი გაიყიდა. ამას მოჰყვა ხუთი სინგლის მოქცევა ჩარტების პირველ ადგილზე. ასეთი რამ მანამდე მხოლოდ მაიკლ ჯეკსონმა მოახერხა.

პერის სიმღერების დიდმა ნაწილმა პოპულარობის მოპოვება დაახლოებით მაშინვე დაიწყო, როდესაც მისი შემდეგი ტური იქოქებოდა. მან ლოს-ანჯელესში 7,000-იან Nokia Theater-ში იმღერა, რის შემდეგაც ჯერ ევროპაში, ბოლოს კი ავსტრალიაში გაემგზავრა. გზადაგზა კეტი ერთგულ ფანებს უფრო მყუდრო ადგილებში გამოსვლებითაც აგროვებდა. შემდეგ იყო ლოს-ანჯელესში დაბრუნება, კონცერტი ამჯერად უკვე 18,000-ადგილიან Staples Center-ში და საკუთარი ტურნეს გამოცდილების გაზიარება 2012 წლის დოკუმენტურ ფილმ Part of Me-ში, რომელმაც დიდ ეკრანზე პრომოვიდეოს როლი შეასრულა და მოგებაც მოიტანა ($33-მილიონიანი შემოსავალი, $6-მილიონიანი ბიუჯეტის პირობებში).

პარალელურად, პერიმ ყველა სახის სარეკლამო შემოთავაზებების მიღებაც დაიწყო. ის რამდენიმე შვიდციფრიან გარიგებას დათანხმდა, მხოლოდ იმ კომპანიებთან, რომლების პროდუქციასაც რეალურად იყენებდა: Proactiv-თან, CoverGirl-სა და Adidas-თან. კეტიმ Coty-სთან ერთად ორი სუნამოც გამოუშვა: Killer Queen-ი და Royal Revolution-ი (მისი შემდეგი, Mad Potion-ი, წელს გამოჩნდება გაყიდვაში). მან ეშტონ კატჩერსაც მიბაძა და ზოგიერთი ბრენდის (მაგალითად, Popchips-ის) რეკლამირებისთვის ფიქსირებული ჰონორარის ნაცვლად თანამფლობელობა მოითხოვა. „ერთი რამ, რაც შევძელი, არის აქციონერული გარიგებების ძალის გააზრება, – ამბობს კეტი. – მე არ მიყვარს ისეთი რაღაცების კეთება, რისი თანამონაწილეც რეალურად არ ვარ“.

ამ გრძელვადიან მიდგომას უკვე მოაქვს შედეგები, განსაკუთრებით – ტურნეების დროს. პერი შარშან ნოემბერში დაბრუნდა ავსტრალიაში და 23 შოუდან $40 მილიონი მოაგროვა, რის შემდეგაც ლაივების კიდევ ერთ წამყვან ბაზარს, ჩინეთს ეწვია და იქ ხუთი კონცერტი დაამატა. „ადამიანები აფასებენ მათთან ჩამოსვლას… მათ ესმით, ეს რამდენად რთულია“, ამბობს პერი. მართლაც: ჩინეთში ის ეროვნულმა ორკესტრმა მოიწვია, Roar-ის ტრადიციულ ინსტრუმენტებზე შესრულებისთვის; ეს შესრულება სახელმწიფო არხ CCTV-ზე გადაიცა, რომელსაც მილიარდზე მეტი მაყურებელი ჰყავს.

ბევრი მუსიკოსისთვის აქტიური საერთაშორისო ტურნეები მხოლოდ ლოჯისტიკური ტვირთია. პერი, რომელმაც ფორმალური განათლება 15 წლისამ, ზოგადი განათლების ტესტების ჩაბარებით დაასრულა, ცდილობს მოგზაურობები ცოდნის წყაროდაც აქციოს და არ ამბობს უარს შანსებზე: იქნება ეს კოლოსეუმის ნახვა რომში, ბრიტანეთის მუზეუმის — ლონდონში, თუ რენესანსის მხატვრობის — ფლორენციაში. „მე არ ვარ იმათნაირი, ვინც სასტუმროს ოთახში იკეტება“, – ამბობს პერი. კობიც ამ აზრისაა: „მას უნდა სწავლა. და მას არ ერიდება შეკითხვების დასმა, თუნდაც ვინმეს სულელურად მოეჩვენოს“.

შინაგანი დისკომფორტი, რომელსაც გიქმნის ფორმალური განათლების დონის შეუსაბამობა გონებრივ მონაცემებთან, შესაძლოა ძლიერი მოტივატორიც გახდეს. იქნებ ამიტომაც ის პირადად ესწრება ბიზნესშეხვედრებს და პროფესიონალურ დეტალებს ეცნობა, რომლებში გარკვევასაც ვარსკვლავების უმრავლესობა სხვას გადააბარებდა. ამიტომაც, მთელი მისი მიმზიდველობის, წარმატებისა და სექსსიმბოლური აურის მიუხედავად, იგრძნობთ, რომ მისთვის ნამდვილი პატივია, როდესაც ბიზნესზე ელაპარაკებიან. „თქვენ მე საინტერესო მიწოდეთ“, – მისი ხმის სირბილემ შეიძლება გაფიქრებინოს, რომ უდიდესი კომპლიმენტი ვუთხარი, რაც ოდესმე მიუღია.

