ტრამპმა ალკატრასის ციხის თავიდან გახსნის ბრძანება გასცა

ტრამპმა ალკატრასის ციხის თავიდან გახსნის ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, ის მიმართავს სასჯელაღსრულების დაწესებულებების ფედერალურ ბიუროს, რათა თავიდან აშენდეს და აღდგეს სან-ფრანცისკოს ყურეში მდებარე ალკატრასის ციხე.

„აღდგეს და გაიხსნას ალკატრასი“ – წერს დონალდ ტრამპი საკუთარი სოციალურ ქსელ Truth-ზე – „წარსულში, როდესაც უფრო სერიოზული სახელმწიფო ვიყავით, თავს არ ვიკავებდით, ყველაზე საშიში კრიმინალები ციხეში გამოგვეკეტა და ისინი შორს ყოფილიყვნენ, რათა ზიანი არავისთვის მიეყენებინათ“.

შეგახსენებთ, 1963 წელს ციხის დახურვამდე, ალკატრასში განსაკუთრებით საშიში კრიმინალები იყვნენ მოთავსებული, მათ შორის ამერიკული მაფიის ავტორიტეტი ალ კაპონე. მას შემდეგ ალკატრასის ციხე სან-ფრანცისკოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ობიექტია.

„დღეს, მე მივმართავ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ფედერალურ ბიუროს, იუსტიციის დეპარტამენტს, გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს, რომ აღდგეს და გაიხსნას ალკატრასი“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, ალკატრასი აშშ-ის ყველაზე დაცულ ციხედ მიიჩნეოდა. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ციხე კუნძულზე მდებარეობს, მის ირგვლივ კი ძლიერი დინება და მუდმივი ტალღებია. ოფიციალურად ციხიდან წარმატებით არავინ გაქცეულა, თუმცა ხუთი ადამიანი „გაუჩინარებულად და დახრჩობილად“ არის მიჩნეული.

აშშ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, ალკატრასის დახურვის ოფიციალური მიზეზი მისი ოპერირების მაღალი ხარჯები იყო. მისი შენახვა შესაბამის სამსახურს სხვა ფედერალურ ციხეებთან შედარებით სამჯერ მეტი უჯდებოდა.