დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდია განათავსა

დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდია განათავსა

დონალდ ტრამპმა ქვეყნის დედაქალაქში ეროვნული გვარდიის 800 სამხედრო მოსამსახურე განათავსა და დროებით ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის მართვა სამხედროებს გადააბარა. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ქალაქის არჩეულ ლიდერებთან შეთანხმების გარეშე მიიღო.

დონალდ ტრამპის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანი უკანონობის ტალღისგან ვაშინგტონის გადარჩენაა. „ჩვენი დედაქალაქი ძალადობრივმა ბანდებმა და სისხლისმსმელმა კრიმინალებმა ჩაიგდეს ხელში“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტად ტრამპის მეორედ არჩევის შემდეგ, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მან დემოკრატების მიერ მართულ ქალაქში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები განათავსა. ცნობისთვის, ივნისში კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომის ნებართვის გარეშე ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის განთავსების კანონიერებაზე სან-ფრანცისკოს ფედერალურმა სასამართლომ მოსმენები ორშაბათს დაიწყო.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება შესაძლოა დემოკრატების მიერ მართული სხვა დიდი ქალაქებისთვისაც მიიღონ. „თუ დაგვჭირდება, იმავეს ჩიკაგოშიც გავაკეთებთ“, – აღნიშნა მან. ჩიკაგო კრიმინალის მაღალი მაჩვენებლით გამორჩეული ქალაქია.

აშშ-ის არმიის განცხადებით, ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის მოსამსახურეები ისეთ დავალებებს შეასრულებენ, როგორებიცაა ადმინისტრაციული და ლოგისტიკური ოპერაციები და სამართალდამცავი უწყებების ფიზიკური მხარდაჭერა. არმიის განმარტებით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში აღნიშნულ დავალებებს 200-მდე სამხედრო შეასრულებს.

ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა დედაქალაქის დემოკრატი მერი მურიელ ბოუსერი, რომელმაც განაცხადა, რომ ქალაქში კრიმინალის მაჩვენებელი გასულ წელს სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. აშშ-ის ფედერალური მონაცემების თანახმად, 2023 წელს ვაშინგტონში ძალადობრივი დანაშაულის რიცხვი მაქსიმუმამდე გაიზარდა და აშშ-ის დედაქალაქი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ ქალაქად იქცა. თუმცა 2024 წელს აღნიშნული ტიპის დანაშაულის რიცხვი 35%-ით შემცირდა. ქალაქის პოლიციის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი კიდევ 26%-ით შემცირდა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.