შესაძლოა, აშშ-ის 2020 წლისსაპრეზიდენტო არჩევნებზე მსჯელობა ნაადრევად მოგეჩვენოთ, მაგრამ მერწმუნეთ, აშშ-ში, და არა მხოლოდ, უკვე აქტიურად მიდის ძალიან სერიოზული განხილვები, გარჩევები, თუ ვინ გახდება აშშ- ის 46-ე პრეზიდენტი. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ წინმსწრებად ფიქრის, ანალიზისა და, შესაბამისად, სტრატეგიების აწყობის მიზეზი და მთავარი “დამნაშავე” ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. წინასაპრეზიდენტო კამპანიიდან დაწყებული, ფიცის დადებიდან მოყოლებული დღემდე, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა ნამდვილად მოახერხა, რომ სამყარო მის და მისი ტვიტების ირგვლივ ტრიალებს. მან რეალურად შეცვალა სამყარო. ბევრი ძალიან გამოცდილი და ღირსეული ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ უარესობისკენ შეცვალა. თითქოს გაქრა სტაბილურობის, გრძელვადიანი შეთანხმებებისა და, რაც მთავარია, ისტორიულ სამოკავშირეო ურთიერთობებში სიმყარის შეგრძნება. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ გავიდა პარიზის კლიმატური ცვლილების შეთანხმებიდან, აგრეთვე რუსეთთან/ სსრკ- თან 1987 წელს დადებული ბირთვული შეთანხმებიდან და, რაც ყველაზე აქტუალურია, კარის გაჯახუნებით დატოვა ირანთან 2015 წელს ხელმოწერილი მრავალმხრივი ბირთვული შეთანხმება. კარის გაჯახუნებაში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ მაქსიმალური წნეხის რეჟიმს, რომელიც უმკაცრესი ეკონომიკური სანქციების დაწესებას განაპირობებს. მისი ხელი დაეტყო ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებსაც. აშშ-ის პრეზიდენტის პრინციპულობის შედეგია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა მისი სიხისტის “წყალობით” ურთიერთობები ტრადიციულ ევროპელ მოკავშირეებთან, რბილად რომ ვთქვათ, საგრძნობლად გაგრილდა. ასევე გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპმა თავდაყირა დააყენა ორმხრივი და მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობები. ჩინეთთან წარმოებული სატარიფო ომების ხსენებაც კი საკმარისია, რომ გავიგოთ, თუ რატომ ღელავს მსოფლიო სამომავლო ეკონომიკური განვითარების ტემპებზე.
ამ ყველაფრის წამკითხავ ადამიანს შეიძლება კიდეც გაუჩნდეს განცდა, რომ თუკი რამე უბედურება ხდება ამქვეყნად, ყველაფერში დამნაშავე აშშ- ის 45-ე პრეზიდენტია. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. პირველ რიგში, ასე არ არის ამერიკის შეერთებული შტატების მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევით გახდნენ შემსწრე ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში სარეკორდოდ დაბალი უმუშევრობის დონისა და შესაშური ტემპებით მზარდი ეკონომიკის და ამიტომაც აქტიურად უჭერენ მას მხარს. მართალია, სავაჭრო ურთიერთობები თუ არ მოწესრიგდა და ამერიკულ პროდუქციაზე საპასუხო ტარიფები იქნება დაწესებული, ეს გარემოება აუცილებლად იქონიებს ზეგავლენას სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ზრდის ტემპებზე, მაგრამ ჯერჯერობით დონალდ ტრამპის მიმართ მხარდაჭერა მყარი და სოლიდურია.
არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ხისტი დამოკიდებულება მიგრაციის პრობლემისადმი, მისი დაუღალავი სწრაფვა და ბრძოლა მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენების მიზნით, ისევე როგორც მისი მძაფრი გამონათქვამები როგორც ამერიკელი პოლიტიკოსების, ისე უცხო ქვეყნებისა და მათი ლიდერების მისამართით (მის მიერ გამოთქმული პოზიტიური შეფასებები დიქტატორული და ავტოკრატიული რეჟიმების ლიდერებისა ხომ ცალკე თემაა). ვერავინ შემოგვედავება, თუ ვიტყვით, რომ აშკარად არაორდინარულ, არატიპურ და გარკვეულწილად არაპროგნოზირებად ლიდერთან გვაქვს საქმე. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მისმა განსხვავებულობამ დანარჩენ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან მიმართებით, მისმა პირდაპირობამ გამონათქვამებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში ანუ პიარ-ში დაწესებულმა მკვეთრად გამოხატულმა ინდივიდუალიზმმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის გამარჯვებაში 2016 წელს. ეს ფაქტორები ცენტრალური იქნება 2020 წლის კამპანიაშიც. ასე რომ მიღწევები ეკონომიკაში, მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრება და მილიონობით ამერიკელისთვის მისაღები რიტორიკა (იავნანასავით რომ ჩაესმით, ისეთი) ნამდვილად იქნება მთავარი იარაღები დონალდ ტრამპის კამპანიაში.
რას დაუპირისპირებს მას 25 დემოკრატი, რომელთა შორის არიან ჩემთვის პირადად და საერთაშორისო თანამეგობრობაში უაღრესად პატივსაცემი აშშ- ის ყოფილი ვიცე- პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ახალგაზრდებში პოპულარული, გამოკვეთილი მემარცხენე ბერნი სანდერსი, ენერგიული და მზარდი პოპულარობის მქონე ქალბატონები ელ