ამერიკელების დიდმა ნაწილმა პირდაპირი მნიშვნელობით იხილა მომენტი, როდესაც კეტი პერი მეგავარსკვლავობამდე აღზევდა: წელს, პირველ თებერვალს, როდესაც ის ფენიქსის უნივერსიტეტის სტადიონზე აუდიოანიმატრონული ლომით შევიდა, 12-წუთიანი, ოთხკოსტიუმიანი გამოსვლისთვის. ამ გამოსვლას არანაკლები რეზონანსი მოჰყვა, ვიდრე თვითონ სუპერთასის მატჩს, რომელზეც ეს ხდებოდა. ზვიგენის კოსტიუმში ჩაცმული ერთ-ერთი მოცეკვავის გაპრანჭულმა მოძრაობებმაც კი წარმოშვა ინტერნეტ-მემი — „Left Shark“ (მარცხენა ზვიგენი).

ალბათ ყველაზე მოულოდნელი ამ შოუსა და მის შედეგებში ისაა, რომ პერის არაფერი კონკრეტული არ ჰქონდა გასაყიდი (თუმცა მან სცადა Left Shark-ის სავაჭრო ნიშნად ქცევა). ბოლოდროინდელი სუპერთასის შესვენებების სხვა გამოსვლებისგან განსხვავებით, არ იყო არც ახალი ალბომი, არც ახალი კონცერტების სერია აშშ-ში. მას უკვე დასრულებული ჰქონდა ტურნეს ჩრდილოამერიკული ნაწილი და საზღვარგარეთაც კონცერტების უმრავლესობა სრულად იყო გაყიდული.

ის, რაც იყო და პერიმ თავიდანვე დაინახა, ბრენდინგის პოტენციალი გახლდათ. იენსენის თქმით, ამ გამოსვლით „დიდი ვარსკვლავობიდან სტრატოსფეროში გადავიდა“. ის ჰყვება, რომ სუპერთასის შემდეგ პერის გუნდი კვირაში ორ სამ დიდ შემოთავაზებას იღებს, სარეკლამოდან, ბიზნესის წამოწყებისა და კინოროლების იდეებამდე — ანუ თითქმის ორჯერ მეტს, ვიდრე შარშან. ის კვლავაც უარს ამბობს წინადადებების უმეტესობაზე, მაგრამ დროდადრო რომელიმე მოხიბლავს და ახალ გარიგებაში ჩაფლობას გადაწყვეტს. ამ შემოდგომაზე Glu-სთან თანამშრომლობის პროდუქტი, კეტი პერის მობილური აპლიკაცია გამოჩნდება (მსგავსი თამაში ადრე შეიქმნა კიმ კარდაშიანისთვის და ძალიან წარმატებულიც გამოდგა). სანაცვლოდ ის მიიღებს შვიდციფრიან ჰონორარს წინასწარ და წილს შემდგომი მოგებიდან. კეტი ასევე ტანსაცმლის ბრენდ Moschino-ს ახალი ხაზის სახე გახდა და ტაილანდში Toyota-ს რეკლამის გადაღებაში მიიღო მონაწილეობა.

სტრატოსფეროში ყოფნას სხვა პატარა ხიბლებიც აქვს. „მე აღარ მაქვს შეგრძნება, რომ ჩემი კარიერა არის ბომბი საათის მექანიზმით, – ამბობს პერი. – აღარ მჭირდება შოუბიზნესის სკალაზე ტემპერატურის მუდმივად აწევა. მე დავიმკვიდრე ჩემი ადგილი“.

ეს ნიშნავს, რომ პერის, რომელიც თინეიჯერობიდან მოყოლებული მუდმივად იბრძოდა, შეუძლია „ერთი წუთით პარკირება“. სანამ ტურნე დასასრულს უახლოვდება, ის უკვე გეგმავს დასვენების პერიოდს, რომ „იცხოვროს ნამდვილი ცხოვრებით და ჰქონდეს გამოცდილებები, რომლებიც მისი მუსიკისთვის შთაგონებად გამოდგება“. და, როგორც შეეფერება ქალს, რომელიც ხმის მიცემის ასაკის მიღწევამდე ჩრდილოეთ ამერიკას არ გასცდენია, დასვენება მოიცავს მოგზაურობას პერუსა (სადაც მაჩუ-პიქჩუს ნახვა სურს) და კუბაში – ისეთ ადგილებში, რომლებიც ვარსკვლავურ 100-ში ადგილის წლობით შენარჩუნებაში უნდა დაეხმაროს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *